Thumbnail

ირანის ისტორიული გადაწყვეტილება - ქალები სტადიონზე 40 წლის შემდეგ დაუშვეს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ირანში ამ გადაწყვეტილებას ბევრი ქალი ელოდა
  • ბილეთებზე უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა

ისტორიული დღე ქალთა უფლებების თვალსაზრისით ირანში: მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს ირანისა და კამბოჯის ნაკრებ გუნდებს შორის, რომელიც თეირანში იმართება, ქალებიც დაესწრებიან. ეს არის პირველი შემთხვევა თითქმის ბოლო 40 წელიწადში, როდესაც ირანში საფეხბურთო მატჩზე ქალებსაც მიეცათ დასწრების უფლება. არენაზე, რომელიც 100 000 მაყურებელს იტევს, დაახლოებით 3500 ქალს ელოდებიან.

ირანული მედიის ინფორმაციით, როგორც კი ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა, ბილეთებზე მოთხოვნა არნახულად გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ფიფა მკაცრად სთხოვდა ირანის მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღებას. მეტიც: ფიფა ირანს ყველა ტურნირიდან მოკვეთითაც კი დაემუქრა.

“ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს მართლა მოხდა, - განაცხადა ირანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ქალბატონმა რაჰა პოორბახშმა საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში, - წლებია, სპორტული ჟურნალისტი ვარ და აქამდე საფეხბურთო მატჩებს მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა კი შემიძლია, სტადიონზე წავიდე.”

ირანელი ქალბატონი გვიჩვენებს ბილეთს, რომელიც ახლახან შეიძინა

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში, ირანში ფეხბურთის გულშემატკივარმა ქალმა საჰარ ხოდაიარიმ, რომელიც #bluegirl-ის სახელით იყო ცნობილი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა გახდა. 30 წლის საჰარმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა, მიღებული დაზიანებებისგან კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ირანში ქალებს მამაკაცების მონაწილეობით ფეხბურთის მატჩზე დასწრება 1981 წლიდან ეკრძალებოდათ.

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები