Thumbnail

სასჯელი ხუმრობისთვის – აფრიკელმა მსაჯმა ფრანგები აღაშფოთა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იაკო პეიპერმა უელსელ ფანებთან პროვოკაციული ფოტო გადაიღო
  • ფრანგული მხარე აფრიკელისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს

სამხრეთ აფრიკელ რეფერი იაკო პეიპერს შესაძლო დისკვალიფიკაცია ელის, რისი მიზეზიც ერთი შეხედვით უწყინარი ხუმრობა გახდა.

პეიპერი სარაგბო სამყაროში დაფასებულ პიროვნებად ითვლება და 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსი-საფრანგეთის მეოთხედფინალური მატჩის განსჯაც ანდეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის მე-2 ტაიმის სტარტზე იაკომ ფრანგთა მეორეხაზელ სებასტიან ვაა’მაინას უხეშობა არ აპატია და “მამლები” კაცნაკლული დატოვა. ამან თამაშზე უდიდესი ზეგავლენა იქონია და ბრიტანელებმა საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხეს.

იაკო პეიპერმა სებასტიან ვაა’მაინას წითელი ბარათი უჩვენა

იმ ეპიზოდში ვაა’მაინამ უელსელ არონ ვეინ’რაითს სახეში იდაყვი მისცხო და ეს განმეორებაზე ისე ნათლად გამოჩნდა, რომ წითელი ბარათი თავად ფრანგსაც არ გაუპროტესტებია.

შესაბამისად, მსაჯის ვერდიქტი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა, სამაგიეროდ, დიდი აურზაური გამოიწვია იმ ნაბიჯმა, რომელიც პეიპერმა თამაშის შემდეგ გადადგა.

საუბარია ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და ფრანგული მხარის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. მასზე აფრიკელი მსაჯის და უელსელი ფანების შეხვედრაა ასახული, სადაც ფრანგი მორაგბის უხეშობაა იმიტირებული. იაკოს იდაყვი უელსელის სახეზე აქვს მიბჯენილი და ამით, გარკვეულწილად, ვაა’მაინას სულელურ საქციელს დასცინის.

“თუკი ეს ფოტო რეალურია, ის ჩვენთვის შოკისმომგვრელია და სასწრაფო განმარტებას საჭიროებს”, - დაწერა ტვიტერის გვერდზე საფრანგეთის რაგბის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა სერჟ სიმონმა.

განცხადება გაავრცელა მსოფლიო რაგბიმაც და დასკვნების გამოტანისთვის გარკვეული დრო ითხოვა: “მსოფლიო რაგბისთვის ცნობილია ფოტოს შესახებ, სადაც რეფერი იაკო პეიპერი უელსელ ქომაგებთან ერთად არის გადაღებული. მიუხედავად ამისა, სანამ საკითხს ბოლომდე არ შევისწავლით, ნაადრევი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ”.

2019 წლის მსოფლიო თასზე 4 მატჩიღა (ნახევარფინალები, თამაში მე-3 ადგილისთვის და ფინალი) დარჩა ჩასატარებელი და ისეთი პირი უჩანს, სასჯელს რომც გადაურჩეს, პეიპერს საქმეში ვეღარ ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები