Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების თამაშის ტაქტიკური ანალიზი
  • ნაკრების ტერიტორიული უპირატესობა გოლებად ვერ გარდაიქმნა
  • პოზიციური შეტევა ვაისის გუნდს უჭირს
  • რას უნდა ველოდოთ ბელარუსთან მატჩის წინ

ირლანდიასთან თამაშს ბევრი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი. შესარჩევი ციკლი დასასრულისკენ მიდის და შედეგები უკვე სახეზეა. გარდა ამისა, ერთა ლიგის უმნიშვნელოვანეს ნახევარფინალამდე ბელარუსის წინააღმდეგ ხუთ თვეზე მეტი დარჩა, თუმცა ამ პერიოდში ნაკრებს სულ რამდენიმე თამაშის ჩატარება მოუწევს: გიბრალტარი ზედმეტად სუსტია იმისათვის, რომ სპარინგად განვიხილოთ, შვეიცარია კი - ზედმეტად ძლიერი. ირლანდიასთან საშინაო შეხვედრა ალბათ ყველაზე ახლოს იყო იმ სცენართან, რომელიც ბელარუსთან შეხვედრის დროს უნდა განვითარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია უფრო მაღალი კლასის გუნდია, სტილით გარკვეულწილად ბელარუსს ჰგავს კიდეც - ორივე ეს გუნდი აქცენტს გუნდურ თამაშზე, ფიზიკურ მომზადებაზე, შეტევაში კი ჩაწოდებებსა და სტანდარტებზე აკეთებს.

კარგი თამაში მოედნის ორ მესამედზე

თუკი დანიასთან თამაშის შემდეგ მიღწეული ფრე საქართველოს ნაკრების აქტივში უნდა ჩაითვალოს, ირლანდიასთან თამაშის შემდეგ, გულშემატკივარს და ალბათ ფეხბურთელებსაც, ჰქონდათ იმის განცდა, რომ მეტის მიღწევა შეიძლებოდა.

მოედნის ორ მესამედზე (საკუთარ ნახევარსა და მოედნის ცენტრში მეტოქის საჯარიმოს მისადგომებამდე) საქართველოს ნაკრები უკეთესი გუნდი იყო. ყველა ძირითად სათამაშო კომპონენტში ქართველები უფრო სოლიდურად გამოიყურებოდნენ - ვაისის გუნდს არ ჰქონდა დაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანის პრობლემა (რაც დანიასთან იყო), უფრო მეტს ფლობდა ბურთს (54 პროცენტი), უკეთესად ათამაშებდა, კარგად იბრუნებდა დაკარგულ ბურთებს, ახერხებდა მეორე ტემპით შეტევას და თითქმის არაფერი შეაქმნევინა მეტოქეს დაცვაში.

ამის მიუხედავად, ამ უპირატესობის მომენტებად და სახიფათო დარტყმებად გარდაქმნას და მეტოქის საჯარიმოში ბურთიანად შეღწევას საქართველოს ნაკრები ვერ ახერხებდა. თამაშის ხასიათს ზუსტად გამოხატავს ერთი სტატისტიკური დეტალი: საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარისკენ 14-ჯერ დაარტყა, თუმცა კარში არცერთი დარტყმა არ ჰქონია - ანუ, დასარტყმელ პოზიციებამდე მივდიოდით, თუმცა ირლანდია სახიფათო დარტყმების საშუალებას არ გვაძლევდა.

ირლანდიური სტილი

თამაშის ხასიათი ირლანდიელთა სათამაშო სტილმაც განაპირობა. დანიისგან განსხვავებით, ირლანდიელები დიდი ძალებით არ აპრესინგებდნენ და ქართველებს გამოსდიოდათ ბურთის გათამაშება და დაცვიდან მოედნის ცენტრში გადატანა.

სამაგიეროდ, ირლანდია აქცენტს დიდი ძალებით კომპაქტური დაცვის დაყენებაზე აკეთებდა და თავის საჯარიმოში სივრცეებს, ფაქტობრივად, არ ტოვებდა. ირლანდია თბილისში ჯგუფის ლიდერის რანგში ჩამოვიდა და 3 ქულა ძალიან სჭირდებოდა, თუმცა მეორე ნომრად თამაშს არ მოერიდა. კომპაქტური დაცვა, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელებისგან შედგება, ირლანდიელთა საფირმო ნიშანია - შესარჩევის 6 თამაშში მათ მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს. საერთოდაც, ზუსტად 1 წელი თამაში არ წაუგიათ და ბოლო 9 თამაშში მხოლოდ 3 გოლი აქვთ გაშვებული. მათი პრობლემა ის არის, რომ ამ 9 თამაშში მათ 9 გოლის შეგდება მოახერხეს, რაც ბევრი ნამდვილად არ არის.

იმ ფონზე, რომ ტერიტორიული უპირატესობა საქართველოს ნაკრებს ჰქონდა, ირლანდია სტანდარტების, ან კონტრშეტევის იმედად იყო. სწორედ სტანდარტიდან შექმნეს ერთადერთი საგოლე მომენტიც.

საქართველოს ნაკრების დაცვა კარგად გამოიყურებოდა. ვაისმა დანიასთან ჩატარებული ძალიან კარგი მატჩის შემდეგ დაცვის ოთხეული (კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე) შეუცვლელად დატოვა. მათაც ირლანდიასთან ბევრად ნაკლები საქმე ჰქონდათ, თუმცა სოლიდურად გამოიყურებოდნენ და კონტრშეტევა მხოლოდ ერთხელ, მატჩის ბოლოს გაეპარათ.

რატომ ვერ გაგვაქვს გოლები

ირლანდიასთან თამაში მომენტების გარეშე ჩატარებული ერთადერთი შეხვედრა არ ყოფილა. ეს ტენდენციის ნაწილია. შესარჩევის 6 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, საიდანაც 3 გიბრალტართან შეხვედრაზე მოდის. თბილისში ჩვენზე მაღალი კლასის გუნდებთან (დანიასთან, შვეიცარიასთნ და ირლანდიასთან) გატანა ვერ მოვახერხეთ. კარგი ის არის, რომ თუ დანიასთან ჩაგდებულ გასვლით შეხვედრას არ ჩავთვლით (1:5), დარჩენილ 5 თამაშში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, რაც დაცვის სტაბილურ თამაშზე მეტყველებს.

ფაქტი ის არის, რომ საშუალო და მაღალი კლასის გუნდებთან, როგორიც მაგალითად ირლანდია და დანია არიან, მეტოქის უხეში შეცდომის იმედად ყოფნა არ გამოდის. ასე იყო ირლანდიასთანაც - მიკ მაკარტის გუნდმა შეტევაში ბევრი ვერაფერი აჩვენა, თუმცა დაცვაში შეცდომები არ დაუშვა.

ტერიტორიული უპირატესობის ფონზე, საქართველოს ნაკრებს არც სტანდარტული ჩაწოდებების იმედად ყოფნა გამოსდიოდა. ჩვენი ნაკრები ყველაზე ტანმაღალი გუნდი არ არის, მეტოქე კი თავით ძალიან კარგად თამაშობს.

ვაისის გუნდს შეტევაში არცთუ ისე ბევრი იარაღი აქვს. ჩვენი ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ძალიან კარგად ირგებს ხოლმე დამხმარე ფორვარდის როლს - ბევრს შრომობს, ძალიან კარგად თამაშობს მეტოქის კარისკენ ზურგით, იღებს გრძელ პასებს, თუმცა იმ ტიპის ფორვარდი არ არის, სულ არაფრიდან რომ გოლი გაიტანოს. ასეთი ფორვარდი პრინციპში შოთა არველაძის მერე აღარც გვყოლია.

ქვილითაიას სათამაშო სტილი და ხასიათი კარგად გამოჩნდა მე-11 წუთზე, როდესაც მან ინდივიდუალურად შეტევას თანაგუნდელისთვის დარტყმის შექმნა გადაწყვიტა. სწორადაც მოიქცა.

ჩვეულებრივ, ჩვენს ნაკრებში ძალიან ბევრი არის ხოლმე დამოკიდებული ყაზაიშვილი-ოქრიაშვილის ინდივიდუალურ თამაშზე. ირლანდიის ტიპის გუნდთან თამაშის მარტო მოგება ძნელია. გარდა ამისა, ჩვენს შემტევებს, არც ყაზაიშვილს, განსაკუთრებით კი არც ოქრიაშვილს და ანანიძეს ინდივიდუალურ დონეზე საუკეთესო დღე არ ჰქონიათ - მათი ტექნიკის და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მომენტების შექმნა არ გამოვიდა.

ჩემთვის საქართველოს ნაკრებს სტრუქტურულად ძალიან კარგი შეტევა ორჯერ გამოუვიდა. ორივე შემთხვევაში ეს შეტევა ჩვენი მოთამაშეების ძლიერ მხარეებს ძალიან კარგად წარმოაჩენდა. შეტევის განვითარების დინამიკა ორივე შემთხვევაში ერთნაირი იყო - ქვილითაია სიღრმეში ამოდის, მცველები ამოჰყავს, სივრცეს ქმნის, კარისკენ ზურგით თამაშობს და უტოვებს ბურთს მის ზურგსუკან დარჩენილ სივრცეში შემოჭრილ შემტევს. ამ ტიპის შეტევის შედეგად მატჩის პირველივე წუთზე ყაზაიშვილი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მეორე ტაიმში კი ანანიძემ მოიპოვა სახიფათო ჯარიმა.

მგონია, რომ ამ ტიპის შეტევა ძალიან პერსპექტიულია და საქართველოს წინა ხაზს ყველაფერი აქვს, ასე რომ შეუტიოს -. არის მეორე ფაქტორიც: ნაკრებს შეტევაში დაყენებული კომბინაციები უჭირს, მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თამაში კი ძნელია და ვლადიმერ ვაისს ერთა ლიგის ნახევარფინალამდე მოუწევს შეტევაში ორგანიზებულ და კომბინაციურ თამაშზე მუშაობა.

ორი ფორვარდით თამაში არ გამოვა

ზემოთ, შეტევაში საქართველოს ნაკრებზე ვწერდი და მგონია, რომ შემტევი თამაშის დახვეწა უკვე არსებული სქემის ფარგლებში უნდა მოხდეს. ქვილითაია ხშირად შეტევაში მარტო რჩება ხოლმე, თუმცა ისეთი სქემით თამაში, რომელიც ორ საჯარიმოს ფორვარდს გულისხმობს ნაკრებს, ჩემი აზრით, გაუჭირდება. პირველ რიგში, ვაისი უკვე დიდი ხანია სტაბილურად 4-2-3-1 სქემით თამაშობს, რომელშიც გამოკვეთილ საჯარიმოს ფორვარდს ორი განაპირა შემტევი ეხმარება და შეთამაშებულ სქემას არ შეცვლის.

გარდა ამისა, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნაკრების საუკეთესო შემტევები (ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი) ფლანგიდან შეტევას ამჯობინებენ, მეორე თავდამსხმელის დამატება მხოლოდ მოედნის ცენტრის მოთამაშის ხარჯზე შეიძლება გამოვიდეს - ეს კი ერთდროულად ოთხ მკვეთრად შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთელს და მოედნის ცენტრის დასუსტებას ნიშნავს, რაც აუცილებლად აისახება მოედნის ცენტრსა და დაცვაში თამაშზე.

ამ სიტუაციაში, ვაისს ძალიან აკლია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მოედნის ცენტრში ითამაშებს, ნახევარდაცვას დაეხმარება და სიღრმიდან შეტევაშიც ჩაერთვება და საქართველოს ნაკრების პოზიციური შეტევის დროს მეორე ფორვარდის როლს მოირგებს.

გიორგი ჩაკვეტაძის ფაქტორი

გულშემატკივარს დიდი იმედი აქვს, რომ ზემოთაღნიშნულ პრობლემათა ნაწილი გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებასთან ერთად გადაიჭრება. ჩაკვეტაძე ინდივიდუალურად ძლიერია და არაფრიდან შეუძლია გოლის გატანა - ეს ნაკრებს ძალიან დაეხმარება.

გარდა ამისა, მას მარცხენა ფლანგიდან შეტევა უყვარს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაისს ყაზაიშვილის ცენტრში გადაწევა შეუძლია. ვაკოს ყველაფერი აქვს ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის რომ წარმატებით ითამაშოს. შესაძლოა, ამ გადანაცვლებით საქართველოს ნაკრების შეტევა უფრო ეფექტური გახდეს.

ვინ გამოვარჩიეთ

მოედნის ცენტრში კანკავა-კიტეიშვილის წყვილი კარგად გამოიყურებოდა. კანკავამ, უკვე ტრადიციულად, ძალიან ბევრი ორთაბრძოლა და მიკროეპიზოდი მოიგო.სწორედ მისი სათამაშო აგრესიის და სიხისტის დამსახურებაა, რომ ირლანდიელებს დაცვიდან ამოსვლა უჭირდათ და საქართველომ ბევრი გადმოგდებული ბურთი დაიბრუნა.

ოთარ კიტეიშვილი უკვე ზედიზედ მეორე თამაშია, ნაკრების რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას ძალიან კარგი დინამიკა აქვს და ბევრს მოძრაობს. ფაქტობრივად, იგი ჩვენი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე მანძილს კარგად ფარავს და აკონტროლებს - ეს ძალიან დიდი სათამაშო ზონაა. თვალში მომხვდა, რომ ზედიზედ მეორე მატჩია, იგი მეორე ტაიმში მოძრაობას და ინტენსიურობას კიდევ უფრო უმატებს - ეს მის ძალიან კარგ ფიზიკურ მომზადებაზე მეტყველებს.

ელგუჯა ლობჯანიძემ სულ რამდენიმე წუთი ითამაშა, თუმცა ამ დროის მანძილზე გამოიკვეთა, რომ საქართველოს ნაკრებს მასთან ერთად იმ ტიპის ფორვარდით შეუძლია ჰყავდეს, როგორიც დიდი ხანია ჩვენი ნაკრების რიგებში არ ყოფილა. ლობჯანიძე მაღალი, ათლეტური და აგრესიულია და მეტოქის დაცვას მუდამ ზეწოლის ქვეშ ამყოფებს. ამ ტიპის ფეხბურთელთან ერთად, ნაკრებს შეტევაში კიდევ ერთი დამატებითი ოპცია შეიძლება ჰქონდეს.

დასკვნა

ირლანდიასთან საქართველოს ნაკრებს სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა. ვერავინ იტყვის, რომ ვაისის გუნდმა ცუდად ითამაშა. საწყენი ის არის, რომ ამ უპირატესობის გოლებად და მომენტებად გარდაქმნა არ გამოვიდა. დაახლოებით ამ ტიპის და მსგავსი სცენარის თამაში მოგვიწევს ბელარუსთან. იმ თამაშშიც, ბურთის ფლობის და ტერიტორიული უპირატესობის გოლებად გარდაქმნა, ჩვენი ნაკრების მთავარი გამოწვევა იქნება.

ყველაზე მეტად გული სხვა რამეზე დამწყდა. ირლანდიელებთან შედარებით, ქართველი ფეხბურთელები უფრო ტექნიკურად და საინტერესოდ გამოიყურებოდნენ, კლასიც თითქოს უფრო ჩვენს მხარეზე იყო და საერთოდაც, ირლანდიამ დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის მიუხედავად, მიკ მაკარტის გუნდი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია და წლიდან წლამდე ახერხებს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების საგზურისთვის ბრძოლას - ეს თავისი რესურსების მაქსიმალური რეალიზაციის გზით ხდება, საქართველოს ნაკრები კი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ იყენებს. მოკლედ, ირლანდიას რომ ვუყურებთ, უნდა დავიჯეროთ, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები