Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო D ჯგუფში ბოლოსწინა, მეშვიდე მატჩი ჩაატარა. ვლადიმირ ვაისის გუნდი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო, მატჩის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა მაინც ძალიან გაუჭირდა. 

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვედრის შანსი ამ თამაშამდე დაკარგული ჰქონდა და შესაბამისად, გიბრალტართან შეხვედრის შედეგს ამ მხრივ არანაირი მნიშვნელობა ჰქონდა. სლოვაკმა სპეციალისტმა ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში დააყენა დავით ხოჭოლავა, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ხარაიშვილი, ლევან შენგელია და ელგუჯა ლობჯანიძე... 

"ვიქტორია სთედიუმზე" ანგარიში თამაშის დასაწყისშივე გაიხსნა - გიორგი ხარაიშვილმა ლევან შენგელიას გადაცემის შემდეგ შეაგდო. ეს 23 წლის ნახევარმცველის სადებიუტო გოლია ეროვნულ გუნდში.

📺 0:1 ხარაიშვილი (10')

მეორე გოლი მასპინძელთა კარში ათიოდე წუთის შემდეგ გავიდა - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ბრწყინვალე შორეული დარტყმით გაიტანა. 

📺 0:2 კანკავა (21')

ასეთი დასაწყისის შემდეგ, ვაისის გუნდს გამარჯვების მოპოვება თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში იმდენი მოახერხა, მეტოქეს ზედიზედ ორი გოლის გატანისა და ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

იქამდე ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელიც მედიკოსებმა პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ვაისმა გიორგის ნაცვლად თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო.

📺 ხარაიშვილის ტრავმა 

გოლის გატანის რეალური შანსი მასპინძლებს ჯერ მე-60 წუთზე ჰქონდათ. გიორგი ლორიასთან პირისპირ დე ბარი დარჩა, თუმცა 19 წლის ფეხბურთელმა ცარიელ კარს ააცილა.

📺 გიბრალტარის შანსი 

გიბრალტარმა საქართველოს ნაკრებს გოლი მაინც გაუტანა - რაც ვერ მოახერხა 19 წლის დე ბარმა, შეძლო 38 წლის კაშარომ, რომელსაც გიორგი ნავალოვსკიმ ხელი ვერაფრით შეუშალა. ეს გიბრალტარელთა პირველი გოლია ამ შესარჩევში.

📺 1:2 კაშარო (67') 

მასპინძლები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ცოტა ხანში ლორიას კარში მეორედაც გაიტანეს. საქართველოს ნაკრების მეკარემ უოკერის ძალიან სახიფათო დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ კუთხურის შემდეგ როი ჩიპოლინას თავურს ვერ გაუმკლავდა.

📺 2:2 რ. ჩიპოლინა (74') 

ვლადიმირ ვაისი სირცხვილისგან შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ქვილითაიამ იხსნა, რომელმაც ლევან შენგელიას ჩაწოდების შემდეგ შეაგდო.

📺 2:3 ქვილითაია (84') 

საქართველოს ნაკრები, რომელიც 7 მატჩში მოპოვებული 8 ქულით D ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ევროშესარჩევს 15 ნოემბერს, სტუმრად შვეიცარიასთან დაპირისპირებით დაასრულებს.

ჩვენს ჯგუფში პარალელურად შვეიცარია-ირლანდიის მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ჯგუფს 12-12 ქულთ ირლანდია და დანია ლიდერობენ, მესამეზე კი 11 ქულით შვეიცარიაა. ამასთან, დანიას და შვეიცარიას თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. 

გიბრალტარი 2:3 საქართველო

გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10'), 0:2 კანკავა (21'), 1:2 კაშარო (67'), 2:2 რ.ჩიპოლინა (74'), 2:3 ქვილითაია (84').

გიბრალტარი (4-2-3-1): გოლდვინი - სერჯანტი, რ.ჩიპოლინა, დ.ჩიპოლინა (ბარნეტი, 82'), ოლივერო - ბადრი (ერნანდესი, 81'), მუელჰი - ლ.კაშარო - უოკერი (პონი, 89'), ბრიტო - დე ბარი.

საქართველო (4-1-4-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვერკველია, 90') - კანკავა -  ხარაიშვილი (კიტეიშვილი, 60'), შენგელია, ანანიძე, ყაზაიშვილი - ლობჯანიძე (ქვილითია, 68').

📷 | GFF

კომენტარები

ბოლო ამბები