Thumbnail

ოთხშაბათს, გამთენიისას, NBA-ს რეგულარული სეზონი აიღებს სტარტს და გულშემატკივარს ტელეეკრანებზე პლანეტის უძლიერესი ლიგა დაუბრუნდება. ამ ზაფხულს გუნდებში ბევრი ცვლილება იყო - ლეონარდი, ვესტბრუკი, დურანტი, ირვინგი, ჯორჯი და დევისი ახალ გუნდებში ითამაშებენ.

ამ ცვლილებების შედეგად, ლიგა საგრძნობლად შეიცვალა. საერთოდაც, ამ სეზონის წინ გულშემატკივარს უფრო მეტი კითხვა აქვს, ვიდრე პასუხი. პირველად ბოლო წლებში, ორივე კონფერენციაში სეზონი მკვეთრად გამოკვეთილი ფავორიტის გარეშე დაიწყება - თუკი ბოლო 5 წლის მანძილზე დასავლეთით გოლდენ სტეიტი უპირობოდ იგებდა და ყველამ ვიცოდით, რომ ჰიუსტონის გარდა, მათ კონკურენტი საერთოდ არ ჰყავდათ, წელს ერთდროულად რამდენიმე გუნდს აქვს, კონფერენციის მოგების პრეტენზია.

იგივე ხდება აღმოსავლეთშიც - ლებრონის კალიფორნიაში წასვლის ,შემდეგ გასულ წელს პირველად ბოლო ბევრ სეზონში, სუპერფინალის საგზურისთვის თანაბარი ბრძოლა შედგა. იგივეს ველოდებით წელსაც. მოკლედ, ამ სეზონში NBA დიდი ინტრიგით და ბევრი კითხვებით ბრუნდება.

ამ სტატიაში იმ ყველაფრის შესახებ წაიკითხავთ, რაც სეზონის წინ უნდა იცოდეთ - გუნდების საჩემპიონო შანსები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, სიახლეები და სათამაშო სტილი...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

გოლდენ სტეიტ უორიორსი

ზედიზედ 5 ფინალის შემდეგ, გოლდენ სტეიტი ახალ ერას იწყებს. კევინ დურანტი წავიდა. მას მიჰყვნენ ვეტერანი ანდრე იგუადალა და შონ ლივინგსტონი - მოთამაშეები, რომლებიც შეტევაშიც და დაცვაშიც უორიორსის მრავალმხრივობას უზრუნველყოფნენ. იგუდალას ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, ლივინგტსონი კი ერთდროულად რამდენიმე პოზიციის წინააღმდეგ იცავს თავს.

ანდრე იგუდალა და შონ ლივინგსტონი

ამ დანაკარგების შედეგად, გოლდენ სტეიტი ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, თუმცა დასავლეთ კონფერენციის ფავორიტებს შორის, რთულია, განვიხილოთ.

სულ მცირე ორივე ლოს ანჯელესური კლუბი და ჰიუსტონ როკეტსი ამ ეტაპზე უორიორსზე სოლიდურად გამოიყურებიან. გოლდენ სტეიტს ორი მთავარი პრობლემა აქვს: პირველი კლეი ტომპსონის მძიმე ტრავმას უკავშირდება - ტომპსონმა შარშანდელ ფინალში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და სულ მცირე, რეგულარული სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვებს. მის გარეშე გოლდენ სტეიტს უბრალოდ საკმარისი რაოდენობის მაღალი კლასის მოთამაშეები არ ჰყავს - დეანჯელო რასელის დამატების შემდეგ, ტომპსონს სეზონის დიდი ნაწილის მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაში მოუწევს. თუმცა, მის გამოჯანმრთელებამდე უორიორსს არავინ ჰყავს, ამ პოზიციაზე სრულფასოვნად რომ ითამაშოს.

