Thumbnail

ნორვეგიელის გრანდიოზული შედეგი - ჰაალანდმა დროგბას რეკორდი დაამხო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერლინგ ჰაალანდმა ნაპოლისთან შესრულებული დუბლით ახალი რეკორდი დაამყარა
  • მის გუნდს, ზალცბურგსაც ახალი რეკორდი აქვს
  • მერტენსმა კი მარადონას შედეგი გააუმჯობესა

ზალცბურგის თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი ევროპის გაოცებას აგრძელებს. ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, ნაპოლისთან წაგებულ მატჩში (2:3) ორივე გოლი ნორვეგიელმა ფორვარდმა გაიტანა - ეს მისი მე-5 და მე-6 გოლები იყო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში. ამ შედეგით, ჰაალანდმა დიდიე დროგბას რეკორდი (2003 წლის) გააუმჯობესა.

ლეგენდარულ კოტ’დივუარელ გოლეადორს იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველი სამი ტურის შემდეგ 5 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი ჰაალანდმა მისი შედეგი გააუმჯობესა და პირველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგაში, ვინც ჯგუფური ეტაპის საწყის სამ ტურში 6 გოლის გატანა შეძლო.

ამასთან, 19 წლის ჰაალანდი მხოლოდ მეორე თინეიჯერია ისტორიაში (იგულისხმება 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელები), ვინც ჩემპიონთა ლიგის პირველ 3 ტურში მოედანი უგოლოდ არ დატოვა. აღსანიშნავია, რომ პირველი ქარიმ ბენზემა გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ჰაალანდმა პირველ ტურში გენკთან ჰეთთრიკი შეასრულა (6:2), მეორე ტურში ლივერპულს გაუტანა ენფილდზე (4:3 მერსისაიდელთა სასარგებლოდ), ახლა კი ნაპოლისთან დუბლი შეასრულა. შედეგად, ნორვეგიელი 6 გოლით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია და რობერტ ლევანდოვსკის (ბაიერნი) 1 გოლით უსწრებს.

რეკორდი დაამყარა ზალცბურგმაც. ჩემპიონთა ლიგის სამივე მატჩში ამ გუნდის მონაწილეობით, 20 გოლი გავიდა. მანამდე, რეკორდი მანჩესტერ იუნაიტედს (1998/1999) და ტოტენჰემს (2019/2020) ჰქონდათ - 18-18 გოლით.

ზალცბურგისა და ნაპოლის მატჩი განსაკუთრებული იყო დრის მერტენსისთვისაც, რომელმაც ნეაპოლური კლუბის ფორმით 116-ე გოლი გაიტანა! ბელგიელმა ამით დიეგო მარადონას შედეგი გააუმჯობესა - ლეგენდარული არგენტინელის ანგარიშზე ნაპოლიში 115 გოლია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები