Thumbnail
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ძირითადი რაუნდის მატჩები ელის
  • ქართველთა მეტოქეები ესპანეთი, პოლონეთი და ფინეთი იქნებიან

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ფიფას 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ძირითადი რაუნდის მატჩებს გამართავს.

ქართველებთან ერთად, პირველ ჯგუფში, ელიტ რაუნდში გადასასვლელად მასპინძელი პოლონეთი, ფინეთი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ესპანეთი იბრძოლებენ.

თამაშები 24-27 ოქტომბერს გაიმართება და მომდევნო ეტაპის საგზურს ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ეტაპი, რომლის მასპინძელიც თბილისის ოლიმპიური სასახლე იყო, წარმატებით განვლო.

ქართველებმა გერმანიასთან, დანიასთან და ისრაელთან დამაჯერებელად იმარჯვეს და ჯგუფში მაქსიმალური – ცხრა ქულა მოიპოვეს.

ძირითადი რაუნდისთვის მოსამზადებლად ჯვაროსნებმა ლიეტუვასთან ორ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლეს, გასვლით შეხვედრებში კი, ძალები უკრაინასთან და რუმინეთთან მოსინჯეს.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები:
ზვიად კუპატაძე, თორნიკე ბუკია, ალექსანდრე ჯამბურია.
მცველები: შოთა თოფურია, რონინიო, ვახტანგ ჯვარაშვილი, თალესი, ფუმასა.
თავდამსხმელები: სიმი საიოტი, ჯანო გიორგაია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ნუკრი ჭუმბურიძე, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე, გია ნიკვაშვილი.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს პოლონეთში რთული მატჩები ელის
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

პირველ შეხვედრაში საქართველო პოლონეთს 24 ოქტომბერს 22:00 საათზე დაუპირისპირდება. მომავალი თამაშის წინ კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გააკეთა: 

“ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ელიტ რაუნდის საგზურისთვის ბრძოლა შეგვიძლია. პოლონეთთან გასამართი პირველივე მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია.

დარბაზი, სადაც ეს შეხვედრა გაიმართება, ხუთი ათას გულშემატკივარს იტევს და ყველა ბილეთი გაყიდულია. შესაბამისად, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ჩვენ მათ დასამარცხებლად საკმარისი ძალა გვაქვს.

ეს ძალა გუნდია, რომელიც საქართველოს წარმოადგენს. ქართველი გულშემატკივრების გასახარებლად, ყველაფერს გავაკეთებთ. ტაქტიკურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გუნდი მზად არის. ჩვენი მაქსიმუმი კი, თამაშებში გამოვლინდება“.

მეინ რაუნდის სრული განრიგი:
24 ოქტომბერი, 22:00 საათი

პოლონეთი – საქართველო

25 ოქტომბერი, 19:00 საათი
საქართველო – ესპანეთი

27 ოქტომბერი, 20:00 საათი
ფინეთი – საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები