Thumbnail

'ყოველი დღე ამ იმედით თენდებოდა' - მამია გავაშელიშვილი მოედანს უბრუნდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისის ლოკომოტივის 24 წლის თავდამსხმელმა მძიმე სენი დაამარცხა
  • მამია გავაშელიშვილი სრული დატვირთვით იანვრიდან ივარჯიშებს

თბილისის ლოკომოტივის საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 25 ოქტომბერი განსაკუთრებული დღეა: 9-თვიანი პაუზის შემდეგ, გუნდს მამია გავაშელიშვილი დაუბრუნდა. 24 წლის თავდამსხმელი 9 თვის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს და საბედნიეროდ, ეს ბრძოლა მისი გამარჯვებით დამთავრდა!

მამია გავაშელიშვილი სრულად გამოჯანმრთელდა და გუნდს შეუერთდა. ხვალიდან ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს, სულ მალე კი სრულად დაიტვირთება. საგურამოს ბაზაზე მამიამ ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა და ემოციური კომენტარი გააკეთა.

მამია გავაშელიშვილი (თბილისის ლოკომოტივი)

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი გუნდში, ყველაფერი ცუდი კი უკან დავტოვე. ხვალიდან სარეაბილიტაციო პროცესს დავიწყებ და იანვრიდან უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვივარჯიშებ. ლოკომოტივს კარგი პერიოდი აქვს, გუნდი თასის ფინალშია.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მთელი ამ 9 თვის განმავლობაში გვერდში მედგა. პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნით ჩემი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ნათესავებს. ჩემს მეუღლეს, რომელმაც ჩემთან ერთად გაიარა ეს მძიმე გზა. განსაკუთრებული მადლობა ლოკომოტივის თითოეულ წევრს და პრეზიდენტ ლექსო თოფურიას, რომელიც ყველანაირად დამიდგა გვერდით და დღემდე ასე გრძელდება. აქვე, მინდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის.

მძიმე თვეები გავიარე და მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: მინდა, ძალიან ბევრი წელი ვიცხოვრო ჩემ ოჯახთან ერთად და ასევე, მინდოდა დავბრუნებულიყავი ფეხბურთში. ყოველი დღე ამ იმედით თენდებოდა და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. მინდა, მივმართო მათ, ვისაც ეს დაავადება აქვს, რომ იყვნენ ძლიერები, არასდროს დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლონ, რადგან ამ სენის დამარცხება შესაძლებელია”. 

მამია გავაშელიშვილი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2012-2013 წლების სეზონში გამოჩნდა და მაშინ, ქუთაისის ტორპედოს ღირსებას იცავდა. 2015 წელს თბილისის ლოკომოტივში გადავიდა და მას შემდეგ, ამ გუნდის წევრია.

კომენტარები

ბოლო ამბები