ტომპსონმა ტრავმა შარშანდელ ფინალებში მიიღო

გარდა ამისა, კალიფორნიელებს ძალიან უჭირთ სათადარიგოთა სკამზე. ტომპსონის დაბრუნების შემდეგ, კარი-რასელი-ტომპსონი-გრინი-ლუნის ხუთეული კონკურენტულად გამოიყურება, თუმცა სკამზე, თუ არ ჩავთვლით ცენტრის პოზიციაზე ვოლი კოლი შტაინს, სტივ კერს, ფაქტობრივად, არავინ ჰყავს.

კალიფორნიელთა მთავარი შენაძენი დეანჯელო რასელია. მას ბრუკლინში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა (21.1 ქულა თამაშში, ზუსტი სროლების 43.4 პროცენტი, 36.9 პროცენტი პერიმეტრიდან), იგი კარგი ჩამყრელია და სროლების შექმნა თავადაც შეუძლია. გოლდენ სტეიტის სისტემას ის კარგად უნდა მოერგოს - წინა წელს იგი თამაშში 9.3 სროლას ასრულებდა პერიმეტრიდან, რაც მისი სროლების თითქმის ნახევარი იყო. კარის გასვლის შემდეგ, სწორედ რასელი იქნება სათადარიგო ხუთეულისთვის ძირითადი შემტევი ოპცია.

ბევრად უფრო პრობლემურია დაცვის საკითხი - წლების მანძილზე, სტეფ კარის დაცვაში კლეი ტომპსონი აბალანსებდა, რომელიც ძალიან კარგი მცველია. ახლა, როდესაც მასთან წყვილში დეანჯელო რასელი ითამაშებს, რომელსაც სტეფის მსგავსად, არც გაბარიტები ჰყოფნის და არც დაცვა ეხერხება, სტივ კერის გუნდს დაცვაში ბევრი პრობლემა ელის. მით უმეტეს, რომ იგუდალა და ლივინგსტონი, ორი ძალიან კარგი მცველი მათ უკვე გამოაკლდათ.

წაიკითხე კევინ დურანტის რეალური ძალა - ყველაზე სრულყოფილი შემტევი იარაღი

უორიორსი შემტევი და სწრაფი გუნდი იქნება. სტეფ კარიმ წელს ბევრი უნდა ჩაყაროს - დურანტის წასვლის შემდეგ მისი შედეგიანობა აუცილებლად მოიმატებს (დურანტის მოსვლასთან ერთად, კარის შედეგიანობა თამაშში 30.1 ქულიდან 25.3 ქულამდე შემცირდა). უორიორსის შეტევა სწორედ მასზე იქნება დიდწილად დამოკიდებული, თუმცა დაცვაში, სტივ კერის გუნდს ძალიან გაუჭირდება. უორიორსისგან შედეგიან თამაშებს უნდა ველოდოთ - ბევრს ჩაყრიან და ბევრს მიიღებენ. თუმცა, იმ ფონზე, რომ გუნდი წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს და კლეი ტომპსონს მძიმე ტრავმა აქვს, უორიორსს ბევრი ბრძოლა მოუწევს იმისთვის, რომ პლეი ოფს მაღალი ადგილით და საშინაო მოედნის უპირატესობით შეხვდეს.

ჰიუსტონ როკეტსი

ბევრი რამ შეიცვალა ჰიუსტონ როკეტსში - გუნდიდან კრის პოლი წავიდა, მის ნაცვლად კი ოკლაჰომადან რასელ ვესტბრუკი დაიმატეს. კრის პოლის წასვლა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა - ჰარდენთან პიროვნულმა შეუთავსებლობამ, მისმა ტრავმებმა, ცუდმა კონტრაქტმა (პოლი ჰიუსტონს ძალიან დიდი თანხა უჯდებოდა) და ასაკმა.

კრის პოლი და ჯეიმს ჰარდენი

ვესტბრუკის მოსვლა ბევრ კითხვას ბადებს - პიროვნულად მას ჯეიმს ჰარდენთან, რომელიც ტექსასელთა უპირობო ლიდერია, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა სტილისტურად ამ ორი მოთამაშის ერთ გუნდში წარმოდგენა, ცოტა რთული ამოცანაა. ჰიუსტონს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული სათამაშო სისტემა აქვს, რომელიც სამქულიანებსა და ჰარდენის იზოლაციებს ეფუძნება. ჰარდენს გუნდში ისეთი მოთამაშეები სჭირდება, რომლებიც სამიანებს კარგად ისვრიან - ვესტბრუკი კი პერიმეტრიდან ძალიან ცუდი მსროლელია - თუნდაც იმავე კრის პოლთან შედარებით. ვესტბრუკი პერიმეტრიდან გასულ წელს 29 პროცენტით ისროდა, კრის პოლი კი - 35.8 პროცენტით. დიდი სხვაობაა დაკარგვებშიც - ვესტბრუკი ბევრად ხშირად კარგავს ბურთს (4.5 დაკარგვა თამაშში), ვიდრე პოლი (2.6 დაკარგვა).

ამავე დროს, ვესტბრუკს თავადაც ძალიან უყვარს ბურთის დიდხანს ფლობა და იზოლაციებით თამაში. უცნობია, თუ მოახერხებენ ისინი ბურთის და სათამაშო დროის განაწილებას. ჯეიმს ჰარდენი მთელს ლიგაში ყველაზე მეტჯერ იყო თამაშში ჩართული - ჰიუსტონის თამაშში მისი გამოყენების ინდექსი 40.5 იყო - ყველაზე მეტი ლიგაში! თავის მხრივ, რასელ ვესტბრუკსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოყენების ინდექსი აქვს - 30.9. მაშინ, როდესაც კრის პოლი მხოლოდ 22.5 პროცენტით იყო გუნდის თამაშში ჩართული. 

წაიკითხერატომ ვერ აჩერებენ ჯეიმს ჰარდენს? ლიგის საუკეთესო შემტევის თამაში

რთულად უნდა დარეგულირდეს სათამაშო ტემპის საკითხი - ვესტბრუკი ყველაზე სახიფათო მაღალ ტემპში თამაშშია, როდესაც მას თავისი სისწრაფის და ათლეტიზმის გამოყენება ყველაზე კარგად შეუძლია, ჯეიმს ჰარდენს კი ბურთის დიდხანს ხელში ჭერა და ნელა თამაში უყვარს - ჰიუსტონი გასულ სეზონში თამაშის სიჩქარით 26-ე ადგილზე იყო 30 გუნდს შორის.

ამ მხრივ, კრის პოლი ჰარდენთან ერთად, თავს კომფორტულად გრძნობდა - პოლიც ნელა ავითარებს შეტევას და დიდხანს ფლობს ბურთს.

ჰიუსტონს კარგად გამოსდის ბაზარზე არსებული ვარსკვლავური მოთამაშეები მოწვევა - ასე აღმოჩნდნენ ტექსასში დუიატ ჰოვარდი, კრის პოლი და ჯეიმს ჰარდენი. თუმცა, ვესტბრუკი ბევრ კითხვებს აჩენს. შესაძლოა, კარიერის ამ ეტაპზე იგი კრის პოლზე უკეთესი მოთამაშე იყოს, თუმცა პოლი მაინც უფრო მაღალი სათამაშო ინტელექტის მქონე მოთამაშედ რჩება, რომელსაც ჰარდენთან თამაშის სპეციფიკა და ჰიუსტონის სისტემა უკეთესად ესმოდა.

რასელ ვესტბრუკის ტრეიდის წარმატება დიდწილად განაპირობებს ჰიუსტონის გენერალური მენეჯერის დერილ მორის ბედს. მორი ამ სეზონის წინ თავისი ტვიტის გამო დიდ სკანდალში აღმოჩნდა - მან ჰონკონგის აქციებს დაუჭირა მხარი, რის გამოც ჰიუსტონისთვის უდიდესი ჩინური ბაზარი დაიხურა. ეს წელიწადში სულ მცირე 25 მილიონიან დანაკარგს ნიშნავს. დერილ მორი, რომელიც NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯერად მიიჩნევა, კლუბისთვის მარკეტინგული კუთხით პრობლემად იქცა. ჰიუსტონის მფლობელი ტილმან ფერტიტა, რესპუბლიკელი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირების დროს მორის გუნდიდან გაშვებაზე უარი თქვა, თუმცა თუ ვესტბრუკის ტრეიდი წარუმატებლად მიიჩნევა, ამ სეზონის შემდეგ მას სხვა ფორმალური მიზეზი ექნება, დერილ მორის რომ შეელიოს.

ჰიუსტონისთვის კარგი ის არის, რომ გუნდმა დანარჩენი ბირთვი - კლინტ კაპელა, ჯერალდ გრინი, ერიკ გორდონი, ოსტინ რივერსი - შეინარჩუნა.

თუკი მაიკ დ'ანტონი რასელ ვესტბრუკის მის კონცეფციაში ინტეგრაციას წარმატებით მოახერხებს, ჰიუსტონი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

ლოს ანჯელეს კლიპერსი

პირველად თავის ისტორიაში, ლოს ანჯელეს კლიპერსი სეზონს უპირველესი ფავორიტის რანგში იწყებს. ეს იმის ბრალია, რომ კლიპერსმა ერთდროულად მოახერხა ორი სუპერვარსკვლავის - კავაი ლეონარდის და პოლ ჯორჯის დამატება. ეს წყვილი ძალიან მრისხანედ გამოიყურება - ორივე ლიგის საუკეთესო მცველების რიცხვში შედის, ორივე მათგანი ძალიან კარგად უტევს, როგორც პერიმეტრიდან, ისე სამწამიანიდან და ორივეს შეუძლია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში ერთდროულად რამდენიმე პოზიციის თამაში - მათთან ერთად, კლიპერსს მძიმე და ათლეტური გუნდიც შეიძლება ჰყავდეს და მსუბუქი და სწრაფიც.

გარდა ამისა, კლიპერსს ძალიან გამართული ორგანიზაცია აქვს - მთავარი მწვრთნელით, დოკ რივერსით და მენეჯმენტში ჯერი ვესტით, რომელთაც NBA-ს მოგების გამოცდილება სხვა გუნდებთან ერთად უკვე აქვთ.

ლეონარდს და ჯორჯს კალიფორნიაში პერსპექტიული გუნდი ელოდებათ. გასულ სეზონში, კლიპერსის ახალგაზრდულმა გუნდმა სენსაციურად მოახერხა პლეი ოფში გასვლა და გოლდენ სტეიტთან ორი თამაშის მოგება. გუნდში ირიცხება ვეტერანი პატრიკ ბევერლი, რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. როდესაც კლიპერსს ბევერლი-ჯორჯი-ლეონარდის სამეული პარკეტზე ერთდროულად ეყოლება, მეტოქეს კლიპერსთან ჩაყრა ძალიან გაუჭირდება.

ყველაზე უფრო პრობლემატურად გამთამაშებლის პოზიცია გამოიყურება, თუმცა, იმ ფონზე, როდესაც ბურთის წამოღება პოლ ჯორჯსაც შეუძლია და კავაი ლეონარდსაც, ეს პრობლემა, შესაძლოა, გადაიჭრას.

წაიკითხეკავაი ლეონარდის ევოლუცია - როგორ შეიქმნა შეუჩერებელი მოთამაშე

წელს, კლიპერსს ქაღალდზე ყველაზე კარგი შემადგენლობა ჰყავს - დოკ რივერსის მთავარი გამოწვევა მის ხელთ არსებული შემადგენლობისთვის ოპტიმალური სათამაშო სისტემის შექმნა იქნება. მომავალში კლიპერსი მხოლოდ მოუმატებს. ლეონარდიც და ჯორჯიც კალიფორნიელები არიან და ლოს ანჯელესში თამაში მათ დიდი ხანია სურდათ. დიდი ალბათობით, კლიპერსში ისინი დიდი ხნით დარჩებიან და შემდეგ წლებში კლიპერსი უცვლელად იქნება NBA-ს ფავორიტების რიცხვში.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი

