Thumbnail

მე-4 ადგილი ევროპაში – ასანიძის ვაჟს მედლამდე 1 კილოგრამი დააკლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კახი ასანიძე რუს და ბულგარელ ძალოსნებს ჩამორჩა
  • გურამ გიორბელიძემ ევროპის რეკორდი გააუმჯობესა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს, მედლები 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდა, კახი ასანიძეს კი კვარცხლბეკზე ასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

კახიმ, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟია, ორივე მოძრაობაში მე-4 შედეგი აჩვენა და საბოლოოდაც მე-4 ადგილი დაიკავა.

ასანიძეს ატაცში პირველი 2 ცდა (131 და 133 კგ.) გაუცუდდა, თუმცა, მობილიზება მოახერხა და 134 კგ. დააფიქსირა.

ატაცი

131 კილოგრამი ❌
133 კილოგრამი ❌
134 კილოგრამი ✅

ქართველი სპორტსმენი უკეთ გამოიყურებოდა აკვრაში, სადაც 158 და 164 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა, 167 კგ. კი ვერ დასძლია, არადა, ამ შემთხვევაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ხდებოდა.

აკვრა

158 კილოგრამი ✅
164 კილოგრამი ✅
167 კილოგრამი ❌

ჯამში, კახიმ 298 კგ. მოაგროვა და მე-3 ადგილზე გასულ ვალენტინ გენჩევს (ბულგარეთი) 1 კგ-ით ჩამორჩა, ჩემპიონი რუსი ზულფატ გარაევი (314 კგ.) გახდა, მეორეზე კი კიდევ ერთი ბულგარელი სტილიან გროზდევი (302 კგ.) გავიდა.

გურამ გიორბელიძემ ჭაბუკთა ევროპის რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა

ამავე წონაში ძალები გურამ გიორბელიძემაც მოსინჯა, რომელიც მასზე უფროს მეტოქეებთან ჭიდილში ბოლომდე დაიხარჯა და ათ მონაწილეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

გიორბელიძემ ატაცში სამივე ცდა (117, 120 და 122 კგ.) გამოიყენა და მე-9 იყო.

ატაცი

117 კილოგრამი ✅
120 კილოგრამი ✅
122 კილოგრამი ✅

აკვრაში, გურამმა 148 კგ-ის კვალად 153-კილოგრამიანი შტანგაც დაიმორჩილა და ჭაბუკთა ევროპის რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა.

აკვრა

148 კილოგრამი ✅
153 კილოგრამი ✅
155 კილოგრამი ❌

სარეკორდო გამოდგა ქართველი ძალოსმის ორჭიდის ჯამიც – 275 კგ. ამასთან, გიორბელიძემ საქართველოს 3 რეკორდიც დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გიორგი დოკვაძემ, დღეს საღამოს კი, ფიცარნაგზე არჩილ მალაყმაძესაც (73 კგ.) ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები