Thumbnail
  • ტოკიოში ქარის სიმძლავრე 257 კმ-სთ იქნება
  • იაპონია-შოტლანდიის მატჩის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერაც მისაღებია

ქარიშხალმა ჰაგიბისმა, რომელსაც მთელი იაპონია შიშით ელის, ცვლილებები 2019 წლის მსოფლიო თასის მიმდინარეობაშიც შეიტანა.

მსოფლიო რაგბმა ოფიციალურ პრეს-რელიზში დაადასტურა, რომ გაუქმებულია 2 მატჩი: ინგლისი-საფრანგეთი და ახალი ზელანდია-იტალია.

აღნიშნულ თამაშებში ფრე დაფიქსირდება და ნაკრებებს ორ-ორი ქულა დაერიცხებათ. სატურნირო ცხრილებში ოფიციალური შესწორებებიც შევიდა და შემდეგი სურათი მივიღეთ:

B ჯგუფი 16 ქულით მოიგო ახალმა ზელანდიამ, სამხრეთ აფრიკა 15 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა, იტალიამ 12 ქულით მე-3 პოზიცია დაიკავა, ნამიბია და ტონგა კი ურთიერთშეხვედრაში ბოლო ადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.

C ჯგუფი 17 ქულით ინგლისმა მოიგო, საფრანგეთი, რომელსაც პირველი ადგილისთვის ბრძოლის შანსი ქარიშხალმა წაართვა, 15 ქულით მეორეზე აღმოჩნდა, არგენტინამ 11 ქულა მოაგროვა, ტონგა და აშშ კი ამ შემთხვევაშიც აიტსაიდერის ვინაობას გაარკვევენ.

ქარიშხალმა ჰაგიბისმა საფრთხე არაერთ მატჩს შეუქმნა

მსოფლიო რაგბისვე განცხადებით, ჩაშლა არ ემუქრება ხვალ დაგეგმილ ავსტრალიის და საქართველოს მატჩს, ასევე ჩატარდება ირლანდიიის და სამოას შერკინებაც, რომელიც შაბათს არის გაწერილი.

გასაკვირი არაა, რომ ტურნირის ორგანიზატორები ყველაზე მეტად A ჯგუფის მატჩების ჩაშლას ერიდებიან. თუკი სხვა შემთხვევებში, თამაშების გაუქმებას ჯგუფიდან გასვლის ამბავში კორექტივები არ შეუტანია, A ჯგუფში, იაპონიას, ირლანდიას და შოტლანდიას 2 უძლიერესის ვინაობა ჯერაც გასარკვევი აქვთ.

ამდენად, მსოფლიო რაგბი მაქსიმალურად აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას 13 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. კვირას, იოკოჰამაში, იაპონიამ შოტლანდიას უნდა უმასპინძლოს და ამ თამაშს მთელი სარაგბო სამყარო მოუთმენლად ელის.

შეგახსენებთ, რომ დასკვნითი ტურის წინ, იაპონია 14 ქულით ლიდერობს, ირლანდიას 11 ქულა აქვს, ხოლო შოტლანდიას – 10.

არსებობს ვარაუდი, რომ თუკი ამ მატჩსაც ჩაშლა დაემუქრა, მისი პრინციპული ხასიათიდან გამომდინარე თამაშს რომელიმე დახურულ სტადიონზე გადაიტანენ, ასეთი კი, მიმდინარე მსოფლიო თასზე სულ ორია: ოიტასა და კობეში.

ორიოდ სიტყვით თვითონ ქარიშხალზეც ვთქვათ, რომელსაც უკვე მიენიჭა მე-5 კატეგორია. ჰაგიბისი წყნარ ოკეანში წარმოიქმნა და სინოპტიკოსთა ვარაუდით, იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს შაბათს მიაღწევს. ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ დედაქალაქი ტოკიო უნდა იყოს, სადაც ქარის სიძლიერე 257 კმ-საათს მიაღწევს.

იაპონიის მოსახლეობას უკვე მიეცა რეკომენდაცია, რომ შაბათს შინიდან გამოსვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. ამ დღისთვის მუშაობას აჩერებს ქვეყნის რკინიგზა და რეისები გადადო იაპონიის ორივე უმსხვილესმა ავიაკომპანიამ - Japan Airlines და All Nippon Airways.

კომენტარები

ბოლო ამბები