Thumbnail
  • გელა აფრასიძე თანაგუნდელს თავით შეეჯახა და მატჩი ნაადრევად დაასრულა
  • ბორჯღალოსანთა 9 ნომერმა 2019 წლის მსოფლიო თასზე 4-ვე მატჩში ითამაშა

საქართველოს და ავსტრალიის სარაგბო ნაკრებთა დღევანდელი მატჩისას ერთი მომენტი ბორჯღალოსანთა ქომაგისთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო.

თამაშის 50-ე წუთზე გელა აფრასიძე და სანდრო თოდუა მეტოქის შებოჭვას ცდილობდნენ, როდესაც ერთმანეთს თავებით შეასკდნენ და ორივე მინდორზე დაეცა.

შეჯახება უფრო მძიმე აფრასიძისთვის გამოდგა. თუკი თოდუამ თამაში განაგრძო და ლელოს დადებაც მოახერხა, გელამ რამდენიმე წამით გონებაც კი დაკარგა და მას სამედიცინო პერსონალი ხუთიოდ წუთის განმავლობაში წამლობდა.

საბოლოოდ, ბორჯღალოსანთა 9 ნომერი ჯერ საკაცეზე გადაიყვანეს, შემდეგ კი, მინდორი ელქტრომობილით დაატოვებინეს.

გელა აფრასიძეს მინდორი ელქტრომობილით დაატოვებინეს

ცხადია, ქართველი ქომაგი დამატებით ინფორმაციას მოუთმენლად ელოდა და სასიხარულოა, რომ იაპონიიდან კარგი ამბავი მოვიდა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, აფრასიძე თავს კარგად გრძნობს და საერთო ჯამში, ყველაფერი რიგზეა. როგორც ირკვევა, გელამ მხოლოდ მცირე ტვინის შერყევა მიიღო და მისი შეცვლაც პროტოკოლის მოთხოვნით იყო გამოწვეული.

ცნობისთვის, 21 წლის აფრასიძემ მისთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ურუგვაისთან და ავსტრალიასთან თამაშებში კი სულაც სასტარტო შემადგენლობაში იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები