Thumbnail

3:2 პოლონეთთან - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეინ-რაუნდი მოგებით გახსნა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეინ-რაუნდში პირველი გამარჯვება იზეიმა
  • ავთანდილ ასათიანის შეგირდებს პოლონეთში ესპანეთთან და ფინეთთან მატჩებიც ელით

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ძირითადი რაუნდის პირველ მატჩში პოლონეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვა.

📺 პოლონეთი - საქართველო 2:3

შეგახსენებთ, რომ პირველ ჯგუფში ხსენებული გუნდების გარდა ესპანეთი და ფინეთიც თამაშობენ, მატჩებს კი პოლონეთის ქალაქი ზიელონა გორა მასპინძლობს.

ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ფავორიტად შერაცხულმა ესპანელებმა იოლად (4:1) იმარჯვეს, შემდეგ კი პარკეტზე ქართველი და პოლონელი ფეხბურთელები გავიდნენ.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ფუმასა.

შეხვედრა ქართველთა უპირატესობით დაიწყო, რასაც ლოგიკური შედეგი მოჰყვა. მე-9 წუთზე კუთხურის შემდეგ თალესმა ჰაერიდანვე უძლიერესად დაარტყა და ლამაზი გოლი შეაგდო - 0:1.

სტუმრებმა კიდევ რამდენიმე მომენტი გააცუდეს, პოლონეთმა კი ლამის პირველივე შანსი გამოიყენა. მე-12 წუთზე ლოპუხმა კუპატაძის მოგერიებულს დაამატა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით გაგრძელდა, ხოლო გოლი ისევ მასპინძლებმა გაიტანეს. მე-16 წუთზე საჯარიმოში წესები რონინიომ დაარღვია, პენალტი კი ზასტავნიკმა გაიტანა - 2:1.

ქართველებმა მე-2 ტაიმის სტარტზეც მძლავრად შეუტიეს, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, მალევე კი ფუმასამ გამჭოლ პასს ქუსლი დაუხვედრა და ცხრიანში საოცარი სილამაზის გოლი შეაგდო - 2:2.

ერთ წუთში გლადჩაკს ბურთი ხელში მოხვდა, არბიტრმა პენალტით უკვე პოლონელები დასაჯა და თალესმა უძლიერესი გასროლით დუბლი შეასრულა - 2:3.

ამ დროს თამაშის ბოლომდე 17 წუთი რჩებოდა და მომენტებიც კიდევ მრავლად შეიქმნა, მაგრამ უშედეგოდ. პოლონელებმა დასკვნითი 4 წუთი მეკარე შეცვალეს და მოედნის ფეხბურთელიც შეიყვანეს, თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა და ქართველებმა 3 ქულის აღება მოახერხეს.

ავთანდილ ასათიანის შეგირდები მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს (19:00 საათზე) ესპანეთთან ჩაატარებენ, 27-ში კი (20:00 საათზე) ფინეთთან შეხვედრაა დაგეგმილი.

ვთქვათ ისიც, რომ ელიტ-რაუნდში, რომელიც გაისად იანვარში გახლავთ დაგეგმილი, ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები