Thumbnail
  • ქართველი ცენტრის სადებიუტო მატჩს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა
  • გოგა ბითაძემ მინესოტასთან მატჩში 14 ქულა ჩააგდო 

საქართველოს ნაკრების 20 წლის ცენტრ გოგა ბითაძეს ინდიანა პეისერსში ჩინებული დებიუტი ჰქონდა. გოგამ მინესოტა ტიმბერვულვზთან მოსამზადებელ შეხვედრაში 14 ქულა ჩააგდო და თითქმის ყველაფერი აჩვენა, რის გამოც მას დიდ მომავალ უწინასწარმეტყველებენ. გასაკვირი არ ყოფილა, რომ თამაშის შემდეგ, ქართველი კალათბურთელის მიმართ ინტერესმა კიდევ უფრო იმატა.

indiana pacers 111:119 minnesota timberwolves

დებიუტი მინესოტას წინააღმდეგ 🏀🇬🇪 NBA Debut vs Minnesota Timberwolves 🏀💪 #Pacers

Posted by Goga Bitadze on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2019

“თავდაპირველად ნამდვილად ვნერვიულობდი, თუმცა, მწვრთნელებმა და თანაგუნდელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა თავი მშვიდად მეგრძნო. მოედანზე დაბრუნება მართლაც ძალიან კარგი იყო”- ასე გამოეხმაურა თავად ბითაძე პირველ შეხვედრას, რომელშიც ყველაზე წარმატებული პერიოდი მე-2 ტაიმის სტარტზე ჰქონდა.

იმ წუთებში გოგამ დაფარება მიითვალა, ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი მიჯრით 2 სამქულიანი გამოიყენა და დაამტკიცა, რომ პერიმეტრიდანაც სახიფათო მოთამაშეა. გოგას ამ გაბრწყინებას მინესოტელთა წუთშესვენება მოჰყვა, გუნდელებმა კი ახალწვეულს წარმატებული თამაში განსაკუთრებულად მიულოცეს.

“ბიჭები გვერდში მართლაც მაგრად დამიდგნენ. ყველანი ძალიან მქომაგობდნენ, რათა რაც შეიძლება მეტი მესროლა და ჩამეგდო. თუმცა, ცხადია, ზომიერება ყველაფერში საჭიროა. ზოგჯერ ტყორცნაა საჭირო, ზოგჯერ კი პასის გაკეთება. ამ საღამოს თავი ნამდვილად კომფორტულად ვიგრძენი, მაგრამ ვნახოთ რა იქნება მომავალაში. მე უბრალოდ გავალ და ვითამაშებ”.

ქართველმა ცენტრმა 4 ორქულიანი და 2 სამქულიანი ჩააგდო

ინდიანაში ბითაძის დებიუტს კარგა ხანი ელოდნენ, ამდენად, მის მოედანზე პირველად გამოჩენას განსაკუთრებული ემოციები მოჰყვა. შემდეგაც, ქართველი ცენტრის თითოეულ შედეგიან ქმედებას დარბაზი კმაყოფილი შეძახებილებით ხვდებოდა.

“მათ დიდი სიყვარული მაჩვენეს და ეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფანები პერსონალურადაც მქომაგობდნენ, რამაც დამატებითი მოტივაცია მომცა. ვგრძნობ, რომ საუკეთესო ფორმაში ჯერ არ ვარ და მომატება კიდევ მჭირდება. მინესოტასთან თამაში წავაგეთ, თუმცა, ეს მხოლოდ წინასასეზონო შეხვედრა იყო. მომავალშიც, როდესაც მოედანზე გავალ, 100%-ით დავიხარჯები”.

გოგამ მოედანზე 24:19 წუთი გაატარა

საინტერესოა, რომ გოგას თამაში NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრ კარლ-ენთონი თაუნსის წინააღმდეგ მოუწია, რომელსაც ლიგის ვარსკვლავებიც კი ვერ უმკლავდებიან. თაუნსმა ამჯერადაც გაიბრწყინა, თუმცა, ბითაძეს მის შესაჩერებლად ცდა არ დაუკლია და ეს, შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

“სახელებს ნაკლებად ვაკვირდები. როდესაც სათამაშოდ გავდივარ, ვიცი, რომ ჩემი საქმე უნდა შევასრულო. შესაძლოა, თაუნსი მართლაც დიდი მოთამაშეა, მაგრამ განსაკუთრებული განწყობა არ მქონია. როგორც ყოველთვის ვცდილობდი, საუკეთესოდ მეთამაშა”, - დასძინა ქართველმა ლეგიონერმა.

“გოგასთვის უკეთესის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. მან პირველივე მატჩში ძალები იმ კალათბურთელთან მოსინჯა, რომლისთვის ოლ სტარში თამაში უცხო არაა. თუკი შენ თაუნსის შეჩერებას ახერხებ, ესე იგი, ლიგაში ნებისმიერის წინააღმდეგ დაცვა შეგიძლია. ბითაძეს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა, დღეს მან დიდებულად ითამაშა”, - ასე გამოეხმაურა აღნიშნულ დუელს ინდიანელთა ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი, რომელიც ქართველი ცენტრის შესაძლებლობებში აქამდე დარწმუნებული იყო.

თაუნსთან ჭიდილი გოგასთვის მართლაც დიდი გამოწვევა იყო. ტიმბერვულვზის ლიდერი ბოლომდე იხარჯებოდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ქართველ ახალწვეულზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ამ დაპირისპირებას ინდიანელთა სათადარიგო სკამი განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდა და გოგას შესაბამის მითითებებს აძლევა. “უფრო ახლოს ეთამაშე, ის მსროლელია”, - რამდენჯერმე შეუძახა გოგას პეისერსის თავკაცმა ნეიტ მაკმილანმა, მას შემდეგ, რაც კარლ-ენთონი შორეული ტყორცნებზე გადავიდა...

გოგა ბითაძე კარლ-ენთონი თაუნსის შეჩერებას ცდილობს

თამაშის შემდეგ, ინდიანელთა დამრიგებელმა ბითაძის შესახებ დამატებითი კომენტარი გააკეთა, სადაც ნათლად სჩანს, რომ ქართველის ძალიან ეიმედება:

“ვფიქრობ, თავიდან ის მცირე შოკშიც კი იყო იმის შემხედვარე, მოედანზე ვისთან ერთად ყოფნა უწევდა. მე-2 ტაიმის სტარტზე გასულმა კი აღმოაჩინა, რომ საერთოდაც კარლ-ენთონი თაუნსის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. ლიგაში თავის დასამკვიდრებლად მართლაც რომ სასარგებლო თამაში იყო. მას კარგი სროლა აქვს, პასი ეხერხება, კალათს კარგად იცავს და სამწამიანი ზონაში დამაჯერებლად დგას. ვფიქრობ, დაცვაში მისი თამაში ტერნერისას ძალიან ჰგავს და ეს, კარგი ამბავია”.

📺 ინდიანა 111:119 მინესოტა

ბითაძის დებიუტთან დაკავშირებით ინდიანას კიდევ ერთმა ახალწვეულმა ტი ჯეი მაკკონელმა ისაუბრა, რომელიც პეისერსში ზაფხულში ფიულადელფიადან გადაბარგდა და მინესოტასთან მატჩში 10 ქულას 8 პასი წაამატა.

“გოგას ეტყობა, რომ თამაშზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. დიდ კალათბურთელები თავის საქმეს მოედნის ორივე ნახევარზე აკეთებენ და მას, ეს ნამდვილად ძალუძს. გამოცდილების მიღებასთან ერთად, ბითაძე კიდევ უფრო დახვეწილი გახდება და მაშინ ლიგა კიდევ ერთ კარგ მოთამაშეს მიიღებს”.

ინდიანა პეისერსს NBA-ს რეგულარული სეზონის სასტარტო მატჩი 24 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას ბოლო გუნდ დეტროიტ პისტონსთან ელის და თუკი, ბითაძის დღევანდელ გარჯას გავითვალისწინებთ, მას გუნდის როტაციაში მოხვედრის იმედი ნამდვილად უნდა ჰქონდეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები