Thumbnail

მოლოდინი და რეალობა - როგორ აფასებენ ჟურნალისტები ბორჯღალოსნების თამაშს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის 2019 წლის მსოფლიო თასი დასრულდა
  • ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა მილტონ ჰეიგის გუნდი შეაფასეს

საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო თასზე ასპარეზობა დაასრულა. მილტონ ჰეიგის გუნდმა იაპონიაში ოთხი მატჩი გამართა: ურუგვაის მოუგო და სამჯერ დამარცხდა: უელსთან, ფიჯისთან და ავსტრალიასთან. ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა პოპსპორტისთვის საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასეს.

📋 მეტი ამ თემაზე:

გიორგი ზურაბიშვილი (სპორტული ჟურნალისტი)

რა მოლოდინი გქონდა და რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ნაკრებმა რეალურად?

სამწუხაროდ, რა მოლოდინიც მქონდა, გამართლდა. უკმაყოფილო ვარ იმით, რაც ვნახე. მხოლოდ ურუგვაის მოვუგეთ - ძირითადად ფიზიკური მომზადების ხარჯზე, სხვა მატჩებში კი დავმარცხდით. შედარებით კარგი იყო დაცვითი ხაზი ავსტრალიასთან, მაგრამ შეტევაში საერთოდ არაფერი გამოგვივიდა.

'რაგბის კავშირს და ეროვნულ ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება!'

პროგრესი არ გვქონდა და რაშიც ძლიერები ვიყავით, იქაც ვერ ვივარგეთ. მაგალითად, უელსმა და ავსტრალიამ შერკინებაში არაფერი დაგვითმეს. ბევრი შეცდომა იყო დაშვებული სელექციაში. რაგბის კავშირს და ეროვნულ ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება.

როგორ აფასებ მილტონ ჰეიგის მუშაობას საქართველოს ნაკრებში? 

მან თავიდან დიდი სამუშაო გასწია და პროგრესი შესამჩნევი იყო. ამიტომ, მილტონ ჰეიგი ნაკრებიდან მადლობის გარეშე არ უნდა გავუშვათ. თუმცა, ბოლო პერიოდში პროგრესი გაჩერდა და ახალგაზრდული ნაკრების შესანიშნავი ასპარეზობის ფონზე ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო. შოტლანდიასთან პირველმა ტესტმა კარგად აჩვენა ჩვენი ხარვეზები, მაგრამ პრობლემები არ აღმოიფხვრა. მადლობა ჰეიგს, კარგად იმუშავა და მოერგო ქართულ მენტალიტეტს, მაგრამ მომავალში უფრო მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება.

გიორგი ზურაბიშვილი

რა უნდა მოხდეს მომავალში?

მთავარი პრობლემა შიდა ჩემპიონატის სისუსტეა. ახალგაზრდულ ნაკრებში ბრწყინვალედ თამაშობენ მორაგბეები, შემდეგ კი ქართულ გუნდებში ნაწილდებიან და პროგრესს აჩერებენ. აუცილებელია მინიმუმ ერთი გუნდი ევროტურნირზე, რასაც ფრანჩიზას ეძახიან. ასევე, უნდა შევცვალოთ სათამაშო სტრატეგია: გავრისკოთ და აქცენტი ხელით ბურთაობაზე გავაკეთოთ. შეიძლება თავიდან გაგვიჭირდეს და დავმარცხდეთ, მაგრამ განვითარებისთვის ეს აუცილებელია.

ლუკა ჭოჭუა (პირველი არხი)

რა მოლოდინი გქონდა და რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ნაკრებმა რეალურად?  

იმედი მქონდა, რომ ორ თამაშს მოვიგებდით, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ფიჯისთან აუტსაიდერები ვიყავით. მთლიანობაში იმედგაცრუებული ვარ, რადგან ბევრი ხარვეზი გვქონდა. ვერც შერკინებამ ითამაშა ისე, როგორც ველოდით. სხვა კომპონენტებზე არაფერს ვამბობ. იყო გარკვეული პოზიტივიც: თუნდაც ის, რომ ყველაზე მეტი ლელო ამ მსოფლიო თასზე დავდეთ და პირველად ავიღეთ ბონუს ქულა.

როგორ აფასებ მილტონ ჰეიგის მუშაობას საქართველოს ნაკრებში?

მილტონ ჰეიგის მუშაობას ორ ნაწილად გავყოფდი. 2015 წლის მსოფლიო თასისთვის გუნდი უდაოდ კარგად მოამზადა. ამ პერიოდში, საქართველოს ნაკრები გაძლიერდა და ერთი ნაბიჯით წინ წავიდა. თუმცა, მეორე ციკლში და განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში უკვე ნათელი იყო, რომ გუნდმა განვითარება შეაჩერა.

'ჰეიგს ქართველი გულშემატკივრებისგან მაინც მადლობა ეკუთვნის!'

ალბათ ჯობდა, რომ მსოფლიო თასამდე ორი წლით ადრე, ახალი მწვრთნელი მოგვეყვანა. 8 წელი ზედმეტად დიდი დროა მწვრთნელისთვის, რომ ერთ ადგილზე იმუშაოს და მუდმივად ჰქონდეს პროგრესი. მიუხედავად ამისა, ქართველი გულშემატკივრებისგან ჰეიგს მადლობა ეკუთვნის.

რა უნდა მოხდეს მომავალში?

საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ერთი ნაწილი საფრანგეთში თამაშობს და ისინი დონით ძალიან აღემატებიან დანარჩენებს. ეს სუსტი შიდა ჩემპიონატის ბრალია, სადაც ახალგაზრდული ნაკრების მორაგბეები ხვდებიან და ვერ ვითარდებიან. ამიტომ, უპირველესი მიზანი საქართველოში საკლუბო რაგბის განვითარება უნდა იყოს და ამის არაერთი ხერხი არსებობს. ახალგაზრდებს განვითარების საშუალება უნდა მივცეთ.

სანდრო ინაშვილი (რაგბი ტვ)

რა მოლოდინი გქონდა და რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ნაკრებმა რეალურად?  

2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ იყო მზარდი დინამიკა, რაც გამოჩნდა კუნძულელებთან და უელსთან ჩატარებულ კარგ შეხვედრებში. 20-წლამდე მორაგბეების ინტეგრირება წარმატებით მოხდა ეროვნულ გუნდში და ჩვენი თამაშიც უფრო მობილური, მოძრავი გახდა. 2019 წლის მსოფლიო თასზე ველოდი ამ მზარდი დინამიკის ლოგიკურ დაგვირგვინებას.

'იმის ნახევარიც ვერ ვაჩვენეთ, რაც შეგვეძლო. ჩვენი შეტევა პრიმიტიული იყო!'

ველოდი, რომ ეს ყველაფერი ერთად იფეთქებდა და მაღალი დონის თამაშს ვაჩვენებდით, მაგრამ სამწუხაროდ, მივიღეთ სრული ფრუსტრაცია. იმის ნახევარიც ვერ ვაჩვენეთ, რაც შეგვეძლო. ჩვენი შეტევა პრიმიტიული და ხარვეზებით სავსე იყო.

როგორ აფასებ მილტონ ჰეიგის მუშაობას საქართველოს ნაკრებში?

2015 წლის მსოფლიო თასამდე საქართველოს ნაკრები პროგრესირებდა და მილტონ ჰეიგს ამისთვის მადლობა ეკუთვნის. თუმცა, მაშინაც იყო საუბრები, რომ ამ პროგრესში ძალიან დიდი წვლილი შექონდათ სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებს - მათ შორის ილია მაისურაძეს. პირველ ეტაპზე, ჰეიგის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წელიწადი ჩააგდო.

რა უნდა მოხდეს მომავალში?

მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგი და თამაშის ხარისხი არ უნდა შეფასდეს როგორც ტრაგედია. ეს უნდა იყოს მწარე, მაგრამ კარგი გაკვეთილი იმისთვის, რომ ხარვეზები აღმოვფხვრათ და სასიკეთოდ გამოვიყენოთ. თუ უცხოელი მწვრთნელი უნდა მოვიყვანოთ, აუცილებლად უმაღლესი დონის უნდა იყოს. თუ არა და, დროებით მაინც, ქართველებს უნდა ჩავაბაროთ გუნდი. მაგალითად, 20-წლამდელთა ნაკრებში ძალიან კარგად მუშაობენ ილია მაისურაძე, ლადო კილასონია და ზურა ამონაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები