Thumbnail
  • ჯობავა, ჩეპარინოვი და ბაციაშვილი კუნძულ მენზე იმყოფებიან
  • გამარჯვებულს პრეტენდენტთა შეჯიბრის საგზური ერგება

ინგლისის კუნძულ მენზე სტარტი აიღო მსოფლიოში უძლიერესმა საერთაშორისო ღია ტურნირმა, რომელშიც საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების 3 წევრიც არის ჩართული.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 432 500 დოლარს შეადგენს, გამარჯვებული კი 70 ათასს და პრეტენდენტთა ტურნირზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

FIDE Chess.com Grand Swiss 2019 შვეიცარული სისტემით 11 ტურად იმართება, პირველობისთვის კი მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები იბრძვიან.

შეჯიბრს განსაკუთრებულ ელფერს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მაგნუს კარლსენის (ნორვეგია, 2876) მონაწილეობა მატებს, საქართველოს სახელით კი ბაადურ ჯობავა (2617), ივან ჩეპარინოვი (2670) და ნინო ბაციაშვილი (2422) თამაშობენ.

ტურნის პრესტიჟს მაგნუს კარლსენის მონაწილეობა სძენს

პირველივე ტურში გამარჯვება იზეიმეს ჯობავამ და ჩეპარინოვმა, ხოლო ბაციაშვილი რუს დიდოსტატ ალექსანდრ რიაზანცევთან (2645) დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ 101-ე ნომრად განთესილმა ჯობავამ მისთვის ჩვეულ სტილში ტურნირის 24-ე ნომერი, უძლიერესი ბრიტანელი დიდოსტატი დავიდ ჰოუელი (2694) დაამარცხა, ჩეპარინოვმა კი, ასევე თეთრებით ისრაელის წარმომადგენელ ტალ ბარონს (2531) სძლია.

საწყის ტურში ყველაზე დიდ სენსაციად მე-4 რეიტინგის მქონე ინდოელი ვიშვანათჰან ანანდის (2765) მარცხი შეფასდა რუს ევგენი ნაიერთან (2635). მოულოდნელი იყო ამერიკელი ვესლი სოს (აშშ, 2767) და უკრაინელი ალექსანდერ მოისეენკოს (2635) პარტიაში დაფიქსირებული ყაიმიც.

მე-2 ტურში ჯობავა თეთრებით რუს ალეკსეი დრეევს (2662) ეთამაშება, ჩეპარინოვი შავებით ეგვიპტელ აჰმედ ადლის (2636) გაეჯიბრება, ხოლო ბაციაშვილის მეტოქე გერმანელი ნიკლას ჰუშენბეტი (2624) იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები