Thumbnail
  • რა შეიცვალა ოქტომბრის შესარჩევი მატჩების შემდეგ
  • ერთა ლიგიდან პლეი ოფში - ცვლილებები მოხდა, კიდევ უფრო მეტი მოსალოდნელია

ევროპის ჩემპიონატების ოქტომბრის მატჩებმა ბევრი რამ გაარკვია, ცნობილი გახდა ევრო 2020-ის 6 მონაწილის ვინაობა. 14 საგზურის ბედი ნოემბერში შესარჩევი ციკლის დარჩენილი ორი ტურის თამაშებში გაირკვება. ყველაფერი კი 2020 წლის მარტში დასრულდება, როცა ერთა ლიგის პლეი ოფის ოთხი (A, B, C & D ლიგებში) გამარჯვებული ევრო 2020-ის ბოლო 4 საგზურს მიიღებს. 

საქართველოს ნაკრებმა ახალი ტურნირისა და უეფას რეფორმის წყალობით, შესანიშნავი შანსი მიიღო. მართალია, საგზური გუნდმა ჯერ კიდევ შარშან გაინაღდა, თუმცა ოფიციალურად ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის მონაწილე მაშინ გახდა, როცა შინ ირლანდიას ვერ მოუგო, ხოლო დანიამ შვეიცარია დაამარცხა და ვლადიმირ ვაისს ევროშესარჩევიდან საგზურის მოპოვების თეორიული შანსიც მოუსპო.

იტალიამ ევრო 2020-იც გაინაღდა, პირველ კალათში მოხვედრაც და A ჯგუფიც

ჯერ მხოლოდ სამი ნაკრებია ისეთი, რომლებსაც სხვა გზა გარდა შესარჩევი პლეი ოფისა არ დარჩენია და ისინი აუცილებლად ითამაშებენ მარტში. D ლიგიდან ასეთი ორია - საქართველო და ბელარუსი (ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ევრო 2020-ზე შესარჩევი ციკლიდან გასვლის შანსებს. მესამე ასეთი გუნდი C ლიგის შოტლანდიაა. 

ოქტომბერში 6-მა ნაკრებმა მოიპოვა ევრო 2020-ის საგზური: პირველი იყო ბელგია, რომელსაც ორი დღის შემდეგ იტალია მოყვა. მომდევნო დღეს რუსეთმა და პოლონეთმაც მიაღწიეს მიზანს, ერთი დღის შემდეგ მათ უკრაინა შეუერთდა და ბოლოს ესპანეთის ჯერიც მოვიდა. უკვე ცნობილია, რომ ევროპის ჩემპიონატზე იტალია და უკრაინა პირველ კალათში იქნებიან, მეტიც, ცნობილია, რომ იტალია ევრო 2020-ის A ჯგუფში ითამაშებს. 

ევრო 2020-ზე გასული ნაკრებები

ბელგია, იტალია, რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესპანეთი

ამ გუნდებიდან ერთა ლიგიდან პლეი ოფში მხოლოდ უკრაინა იყო გასული. ბუნებრივია, ანდრეი შევჩენკოს გუნდს ეს პლეი ოფი აღარ ჭირდება და მასში B ლიგიდან მეხუთე საუკეთესო გუნდი ჩაერთვება. 

უეფას მიხედვით (ოქტომბრის მატჩების შემდეგ), ერთა ლიგიდან პლეი ოფში გასული გუნდების სავარაუდო სია ასე გამოიყურება:

A ლიგიდან: შვეიცარია | ისლანდია | ბულგარეთი/ ისრაელი/ რუმინეთი * 

B ლიგიდან: ბოსნია | უელსი | სლოვაკეთი | ჩრდ. ირლანდია

C ლიგიდან: შოტლანდია | ნორვეგია | სერბეთი | ბულგარეთი/ ისრაელი/ რუმინეთი* 

D ლიგიდან: საქართველო | ჩრდ. მაკედონია | კოსოვო | ბელარუსი

* მიმდინარე მდგომარეობით წილისყრა გადაწყვეტს ბულგარეთი/ ისრაელი / რუმინეთის სამეულიდან, რომელი 2 იასპარეზებს A ლიგის პლეი ოფში და რომელი C ლიგის პლეი ოფში. 

მართალია, გადაწყვეტილია, რომ საქართველო და ბელარუსი აუცილებლად ითამაშებენ 2020 წლის მარტის პლეი ოფში, მაგრამ ჯერ არ არის ცხადი, რომ ნახევარფინალში მაინცდამაინც ბელარუსს ვუმასპინძლებთ, თუ კოსოვო ან ჩრდილოეთ მაკედონია (ან ორივე) შესარჩევი ციკლიდან საგზურს მოიპოვებენ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება და ბელარუსს ნახევარფინალში ავცდებით. 

წაიკითხეთ სტატია ამის შესახებ

შეგახსენებთ, ერთა თასის ლიგების გამარჯვებულ ოთხეულებს:

A ლიგა: ინგლისი | ჰოლანდია | პორტუგალია | შვეიცარია

B ლიგა: ბოსნია | დანია | შვედეთი | უკრაინა

C ლიგა: ფინეთი | ნორვეგია | შოტლანდია | სერბეთი

D ლიგა: ბელარუსი | ჩრდ. მაკედონია | საქართველო | კოსოვო

შესარჩევი პლეი ოფების წილისყრა 22 ნოემბერს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები