Thumbnail

ერთადერთი ტიტული, რომელიც აკლია - ფედერერი ოლიმპიადაზე ითამაშებს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როჯერ ფედერერი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს
  • ლეგენდარულ შვეიცარიელს ერთეულთა თანრიგში ოლიმპიური ოქრო მოგებული არ აქვს

ჩოგბურთის სუპერვარსკვლავი როჯერ ფედერერი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს, კარიერაში მესამე ოლიმპიური მედლის მოპოვებას შეეცდება და იმედი აქვს, რომ ეს იქნება მისი პირველი ოქრო ერთეულთა თანრიგში.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ეს ინფორმაცია ამერიკელ ჯონ ისნერთან საჩვენებელი მატჩის შემდეგ დაადასტურა: “ჩემს გუნდთან ერთად ერთი თვის განმავლობაში ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა უიმბლდონის შემდეგ აშშ-ის ღია პირველობის დაწყებამდე. საბოლოოდ, გულმა მიკარნახა, რა უნდა მექნა,” - განაცხადა ფედერერმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე არ იყო გარკვეული, იასპარეზებდა თუ არა როჯერი ტოკიოში, რის გამოც ბოლო დროს გახშირდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ფედერერი კარიერის დასრულებას გეგმავდა. ოლიმპიადაზე ტურნირის დასრულების შემდეგ როჯერი 39 წლის გახდება.

როჯერმა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 2000 წელს, სიდნეიში იასპარეზა და მაშინ ნახევარფინალში ტომი ჰაასთან დამარცხდა.

როჯერ ფედერერი 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სიდნეიში

2004 წელს ათენში და 2008 წელს პეკინში როჯერი შვეიცარიის მედროშე გახლდათ. 2008 წელს მან თანამემამულე სტენ ვავრინკასთან ერთად წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, 2012 წელს კი, ლონდონში, ერთეულთა თანრიგში ვერცხლის მედალს დაეუფლა - ფინალში ენდი მარისთან დამარცხდა. 2016 წლის თამაშები (რიოში) ფედერერმა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები