Thumbnail

შენგელიას MVP-ს ტიტული – ქართველ ფორვარდს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თორნიკე შენგელიამ ბეტისთან მატჩში 18 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა
  • ქართველი ლეგიონერი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში ბეტისს 84:73 სძლია, მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) კი სწორედ საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მხოლოდ ოთხიოდ წუთი დაისვენა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 18 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

თორნიკემ ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა და მან 1 პუნქტით აჯობა პიერია ჰენრის, რომელმაც 21 ქულას 8 მოხსნა და 6 პასი წაამატა.

შენგელია შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდის მონაწილეც გახლდათ, როდესაც ლუკა ვილდოზას შორეულ პასს გამოეხმაურა და ბურთი ჰაერიდანვე ეფექტურად ჩატენა.

სათქმელია ისიც, რომ ბასკური კლუბი უმეტესი დროის განმავლობაში მდევრის როლში იყო, გამარჯვება კი ძლიერად ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის ხარჯზე იზეიმა, რომელიც 32:14 მოიგო.

ბასკონიამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მე-2 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 27 ოქტომბერს, სტუმრად, გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფესთან” ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები