Thumbnail
  • ქართველმა მოციგურავემ ალმათიში ახალი პროგრამა წარადგინა
  • მორის ყვითელაშვილმა კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა

24 წლის ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

📺 მორის ყვითელაშვილის თავისუფალი პროგრამა

ყვითელაშვილი უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა ცნობილი ყაზახი მოციგურავის დენის ტენის სახელობის შეჯიბრზე, რომელიც ჩელენჯერის სერიის ფარგლებში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ჩატარდა. 

ცნობისთვის, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ტენი 2018 წელს ტრაგიკულად დაიღუპა, მისთვის პატივის მისაგებად კი ალმათიში 17 ქვეყნის წარმომადგენელი 63 მოციგურავე ჩავიდა.

მორის ყვითელაშვილი ალმათიში მოპოვებული ოქროს მედლით

ყვითელაშვილის გარდა, ვაჟთა ტურნირში რუსი, ესტონელი, ებრაელი, სამხრეთკორეელი, ყაზახი და ესპანელი სპორტსმენები ჩაებნენ.

მორისმა მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ წარმოადგინა თავისი ახალი პროგრამები და კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით აჯობა.

ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 88.00 ქულა დაიმსახურა, თავისუფალში – 156.98, ხოლო ჯამურად 244.98 ქულა მიითვალა, რაც მის პერსონალურ რეკორდს (248.58) მცირედით ჩამორჩება. სამივე შემთხვევაში, ქართველი პირველ ადგილზე გავიდა, ვერცხლის მედალოსან მაკარ იგნატოვს (რუსეთი) კი 30 ქულით გაუსწრო.

“დენის ტენის მემორიალი” წელს პირველად ჩატარდა და მისი გამარჯვებული სწორედ ქართველი მოციგურავე გახდა. მორისმა ამ ტურნირში მონაწილეობით კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა და თანაგრძნობა ცნობილი ყაზახი მოციგურავის მიმართ, რომლის გვერდითაც არაერთ ტურნირში მიუღია მონაწილეობა. ამიტომ მისი სახელობის ტურნირზე მოპოვებული ოქროს მედალი ყვითელაშვილისთვის განსაკუთრებულია” – აღნიშნა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.

კომენტარები

ბოლო ამბები