Thumbnail

'ვერ დავაფინანსებთ კომერციულ ტურნირში მონაწილეობას' - პასუხი ქართველ ჰალკს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლევან საგინაშვილი საქართველოში უყურადღებობას უჩივის
  • ქართველი ჰალკი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე ფოქრობს

ლევან საგინაშვილი, იგივე ქართველი ჰალკი მსოფლიოს 7-გზის და ევროპის 6-გზის ჩემპიონია მკლავჭიდში. 2019 წელს, მან უარი თქვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაზე და კონცენტრაცია მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირზე მოახდინა, სადაც ბრწყინვალედ ასპარეზობს. ლევანმა ისევე როგორც პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზეც 6:0 დაამარცხა მეტოქე, ამჯერად ყაზახი კიდირგალ ონგარბაევი და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც რუს მკლავჭიდელს, ვიტალი ლალეტინს შეხვდება.

ლევან საგინაშვილი V კიდირგალ ონგარბაევი

ლევან საგინაშვილი უკმაყოფილოა, რომ საქართველოში მას არ ექცევა ისეთი ყურადღება, როგორსაც იმსახურებს. ლევანის თქმით, წარმატებულ მკლავჭიდელებს სხვა ქვეყნებში დიდი დაფასება აქვთ, მას კი აეროპორტშიც კი არავინ დახვედრია. ამიტომ, ლევანი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე ფიქრობს და ამაზე ღიად საუბრობს.

აღნიშნულ საკითხს სპორტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ლევან საგინაშვილმა 2018 წელს საქართველოს ნაკრების სახელით მონაწილეობა მიიღო მკლავჭიდის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამასთან ორივე ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების სანაცვლოდ მიიღო სახელმწიფოსგან დაწესებული კუთვნილი პრემია.

2019 წელს საგინაშვილმა გადაწყვიტა კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა, რასაც პირდაპირ კრძალავს მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია. სწორედ ამიტომ მან გამოტოვა წლეულს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საგინაშვილი რჩება ეროვნული ნაკრების წევრად და იმ შემთხვევაში თუ ის უარს იტყვის კომერციულ ტურნირებში მონაწილეობაზე, კვლავ დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ საერთაშორისო ფედერაცია არ მისცემს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას, რაც მოხდება საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დამოუკიდებლად.

სამინისტრო, მლავჭიდის ფედერაციას უფინანსებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობას. შესაბამისად, ვერ დავუშვებთ გამონაკლისს და ვერ დავაფინანსებთ ამა თუ იმ სპორტსმენის კომერციულ ტურნირში მონაწილეობას, მითუმეტეს მაშინ როცა ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტს და სპორტსმენს უკრძალავს საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას".

კომენტარები

ბოლო ამბები