Thumbnail

რევაზ ჭანტურია: ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს

  • საქართველოს ხელბურთის ნაკრები სკოპიეში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
  • გუნდი მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022 საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის ემზადება

ხელბურთის ეროვნული ნაკრები 25 და 26 ოქტომბერს, სკოპიეში, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს მაკედონიის ეროვნულ გუნდთან. ამ ქვეყნის სახელბურთო ვებ-გვერდმა, ‘24 რაკომეტმა’ გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ნაკრებისა და სკოპიეს მეტალურგის ხელბურთელ რევაზ ჭანტურიასთან.

🤾‍♂ ხელბურთი. ამხანაგური მატჩები. სკოპიე, ბორის ტრაიკოვსკის არენა
📌 25 ოქტომბერი, 22:00. მაკედონია - საქართველო
📌 26 ოქტომბერი, 18:00. მაკედონია - საქართველო

ჭანტურია 2004 წლიდან მაკედონიაში ცხოვრობს, თამაშობს და იქვე დაოჯახდა. სკოპიეს მეტალურგში ორი სეზონი უთამაშია ჩემპიონთა ლიგაში და 21 გოლიც გაუტანია მთავარ ევროპულ საკლუბო შეჯიბრებაში. მეტალურგის გარდა თამაშობდა ვარდარში, პელისტერში, სტრუმიცასა და სტრუგაში.

საქართველოს ნაკრები ემზადება მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022 საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის, რომლებიც 2020 წლის იანვარში გაიმართება. ამავე თვეში, მაკედონიას ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი უწევს, 21-27 ოქტომბერს  კი სანაკრებო კვირაა და ყველა ქვეყნის ეროვნული ნაკრები თამაშობს ამხანაგურ მატჩებს.

საქართველოს ნაკრები ორშაბათიდან სკოპიეშია და დღეში ორჯერ ვარჯიშობს ბორის ტრაიკოვსკის არენაზე. გუნდთან ერთად ვარჯიშობს ჭანტურიაც, თუმცა, მისი თამაში მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილი არაა, რადგანაც 37 წლის მარჯვენა გარემარბს ცოტათი აწუხებს ივნისში მიღებული ტრავმა.

ჩვენმა მეოქემ, მაკედონიამ, უკვე გამართა ორი ამხანაგური თამაში თურქეთში. 5 მოწინავე ხელბურთელის გარეშე გუნდმა 26-23 დაამარცხა მასპინძელი, თურქეთი, და გუშინ ფრედ, 26-26 ეთამაშა ჩვენს მომავალ მეტოქეს მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში, იტალიას. საქართველოსთან გუნდს ემატებიან კირილ ლაზაროვი (ნანტი, საფრანგეთი), დეიან მანასკოვი (ვესპრემი, უნგრეთი), ფილიპ კუზმანოვსკი (მაგდებურგი, გერმანია), ფილიპ ტალესკი (ბალინგენი, გერმანია) და მეკარე ბორკო რისტოვსკი (ბენფიკა, პორტუგალია).

ჭანტურია: მაკედონია ჩემი მეორე სამშობლოა

„ხელბურთის ფედერაციამ და ჩვენი ნაკრებების სპორტულმა დირექტორმა დრაგან ჯუკიჩმა ორი ამხანაგური მატჩი დაგვიგეგმა მაკედონიაში და მთელ სანაკრებო კვირას აქ გავატარებთ. ჯუკიჩის გარდა ჩვენს სტაფში შედიან მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი. ყველა მათგანი სერიოზული პროფესიონალია. ჩვენს გუნდში თაობათა ცვლაა - ვეტერანებიდან დავრჩით შოთა თევზაძე, მე და ირაკლი ჩიქოვანი. გვყავს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებსაც მაკედონიაშიც იცნობენ: კბილაშვილი  სკოპიეს მეტალურგიდან და წითელიშვილი ოჰრიდიდან. მაკედონიაში უთამაშიათ ასევე დიხამინჯიასა და ორჯონიკიძეს. მათ გარდა ვყავს არსენაშვილი პორტუგალიის ბრაგადან და ცხოვრებაძე საფრანგეთის მონპელიედან. დანარჩენები საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ.

ჩვენი მიზანია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის მომზადება და ეს ორი თამაში მაკედონიასთან ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე 15 წელია მაკედონიაში ვცხოვრობ და ყოველთვის მინდოდა ამ ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ თამაში, თუმცა, ტრავმა ბოლომდე არ მომირჩენია და გადავწყვიტეთ, არ გამერისკა. მაკედონიის ნაკრებში ბევრი ჩემი ყოფილი თანაგუნდელი თამაშობს. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორი ამხანაგური მატჩი გვექნება აქ.

ჩვენი მიზანია, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ მაკედონიასთან, ისევე როგორც 10-12 იანვარს, იტალიაში - იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ფინეთი, რათა მოვხვდეთ ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში. ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერ გუნდს უნდა შევხვდეთ ბორის ტრაიკოვსკის არენაზე. ჩვენს წინააღმდეგ იქნებიან მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავები - კირე ლაზაროვი, დეიან მანასკოვი, ბორკო რისტოვსკი... დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მაკედონიის ხელბურთის ფედერაციას თბილი დახვედრისა და საუკეთესო სავარჯიშო პირობებისთვის. მატჩებს რაც შეეხება, მე ვუქომაგებ მაკედონიის ნაკრებს და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მაკედონიაში

GK: შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), გიგა ტორონჯაძე (1989, BSB ბათუმი)

LW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი)

LB: თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგ), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, მკდ), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)

CB: ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგი, მკდ)

RB: გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), გიორგი დიხამინჯია (1997)

RW: ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი), რევაზ ჭანტურია (1982, მეტალურგი, მკდ)

P: ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორ), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)

მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი

კომენტარები

ბოლო ამბები