ლოს ანჯელეს ლეიკერსი

ზედიზედ რამდენიმე კატასტროფული სეზონის შემდეგ ლეიკერსი, როგორც იქნა, ჩემპიონატის ფავორიტებს შორის ბრუნდება. ეს პირველ რიგში ენტონი დევისის ტრეიდის დამსახურებაა - კალიფორნიელებმა გუნდში ლიგის საუკეთესო შემტევი ცენტრი დაიმატეს და მასთან ერთად უკვე ორი სუპერვარსკვლავი ჰყავთ.

სეზონს დასვენებული ხვდება ლებრონ ჯეიმსი, რომელიც ბოლო ძალიან ბევრ წელიწადში პირველად, პლეი ოფს მიღმა დარჩა და დასვენების და ამ სეზონისთვის სრულყოფილად მომზადების საშუალება ჰქონდა. წინა წელი ლებრონისთვის ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა - ტრავმის გამო მას 20 თამაშზე მეტის გამოტოვება მოუწია და ტრავმის შემდეგ, განსაკუთრებით დაცვაში, თავის თავს არ ჰგავდა. სპეციალისტები წელს დასვენებულ და ძალიან მოტივირებულ ლებრონს ელიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ სეზონში 34 წლის ლებრონი ფიზიკურად ისეთი ათლეტური ვეღარ იქნება, როგორც მთელი მისი კარიერის მანძილზე, ლეიკერსი მაინც ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად რჩება, რადგან ლებრონს ძალიან კარგად შეუძლია გამთამაშებლის როლი მოირგოს და უფრო მეტად სათამაშო ინტელექტის და უფრო ნაკლებად ათლეტიზმის ხარჯზე თამაშზე გააკეთოს აქცენტი.

სეზონის წინ, ლებრონმა ღიად აღნიშნა, რომ ლეიკერსის შეტევაში პირველი ოპცია სწორედ ენტონი დევისი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ლებრონს გამთამაშებლის პოზიციაზე კიდევ უფრო ხშირად ვიხილავთ.

ლეიკერსისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ გუნდმა კარგი მსროლელები დაიმატა იმ მოთამაშეების ნაცვლად, რომელთაც პერიმეტრიდან შეტევა არ გამოსდიოდათ. პერიმეტრიდან კარგი მსროლელები ლებრონს გუნდში ყოველთვის სჭირდება - ახლა მას ქვინ კუკი (40.5 პროცენტი პერიმეტრიდან), ეივერი ბრედლი (38.4 პროცენტი პერიმეტრიდან), ჯერად დადლი (35.1 პროცენტი პერიმეტრიდან) და დენი გრინი (45.5 პროცენტი პერიმეტრიდან) ჰყავს ორი ცუდი მსროლელის, ლონზო ბოლის და ბრენდონ ინგრემის ნაცვლად (ორივე მათგანს 32.9 პროცენტი პერიმეტრიდან). გუნდში დარჩა კაელ კუზმა, რომელიც ალბათ ერთადერთი იყო შარშანდელ ლეიკერსში, რომელსაც სეზონი აქტივში შეიძლება ჩაეთვალოს.

ლეიკერსი წელს უფრო დაცვითი გუნდი უნდა იყოს - კალიფორნიელებმა მწვრთნელი შეცვალეს და უფრო შეტევაზე ორიენტირებული ლუკ უოლტონის ნაცვლად, ფრენკ ფოგელი მოვიდა, რომელმაც თავისი კარიერა ულტრადაცვით ინდიანა პეისერსში გაიკეთა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინდიანა პეისერსი
  • დეტროიტ პისტონსი

მეორე ეშელონი დასავლეთით

პორტლენდი

დასავლეთ კონფერენცია წელსაც ძალიან ძლიერი იქნება. შარშან, პორტლენდმა კონფერენციის ფინალში გააღწია, დენვერ ნაგეთსმა კი რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. ეს ორივე გუნდი წელსაც ძალიან სახიფათო იქნება - პორტლენდის უკანა ხაზის წყვილი - დემიენ ლილარდი, სიჯეი მაკკალუმი - თავის პოზიციაზე ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მათი წყალობით, წლიდან წლამდე პორტლენდი პლეი ოფის უცვლელი მონაწილეა.

