Thumbnail
  • ჩინეთისა და NBA-ს სკანდალი გრძელდება
  • დისკუსიაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩაერთო
  • მან გოლდენ სტეიტისა და სან ანტონიოს მწვრთნელები გააკრიტიკა

გუშინ ვწერდით, რომ ჰიუსტონ როკეტსი, მოულოდნელად, ჩინურ-ამერიკული გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნაწილი გახდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჰიუსტონის გენერალურმა მენეჯერმა დერილ მორიმ სოციალურ ქსელში ჰონკონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერა გამოხატა.

ჩინურ მხარეს ამაზე უმწვავესი რეაქცია ჰქონდა. არამხოლოდ სახელმწიფო ტელეკომპანიამ, არამედ ყველა იმ კომპანიამ, რომელიც NBA-ს აშუქებს, ასპონსორებს, ან რაიმე სხვა ტიპის მარკეტინგული, ან სარეკლამო ურთიერთობა აქვს, მაშინვე უარი განაცხადა ჰიუსტონ როკეტსის გაშუქებაზე, ან მათთან რაიმე ტიპის სარეკლამო, სპონსორულ ან მარკეტინგულ ურთიერთობაზე. არადა, ჩინეთი NBA-სთვის უმნიშვნელოვანესი ბაზარია - პირველ რიგში, ფინანსების თვალსაზრისით.

წაიკითხედიდი სკანდალი NBA-ში - ჩინეთი ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ

დისკუსიაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩაება. მან გოლდენ სტეიტისა და სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელები, სტივ კერი და გრეგ პოპოვიჩი გააკრიტიკა. საქმე ისაა, რომ კერმა და პოპოვიჩმა დერილ მორის პოსტზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შორს დაიჭირეს. კერმა საერთოდ არაფერი თქვა, პოპოვიჩი კი ძალიან ფრთხილი იყო - მან მხოლოდ NBA-ს კომისარი ადამ სილვერი შეაქო, რომელმაც თავის კომენტარში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე ისაუბრა.

'კერს კითხვებზე პასუხის გაცემის ეშინოდა და მხოლოდ თავს აქნევდა, პოპოვიჩი ნაკლებად შეშინებული ჩანდა' - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გოლდენ სტეიტის მწვრთნელს უწოდა “პატარა ბიჭი, რომელსაც კითხვებზე პასუხის გაცემის ეშინოდა და მხოლოდ თავს აქნევდა”. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პოპოვიჩი არ ჩანდა ისეთი შეშინებული, როგორც სტივ კერი, მაგრამ: “ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ორივე მათგანი აკრიტიკებს ამერიკას, თუმცა როცა საქმე ჩინეთს ეხება, ცუდს არაფერს ამბობენ, ან საერთოდ არაფრის თქმა არ სურთ!” - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პოპოვიჩისა და კერის მიმართ ტრამპის კრიტიკას გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავი სტეფ კარი გამოეხმაურა, რომელსაც ჯერ კიდევ 2017 წელს ჰქონდა პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტთან. მან თავის მწვრთნელს “გალანძღულთა სიაში მოხვედრა” მიულოცა.

სტივ კერი და გრეგ პოპოვიჩი

აღსანიშნავია, რომ NBA-ს პრესეზონის ჩინეთში დაგეგმილი ტესტ-მატჩები მაინც გაიმართება. დღეს, შანხაიში ლოს ანჯელეს ლეიკერსი ბრუკლინ ნეტსს ეთამაშება, შაბათს კი, ეს გუნდები ერთმანეთს შენჯენში უნდა შეხვდნენ. NBA-მ დაადასტურა, რომ პირველი მატჩი ნამდვილად შედგება, მეორე კი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები