Thumbnail

14:0 და 3500 ქალი სტადიონზე - ირანში ისტორიული ზეიმი შედგა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ირანელი ქალები ამ დღეს თითქმის 40 წელი ელოდებოდნენ
  • ირანის ნაკრებმა კამბოჯა 14:0 დაამარცხა და ჯგუფში ლიდერია

დღეს, ირანში, ქალთა უფლებების თვალსაზრისით ისტორიული დღე იყო!

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს ირანისა და კამბოჯის ნაკრებ გუნდებს შორის, რომელიც თეირანში გაიმართა, ქალებიც დაესწრნენ. ეს არის პირველი შემთხვევა თითქმის ბოლო 40 წელიწადში, როდესაც ირანში საფეხბურთო მატჩზე ქალებსაც მიეცათ დასწრების უფლება. არენაზე, რომელიც 100 000 მაყურებელს იტევს, დაახლოებით 3500 ქალი მივიდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ისტორიულ დღეს დიდი ზეიმი შედგა, რადგან ირანის ნაკრებმა კამბოჯა 14:0 (!) დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მარკ ვილმოტსის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში გალიდერდა - ირანს ორივე თამაში მოგებული აქვს.

ქალბატონებმა ტრიბუნაზე საზეიმო განწყობა შექმნეს - დროშებს აფრიალებდნენ და, რა თქმა უნდა, ბევრი სელფი გადაიღეს. მათთვის გამოყოფილი ბილეთები ერთ საათში გაიყიდა. აზადის სტადიონზე ქალბატონებისთვის ცალკე ტრიბუნა იყო გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში, ირანში ფეხბურთის გულშემატკივარმა ქალმა საჰარ ხოდაიარიმ, რომელიც #bluegirl-ის სახელით იყო ცნობილი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა გახდა. 30 წლის საჰარმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა, მიღებული დაზიანებებისგან კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ირანში ქალებს მამაკაცების მონაწილეობით ფეხბურთის მატჩზე დასწრება 1981 წლიდან ეკრძალებოდათ.

📋 მეტი ამ თემაზე: 

  

კომენტარები

ბოლო ამბები