Thumbnail
  • მსოფლიო რაგბიმ ნაკრები უკვე გავარდნილი გუნდებიდან დააკომპლექტა
  • ბორჯღალოსანთაგან გარჯა გორგაძეს და გოგიჩაშვილს დაუფასდათ

მსოფლიო რაგბიმ 2019 წლის მსოფლიოს თასიდან უკვე გავარდნილი ნაკრებების მოთამაშეთაგან სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც 2 ბორჯღალოსანი – ბექა გორგაძე და გურამ გოგიჩაშვილი მოხვდა.

ამასთან, 8 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე გორგაძე ძირითად თხუთმეტეულში შეიყვანეს, ბურჯი გოგიჩაშვილი კი თადარიგში აღმოჩნდა.

მსოფლიო თასის ოფიციალურ ვებგვერდზე ძირითადი რაზმის წევრების დახასიათებაც გამოქვეყნდა, ბექას თაობაზე კი შემდეგი წერია:

“მორაგბე, რომლის გვარიც მამუკა გორგოძისას ძალიან ჰგავს, საქართველოს ნაკრების შეტევების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ბექამ ბურთთთან ერთად 149 მეტრი იარა, გუნდში ყველაზე მეტი 38 ბოჭვა გააკეთა და მეტოქეს ოვალი 5-ჯერ წაღლიტა, რაც მისი პოზიციის მოთამაშისთვის საუკეთესო მაჩვენებელია”.

გურამ გოგიჩაშვილი (ბურთით) ურუგვაისთან მატჩში

შეგახსენებთ, რომ 23 წლის გორგაძე ფრანგული ტოპ 14-ის ლიდერ ბორდოში ირიცხება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი უკვე 23 მატჩი აქვს ჩატარებული.

ბექამ იაპონიაში მსოფლიო თასზე პირველად ითამაშა და მონაწილეობა ოთხივე მატჩში მიიღო – უელსთან, ურუგვაისთან, ფიჯისთან და ავსტრალიასთან.

ძალიან პერსპექტიულ მორაგბედ მიიჩნევა გოგიჩაშვილიც, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა, ბორჯღალოსნებში ფეხი უკვე მყარად მოიკიდა.

გურამს ფრანგულ რასინგშიც სათამაშო დრო რეგულარულად ეძლევა, 2019 წლის მსოფლიო თასზე ასევე 4-ვე შეხვედრა ჩაატარა, სულ კი, ბორჯღალოსანთა მაისურით 10 მატჩში უთამაშია.

სრულად სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: 1. ნაჰუელ ტეტაზ ჩაპარო (არგენტინა), 2. ჯო ტაუფეტე’ე (აშშ), 3. მაიკლ ალაალატოა (სამოა), 4. გუიდო პეტი (არგენტინა), 5. ჯონი გრეი (შოტლანდია), 6. ხუან გამინარა (ურუგვაი), 7. ჯეიკ პოლედრი (იტალია), 8. ბექა გორგაძე (საქართველო), 9. სანტიაგო არატა (ურუგვაი), 10. ფინ რასელი (შოტლანდია), 11. სემი რადრადრა (ფიჯი), 12. სიალე პიუტაუ (ტონგა), 13. ვაისეა ნაიაკალევუ (ფიჯი), 14. მატია ბელინი (იტალია), 15. ტელუსა ვეაინუ (ტონგა).

სათადარიგოები: 16. ტორსტენ ვან იაარსველდი (ნამიბია), 17. გურამ გოგიჩაშვილი (საქართველო), 18. კირილ გოტოვცევი (რუსეთი), 19. ანდრეი ოსტრიკოვი (რუსეთი), 20. ლუკას რამბოლი (კანადა), 21. რუბენ დე ჰაასი (აშშ), 22. ჰელარიუს (კისტინგი), 23. ალაპატი ლეიუა (სამოა).

კომენტარები

ბოლო ამბები