პორტლენდისთვის პრობლემა ცენტრის და მძიმე ფორვარდის პოზიციები იყო. სეზონის წინ ორეგონელთა მენეჯმენტმა ამ მიმართულებით ბევრი იმუშავა - ტრავმის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდება იუსუფ ნურკიჩი, მის გარდა პორტლენდმა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული დაცვითი ცენტრი ჰასან უაითსაიდი და ვეტერანი პაუ გასოლი დაიმატა.

დენვერ ნაგეთსი

კიდევ უფრო მეტი ამბიცია ექნება დენვერ ნაგეთსს. კოლორადოელებს მნიშვნელოვანი ახალი შენაძენები არ გაუკეთებიათ, თუმცა, მათი ახალგაზრდა ლიდერები ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მიურეი, სავარაუდოდ, წელს კიდევ მოუმატებენ და მათთან ერთად დენვერის ახალგაზრდული გუნდი კიდევ უფრო სახიფათო გახდება. მით უმეტეს, რომ ამ სეზონში გუნდს უკვე აქვს პლეი ოფის გამოცდილება.

იუტა ჯაზი

მეორე ეშელეონის გუნდებს შორის იუტა ჯაზი ყველაზე მეტად გაძლიერდა. მთავარი ამბავი რიკი რუბიოს ნაცვლად გამთამაშებლის პოზიციაზე მაიკ კონლის მოსვლაა. კონლი რუბიოს მსგავსად ძალიან კარგად ათამაშებს ბურთს, თუმცა მასზე ბევრად უკეთესი ჩამყრელი და მცველია. კონლი საშუალოდ თამაშში 21.1 ქულას აგდებს, თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე რუბიო (12.7 ქულა თამაშში) და მასზე მეტ პასებს აკეთებს (6.4 პასი კონლი, 6.1 პასი რუბიო). კონლი-დონოვან მიტჩელის წყვილი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზია. მაიკლ კონლი უკვე ვეტერანია და პლეი ოფში თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მას სროლაც ეხერხება და შესვლაში თამაშიც. მასთან ერთად მოვიდა ბოიან ბოგდანოვიჩი, რომელსაც პერიმეტრიდან სროლა ძალიან კარგად ეხერხება (პერიმეტრიდან ზუსტი სროლების 42.5 პროცენტი).

გუნდში რჩება NBA-ს საუკეთესო დაცვითი ცენტრი რუდი გობერი. იუტას დაცვაში წლებია ყველაფერი წესრიგში აქვს, თუმცა პლეი ოფში ჩაყრა უჭირს ხოლმე, კონლისთან და ბოგდანოვიჩთან ერთად მათი შეტევა ბევრად უფრო ძლიერი იქნება.

მილუოკი ბაქსი

აღმოსავლეთ კონფერენცია დასავლეთს წელსაც ბევრად ჩამოუვარდება. ერთადერთი გუნდი აღმოსავლეთიდან, რომელიც ამ ეტაპზე დასავლეთ კონფერენციის ლიდერების დონეზე გამოიყურება, მილუოკი ბაქსია. მილუოკის სულ მცირე კევინ დურანტის გამოჯანმრთელებამდე აღმოსავლეთით საუკეთესო მოთამაშე ჰყავს - იანისთან ერთად, მილუოკის შანსები ამ კონფერენციაში ყველაზე დიდია.

წაიკითხეშეშლილი ბერძენი, რომელიც NBA-ს დაიპყრობს - იანისი ლებრონის გზაზე

ამასთან ერთად, გუნდი კიდევ უფრო გამოცდილი გახდა - შარშანდელი დასანანი მარცხი პლეი ოფში ტორონტოსთან (მილუოკი სერიას 2-0 იგებდა და უკეთეს გუნდად გამოიყურებოდა) პირველ რიგში სწორედ გამოცდილების ფაქტორით უნდა აიხსნას. მაიკლ ბუდენჰოლცერი არ შეცვლის იმ სათამაშო სისტემას, რომელიც იანისის ძლიერ მხარეებს ასე კარგად ერგება - მილუოკი კვლავ ძალიან სწრაფი და მორბენალი გუნდი იქნება, რომელიც იანისის შესვლების და პერიმეტრიდან მსროლელების წყალობით შეუტევს.

შარშანდელმა კარგმა სეზონმა მილუოკის მოთამაშეების საბაზრო ფასი აწია და ამ სეზონში მილუოკის ფული უბრალოდ აღარ ჰყოფნიდა, რომ გუნდის შარშანდელი ბირთვი სრულად შეენარჩუნებინა. შედეგად, გუნდიდან წასვლა მალკოლმ ბროგდონს მოუწია, რომელიც შარშან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მილუოკიმ ერიკ ბლედსოუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იჩქარა - უკეთესი ბლედსოუს გაშვება და ბროგდონის შენარჩუნება იქნებოდა.

მილუოკი ამ სეზონში იანისის პროგრესის იმედად უნდა იყოს. მან სროლას და პასში თამაშს უნდა მოუმატოს, რადგან ამ თვისებების გარეშე, პლეი ოფის უფრო ფიზიკურ და ნელ თამაშში თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა გაუჭირდება.

ფილადელფია სიქსერსი

ფილადელფია სიქსერსი აღმოსავლეთით მეორე გუნდია მილუოკის შემდეგ. დურანტის გამოჯანმრთელებამდე აღმოსავლეთით იანისის გარდა ერთადერთი სუპერვარსკლავი ჯოელ ემბიიდი სწორედ ფილადელფიაში თამაშობს.

ემბიიდის პროგრესი და მისი ჯანმრთელობა სიქსერსისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. ფილადელფია მთელს ლიგაში გამორჩეული გუნდია, ალბათ ერთადერთი, რომელიც ორი ცენტრით ითამაშებს - ემბიიდთან ერთად, ფილას ბოსტონიდან გადმოსული ოლ ჰორფორდი ჰყავს. ჰორფორდს მძიმე ფორვარდადაც შეუძლია თამაში, თუმცა, ფაქტია, რომ მასთან ერთად, ფილადელფია ლიგის ყველაზე ნელი, მძიმე და მაღალი გუნდი იქნება, რომელიც აქცენტს სამწამიანიდან შეტევაზე გააკეთებს.

ოლ ჰორფორდი

გუნდიდან წავიდნენ ჯეი ჯეი რედიკი და ჯიმი ბატლერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილადელფიას პერიმეტრიდან შეტევა ძალიან გაუჭირდება - ორივე მათგანი ერთად თამაშში საშუალოდ 10.7 სამქულიანს ისროდა. სიქსერსისთვის ბურთის მოძრაობა და თამაშის გაშლა რთული იქნება. ეს პრობლემა გუნდს გასულ სეზონშიც ჰქონდა - ჯიმი ბატლერის გარეშე, რომელსაც ბურთი ხშირად მოჰქონდა ხოლმე, ეს პრობლემა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. მხოლოდ ბენ სიმონსის იმედად ყოფნა რთულია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ფილადელფია სიქსერსი
  • ბოსტონ სელტიკსი

ბოსტონ სელტიკსი

ბოსტონი უკვე რამდენიმე წელია, აღმოსავლეთ კონფერენციაში ყველაზე სტაბილური გუნდია. შემადგენლობით სელტიკსი ჩემპიონობის სხვა პრეტენდენტებს ჩამორჩება, თუმცა აქცენტს, ტრადიციულად, გუნდურ კალათბურთზე აკეთებს და მისი წყალობით, ლიდერთა შორის არის.

შარშანდელი სეზონი სელტიკსისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. წელს გუნდი თითქოს კიდევ უფრო დასუსტდა - ბოსტონიდან კაირი ირვინგი წავიდა, მის ნაცვლად კი კემბა უოკერი დაიმატეს. თუმცა, შესაძლოა, პირიქით, მოხდეს - კაირი ირვინგს არც გუნდს შიგნით ჰქონდა კარგი ურთიერთობები (განსაკუთრებით ახალგაზრდებთან) და მის გარეშე სელტიკსის ახალგაზრდა ვარსკვლავები - ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილენ ბრაუნი, შესაძლოა, უკეთ ათამაშდნენ. ამასთან ერთად, ბრედ სტივენსის სათამაშო სქემა ვარსკლავებზე მეტად, უფრო გუნდურ მოთამაშეებს უწყობს ხელს და, შესაძლოა, კემბა უოკერი ამ სისტემას უფრო მოერგოს, ვიდრე კაირი ირვინგი.

სელტიკსის ახალწვეულები -კემბა უოკერი და ენეს კანტერი

ირვინგთან ერთად, დიდი დანაკლისი იქნება ოლ ჰორფორდის წასვლა. ჰორფორდი ბოსტონის დაცვაში მთავარი კაცი იყო. მის გარეშე ბოსტონს, რომელსაც ბოლო წლებში სამწამიანში თამაში ისედაც უჭირდა, კიდევ უფრო რთულად ექნება საქმე - სელტიკსის ვერცერთი „დიდი“ (ენეს კანტერი, დანიელ ტაისი, ვინსენ პუარიე) ჰორფორდს ვერ შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთში დიდი კონკურენცია არ არის, სელტიკსს მაინც გაუჭირდება. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი უპირველესი კონკურენტები - იანისის მილუოკი და ემბიიდის ფილადელფია - აქცენტს სამწამიანიდან შეტევაზე აკეთებენ.

მეორე ეშელონი აღმოსავლეთში

ტორონტო რეპტორსი

იმ ფონზე, რომ აღმოსავლეთით არცერთი გრანდი არ გაძლიერებულა, ე.წ. მეორე ეშელონის გუნდებს იმის შანსი ექნებათ, რომ რამდენიმე ეტაპი პლეი ოფში გაიარონ. ტორონტო რეპტორსმა კავაი ლეონარდი დაკარგა, თუმცა შარშანდელი გუნდის ძირითადი ბირთვი (კაილ ლოური, პასკალ სიაკამი, სერჟ იბაკა, მარკ გასოლი) შეინარჩუნა. კანადელები აქცენტს სავარაუდოდ პასკალ სიაკამის პროგრესზე გააკეთებენ. გამოცდილი ტორონტო აღმოსავლეთში იოლი მეტოქე არავისთვის იქნება.

მაიამი ჰიტი

ძალიან გაძლიერდა მაიამი ჰიტი, რომელმაც ჯიმი ბატლერი დაიმატა. მაიამის ერიკ სპოლესტრას სახით ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს, გუნდი დაცვას, ტრადიციულად, კარგად თამაშობს, ჯიმი ბატლერთან ერთად კი მათ ვარსკვლავური შემტევი ოპციაც ეყოლებათ.

ბრუკლინ ნეთსი

ბრუკლინ ნეთსი შემდეგ სეზონებში, კევინ დურანტის ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, აღმოსავლეთით უპირველესი ფავორიტი იქნება. დურანტი ამ სეზონს აქილევსის ტრავმის გამო გამოტოვებს, თუმცა, მის გარეშეც, ახალგაზრდა ბრუკლინი, რომელმაც კაირი ირვინგიც დაიმატა, აღმოსავლეთით მნიშვნელოვანი ძალა იქნება. ბრუკლინი შარშან პლეი ოფში გავიდა და ფილადელფიას დიდი ბრძოლა გაუმართა, ახლა მათ დეანჯელო რასელის ნაცვლად, კაირი ირვინგი ჰყავთ, რაც მათ შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები