Thumbnail
  • გოგა ბითაძე ინდიანას მაისურით პირველ მატჩს ხვალ დილით ჩაატარებს
  • პეისერსის ძირითადმა ცენტრმა ქართველზე აღმატებით ხარისხში ისაუბრა

ის, რასაც კალათბურთის ქართველი ქომაგი თვეების განმავლობაში ელოდა, ხვალ დილით უნდა მოხდეს. ინდიანა პეისერსის ცენტრმა გოგა ბითაძემ სავიზო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები უკან მოიტოვა და თუკი დარჩენილ საათებში გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, NBA-ს კლუბის მაისურით პირველ მატჩს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ინდიანელებს წინასასეზონო პერიოდში სამივე შეხვედრა მოგებული აქვთ (2-ჯერ საკრამენტო კინგსთან და ერთხელ - ჩიკაგო ბულსთან), დასკვნითი მატჩი კი მინესოტა ტიმბერვულვზთან ელით. ეს თამაში ინდიანაში 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი, მანამდე კი, ამერიკული მედია გოგას შესაძლო დებიუტს აქტიურად ეხმაურება.

“თამაში მართლაც ძალიან მჭირდება. გასულ პერიოდში ტრავმის მიუხედავად გარკვეული სახის ვარჯიშებს ვაკეთებდი და მოუმზადებელი ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ, უშუალოდ მოედანზე ბევრი რამ გამოჩნდება. NBA-ს გუნდის წინააღმდეგ არცერთხელ მითამაშია და ცხადია, რომ ასეთი გამოცდილება აუცილებელია. მინესოტასთან მატჩს მოუთმენლად ველი. იმედია, თავის გამოჩენის საშუალება მომეცემა” – აღნიშნა ბითაძემ, რომელიც მე-2 დღეა სრულფასოვნად ვარჯიშობს და კოჭის ტრავმას აღარ შეუწუხებია.

ინდიანელთა მთავარ მწვრთნელს ნეიტ მაკმილანს ეტყობა, რომ ქართველი ახალწვეულის იმედი აქვს, თუმცა, შეფასებებში მაინც ფრთხილია. “მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, ჯერ ხომ NBA-ში 1 მატჩიც არ აქვს ჩატარებული”, - ამბობს მაკმილანი და ეს, გასაკვირიც არაა. გოგა გუნდის ვარჯიშებზე ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა, სულ სხვაა რეგულარული სეზონი, როდესაც თამაშების სიმჭიდროვე და შესაბამისად, დატვირთვაც გაიზრდება.

“NBA-ს კალათბურთელების სისწრაფე, ძალა – ეს ისაა, რასაც ლიგაში მოსული ახალი კალათბურთელები არასდროს შეჯახებიან. მართალია, ბითაძე საწვრთნელ პროცესში თანაგუნდელთა წინააღმდეგ ყოჩაღად გამოიყურებიდა, თუმცა, თამაშისას ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მაგალითად, ხვალ მინესოტას მაისურით ჯეფ ტიგი დაგვიპირისპირდება და ვფიქრობ, გოგას ასეთი სისწრაფის მქონე კალათბურთელი არც უნახავს”.

ორი დღეა, გოგა სრული დატვირთვით ვარჯიშობს

პეისერსის თავკაცი ტიმბერვულვზთან მატჩის საწყის ნახევარში ისევ გამოცდილ კალათბურთელებს დაეყრდნობა, მეორეში კი უკვე საქმეში რეზერვსაც ჩართავს და მოსალოდნელია, რომ ამ დროს საქმეში ბითაძესაც ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ კალათბურთელს მოსამზადებელი პერიოდის დიდი ნაწილი გაუცდა, გუნდის როტაციაში მაილს ტერნერის შემდეგ, მე-2 ცენტრად მაინც ის ითვლება.

გოგამ ვარჯიშებზე დაამტკიცა, რომ სამწამიან ზონაში მოქმედების გარდა, პერიმეტრზე მოძრაობაც კარგად ეხერხება და მისთვის უცხო არც შორეული სროლებია. ბითაძემ რომ სამქულიანის ჩაგდება იცის, პეისერსში უკვე დარწმუნდნენ, თუმცა, ცხადია, რომ NBA-ს პირველ მატჩებში მას ნამდვილ გამოცდას მოუწყობენ.

მოსალოდნელია, რომ მეტოქის ცენტრები თავდაპირველად გოგას პერიმეტრზე დევნას არ დაიწყებენ და მას თავისუფალი შორი სროლების შანსი მიეცემა. ქართველმა ახალწვეულმა თავი სწორედ ამ დროს უნდა გამოიჩინოს. თუკი მან აჩვენა, რომ სტაბილური სამქულიანი აქვს, ეს, მისი მეტოქეებისთვის დიდი პრობლემა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე თავად ბითაძეს ექნება ფარქვეშ უდიდესი სამუშაო. მის უმთავრეს გამოწვევებზე თავად გოგაც საუბრობს.

“ფიზიკურად ძალიან დატვირთული ორთაბრძოლები მელის და ყველაფერი უნდა მოვასწრო. სამწამიანში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედო, რათა მეტოქის უკანახაზელებზე გადასვლა და ამით, თანაგუნდელთა დაზღვევაც მოვასწრო. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო. იქნებ, ჩემი გარჯა 4 ნომრის პოზიციაზეც კი იყოს საჭირო”.

სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ვარიანტი ამერიკულ მედიაშიც განიხილება. არსებობს ვარაუდი, რომ ბითაძე მართლაც მოისინჯოს მძიმე ფორვარდის პოზიციაზე და ამ შემთხვევაში, ის და ტერნერი მოედანზე ერთდროულად ყოფნას შესძლებენ.

2019 FanJam

შეხვედრა გულშემატკივართან 🇬🇪 Fans met the 2019-20 Pacers 🏀

Posted by Goga Bitadze on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2019

“თუკი გოგა საშუალო და შორი დისტანციიდან უფრო კარგად ესვრის ვიდრე საბონისი და ამას მოედანზეც დაამტკიცებს, რატომაც არა? ამ შემთხვევაში დომანტასი მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე დაბრუნდება, სადაც კარიერის დიდი ნაწილი აქვს გატარებული და იქნებ, გუნდს უფრო მეტი სარგებელიც მოუტანოს”, - წერს IndyStar-ი.

მაკმილანს საფიქრალი მართლაც ბევრი აქვს, მითუმეტეს, რომ სრული შემადგენლობის შეკრებას ჯერაც ვერ ახერხებს. აარონ ჰოლიდეიმ ბოლო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და ვარჯიში ახლაღა განაახლა. ედმონდ სამნერი, რომელიც ჯერემი ლემბის შემცვლელად განიხილება, ჯერაც დაშავებულია, ისევე, როგორც ტი ჯეი ლიფი, რომელსაც მზადების ძირითადი ნაწილი ბითაძის მსგავსად გაუცდა.

მოსალოდნელია, რომ ინდიანას როტაციაში მეტწილად 9-10 კალათბურთელი მოხვდება, კონკურენცია კი საკმაოდ დიდია. სეზონი სტარტს 23 ოქტომბერს აიღებს, თუმცა, ჩამოყალიბებული არც პეისერსის მწვრთნელი არაა. როგორც სჩანს, ბევრი რამ საწყის თვეზე იქნება დამოკიდებული. “ჯერ სეზონი დაიწყოს. ყველაფერი მაშინ გამოჩნდება. სადღაც 23 ნოემბრისთვის იგივეს თუ მკითხავთ, გაცილებით მეტის თქმა შემეძლება”, - ამბობს მაკმილანი.

გოგა ბითაძე და მაილს ტერნერი

ცხადია, აქ საუბარი ძირითადად სარეზერვო მოთამაშეებზეა, თორემ ინდიანას რამდენიმე კალათბურთელი ნამდვილად ჰყავს, რომელთაც სათამაშო წუთები გარანტირებული აქვთ. ერთ-ერთი მათგანი ხსენებული მაილს ტერნერია, რომელიც NBA-ში 19 წლის ასაკში გამოჩნდა, ერთი სეზონი ტექსასის უნივერსიტეტში გაატარა, ამჟამად კი, პეისერსის ერთი-ერთი ლიდერია.

ბითაძის მოსალოდნელ დებიუტამდე ერთი დღით ადრე, ტერნერი Clutchpoints-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ გოგა გაცილებით უკეთ არის მომზადებულია ლიგისთვის, ვიდრე თავად – NBA-ში გამოჩენისას.

“ვფიქრობ, მას თამაში გაცილებით უკეთ ესმის. როდესაც NBA-ში მე მოვედი, დაცვაში თამაშის ბევრი არაფერი გამეგებოდა. ზოგჯერ იყო სიტუაციები, როდესაც უბრალოდ არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. კიდევ კარგი, სროლა მაინც შემეძლო. ხშირ შემთხვევაში, ეს მშველოდა. ბითაძემ ცოტ-ცოტა ყველაფერი იცის და ეს, ძალიან მნიშვნელოვანია. შემიძლია ვთქვა, რომ NBA-ში გამოჩენის პერიოდში მე ასეთი კარგი არ ვყოფილვარ”.

ამასთან, მაილსს ისიც კარგად ესმის, რომ გოგას მაღალ დონეზე სათამაშოდ გამოცდილება აკლია და ის, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა შეიძინოს. კარგი იქნებოდა, ბითაძეს საზაფხულო ლიგაში და ოქტომბერში უკვე ჩატარებულ მატჩებშიც ეთამაშა, ახლა კი, ოთხშაბათს დილით კი, თავის გამოჩენის პირველი და უკანასკნელი შანსი ექნება.

“მართლაც ძნელი იქნება. გოგას NBA-ს დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვს. თანაც, მოსამზადებელი შეხვედრები კიდევ სხვაა და უშუალოდ სასეზონო მატჩები – სხვა. იმედი მაქვს, ის მინესოტასთან ბევრ რამეს გვანახებს. ვარჯიშებზე მისი შესაძლებლობები ყველამ ვნახეთ, თუმცა, რეალური გამოცდილებისთვის რეგულარული სეზონის თამაშები სჭირდება”, - დასძენს ტერნერი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები