Thumbnail

ჰამბურგში ვან დერ ვაარტი გააცილეს - შოთა არველაძე ვერ ჩავიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ვან დერ ვაარტის გამოსათხოვარ მატჩში 13 გოლი გავიდა
  • შოთა არველაძემ ჰამბურგში ჩასვლა ვერ მოახერხა

უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი მოედანზე, 13 გოლი და ბევრი ემოციური მომენტი - დღეს, ჰამბურგის პუბლიკამ რაფაელ ვან დერ ვაარტი გააცილა. 36 წლის ჰოლანდიელის გამოსათხოვარი მატჩი ჰამბურგის ფოლკსპარკშტადიონზე გაიმართა და მასში ერთმანეთს ‘რაფას ჰამბურგის ვარსკვლავები’ და ‘რაფას ოლსტარი’ დაუპირისპირდნენ.

“ამ შესანიშნავი დღისთვის ყველას მადლობას ვუხდი. ულამაზესი კარიერა მქონდა, რომლის საუკეთესო წლები სწორედ ჰამბურგში გავატარე. მადლობა ყველას!” - განაცხადა ვან დერ ვაარტმა მატჩის შემდეგ, რომელშიც 13 გოლი გავიდა. თამაში რაფას ოლსტარმა 7:6 მოიგო.

რუუდ ვან ნისტელროიმ დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ კარგ ფორმაშია

მატჩში, რომელსაც 30 000 მაყურებელი დაესწრო, წესით საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირ შოთა არველაძესაც უნდა ეთამაშა. ვან დერ ვაარტმა შოთა სექტემბრის დასაწყისში დაპატიჟა, თუმცა ქართველმა ჰამბურგში ჩასვლა ვერ მოახერხა.

ჰამბურგის ვარსკვლავებიდან გოლები აილტონმა, პიოტრ ტროხოვსკიმ და ბასტიან რაინჰარდტმა გაიტანეს, ვან დერ ვაარტმა კი დუბლი შეასრულა. მეექვსე გოლი რაფაელის 13 წლის შვილის, დამიანის ანგარიშზეა.

მსოფლიო ნაკრებიდან (რაფას მეგობრები) კი გოლებით რუუდ ვან ნისტელროი (2), ენდი ვან დერ მეიდე (2), არიენ რობენი (2) და რობინ ვან პერსი გამოირჩნენ. ჰამბურგის ლეგენდების მწვრთნელები თომას დოლი და ბრუნო ლაბადია იყვნენ, მსოფლიოს ნაკრებისა კი - ლუის ვან გაალი.

რაფას ოლსტარის კარს ედვინ ვან დერ სარი იცავდა

ვან დერ ვაარტმა, რომელსაც ჰოლანდიის ნაკრებში 109 მატჩი (25 გოლი) აქვს ჩატარებული, ხოლო ჰამბურგისთვის კი 199 შეხვედრა ჩაატარა (66 გოლი), ორივე გუნდში თითო ტაიმი ითამაშა. მან შარშან დაასრულა აქტიური სპორტული კარიერა, რომლის განმავლობაში, ჰამბურგის გარდა, ამსტერდამის აიაქსში, მადრიდის რეალში და ტოტენჰემში თამაშობდა. ვან დერ ვაარტმა ბოლო სეზონი ესბიერგში გაატარა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები