Thumbnail
  • 12 ოქტომბერი | ⌚ 17:00 | ⚽ საქართველო V ირლანდია 
  •  15 ოქტომბერი | ⌚ 22:45 | ⚽ გიბრალტარი V საქართველო 

12 ოქტომბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენაზე" ირლანდიას დაუპირისპირდება. ჯგუფის ლიდერთან მატჩისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ოქტომბრიდან არასრული შემადგენლობით ემზადება. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია. 

9 ოქტომბერს, ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა თავისუფალი დრო გამოიყენეს და ეროვნული ნაკრების სამი წევრი: გიორგი ქვილითაია, გიორგი აბურჯანია და გიორგი ლორია თბილისის 157-ე საჯარო სკოლას ესტუმრა.

ფეხბურთელებმა სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და საქართველო - ირლანდიის მატჩზე დაპატიჟეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ირლანდიასთან  და გიბრალტართან დაგეგმილი მატჩების შესახებ ისაუბრეს.

გიორგი აბურჯანია 

"ირლანდია ჩვენთვის რთული მეტოქეა, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ირლანდიის წინააღმდეგ წარმატებით ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. ჯერჯერობით, სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ხვალიდან შემოგვიერთდებიან. წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის. ჩვენი სურვილია, რომ მიმდინარე წლის ბოლო საშინაო მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ. გულშემატკივრებს მივმართავ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია".

გიორგი ქვილითაია

"ირლანდია უხერხული მეტოქეა და სამწუხაროდ, მათთან ჯერ არ მოგვიგია. მიმდინარე წელს, ბოლო საშინაო მატჩის გამართვა სწორედ ირლანდიის წინააღმდეგ გვიწევს და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივართან ერთად, მათ დამარცხებას და სამი ქულის მოპოვებას შევძლებთ. რაც შეეხება ჩემს სათამაშო ფორმას, საბედნიეროდ ტრავმა აღარ მაწუხებს და ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვარ. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებს ჩემი შედეგიანი თამაშით დავეხმარები".

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე
📸 | GFF.GE

 

კომენტარები

ბოლო ამბები