Thumbnail
  • მაღალეფექტური სისტემა ქართული რაგბის სამსახურში
  • მალე ნიჭიერი ქართველი ბეკები დონით მორკინალებს არ ჩამორჩებიან

World Rugby-ის HIGH PERFORMANCE-ის (მაღალეფექტური) სისტემის გენერალური მენეჯერი პიტერ ჰორნი ამტკიცებს, რომ ქართულ რაგბის ნათელი მომავალი აქვს. სტატია სარაგბო მსოფლიო თასის ოფიციალურ გვერდ Rugby World Cup 2019-ზე გამოქვეყნდა: 

"მართალია, ქართველებისთვის მსოფლიოს თასი ისე ვერ წარიმართა, როგორც მათ დაგეგმეს, მაგრამ "ბორჯღალოსნების" მზარდი თაობა, მომდევნო 4-წლიან ციკლში ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

პიტერ ჰორნისთვის საქართველოს ნაკრები ნათელი მაგალითია, თუ როგორ სწრაფად შეიძლება გაიზარდოს მეორე დონის ქვეყნების ახალგაზრდა მორაგბეების სარაგბო IQ. 

მეტი ამ თემაზე:

იაპონიაში საქართველომ რამდენიმე იმედისმომცემი მორაგბე გამოაჩინა - ისინი ჯერ 24 წლისაც არ არიან, მაგრამ ოთარ გიორგაძე, გურამ გოგიშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი მელიქიძე და ბექა გორგაძე უკვე საფრანგეთის Top 14-ში თამაშობენ, სადაც ისინი კიდევ უფრო გაიზრდებიან ახალი სეზონიდან. მათგან ნაკრები უახლოეს წლებში მსოფლიო კლასის მორაგბეებს მიიღებს.

მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ერთი ასპექტი ყველაზე მნიშვნელოვანია. აქამდე საქართველო მორკინალებში არ უჩიოდა ტალანტების ნაკლებობას, 2019 წლის მსოფლიო თასმა კი აჩვენა, რომ მათ აღარც ნიჭიერ ბეკებში უჭირთ. 

ამ ჯგუფს სათავეში 20 წლის მგეზავი თედო აბჟანდაძე უდგას, რომლის კრეატიულობა ყველამ წლევანდელ 20-წლამდელთა მსოფლიოს თასზე ნახა. ვასილ ლობჟანიძე მომდევნო კვირაში მხოლოდ 24 წლის ხდება, 21 წლისაა შუამარბი გიორგი კვესელაძე, შერკინების ნახევარმცველი გელა აფრასიძეც 21 წლისაა, ფლანკერი მირიან მოდებაძე კი 22 წლის გახლავთ. ის კი არა, გუნდის კაპიტანი და შუამარბი მერაბ შარიქაძე ჯერ მხოლოდ 26 წლისაა.

ბურთით გელა აფრასიძე

"ისინი იმედგაცრუებულნი არიან იაპონიაში მიღწეული შედეგებით, მაგრამ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ასაკობრივ პირველობაზე ნაჩვენები შედეგებია. ეს კი საბოლოოდ ეროვნული ნაკრების დონეზეც მოიტანს პროგრესს", - ამბობს ჰორნი, რომელიც სწორედ მეორე დონის სარაგბო ქვეყნების განვითარების პროგრამას უდგას სათავეში.

"საქართველო ახლა ევოლუციურ პროცესშია. 14-16 წლის ბიჭები ყოველდღიური ვარჯიშითა და სტაბილურობით იმას მიაღწევენ, რომ 18-20 წლის ასაკში მათი სარაგბო IQ გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე იმათი, ვინც ამ პროგრამის გარეშე შედარებით გვიან ჩაებნენ სპორტის ამ სახეობაში.

ეს სწორედ ის უპირატესობაა, რაც პირველი დონის სარაგბო ქვეყნებს აქვთ სხვებზე. ისინი გაცილებით ადრეული წლებიდან იწყებენ ტალანტების განვითარებას და არჩევანიც უფრო დიდი აქვთ".

ახლა საქართველო D პულის ბოლო მატჩისთვის (ავსტრალიის წინააღმდეგ) ემზადება. ის, რომ ტრავმების გამო საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობამ დახმარება მამუკა გორგოძეს სთხოვა, რომელსაც სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნულ გუნდს საჭირო "სიღრმე" ესაჭიროება. სწორედ აქ უნდა ჩაიდოს მეორე დონის სარაგბო ქვეყნის გუნდების ინვესტიციები.

"მათ ხშირად ჰყავთ კარგი მოთამაშეები თითოეულ პოზიციაზე, მაგრამ შემადგენლობას "სიღრმე" აკლია, განსაკუთრებით ეს ბეკების არჩევანში იგრძნობა, თუკი ვინმე ტრავმას იღებს, სიტუაცია შეიძლება, კრიტიკულიც გახდეს.

მაგრამ ქართული რაგბი უკვე იმ სტადიაში, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი მორაგბეების დიდი არჩევანია - მომავალი ნათელი ჩანს. ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას, რადგან გამართული HIGH PERFORMANCE სისტემა აქვთ, რაც სხვა სარაგბო კავშირებში შურსაც კი იწვევს", - ამბობს ჰორნი.

საქართველოს მთავარი სარაგბო აკადემია "შევარდენის" ბაზაზეა დედაქალაქ თბილისში. ასევე არის ცენტრები ქუთაისში, ბათუმში, მცირე აკადემიები გორსა და თელავში.

თედო აბჟანდაძე

"ასე რომ, ქართველებს უკვე ბევრი კარგი მორაგბე ჰყავთ ახალგაზრდულ დონეზე, ამან შედეგი უკვე გამოიღო 20-წლამდელთა პროგრამებში. ახლა, ახალი გამოწვევა ამის სანაკრებო დონეზე აყვანაა".

რაგბის კავშირიდან პროგრამას ვასილ აბაშიძე კურირებს, რომელიც ამბობს, რომ მსოფლიო რაგბის ინვესტიციამ სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებისას საჭირო "სიღრმე" გააჩინა. 

"ახალი, მაღალი მიღწევების პროგრამა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა შარშან დაიწყეს და ის სრულადაა მორგებული 14-16 წლის მორაგბეებზე. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს პროექტი სწორი მიმართულებით ვითარდება და ამას წარმატებული, უცხოური აკადემიების ხალმძღვანელებიც ადასტურებენ. ყოველ წელს ვხედავთ, რომ 20-წლამდელთა ნაკრებიდან ოთხი-ხუთი მოთამაშე პირველ გუნდში ადის" - ამბობს აბაშიძე.   

აქ ერთი სირთულეა - უკანა ხაზისთვის საჭირო აღნაგობის ახალგაზრდები ხშირად აქცენტს საფეხბურთო კარიერაზე აკეთებენ, რადგან რაგბისთან შედარებით სპორტის ეს სახეობა ბევრად შემოსავლიანია. 

გუნდის კაპიტანი შარიქაძე მხოლოდ 26 წლისაა

"მათ უნდა გააგრძელონ ისეთი ბავშვების აღმოჩენა, როგორიც ვასო ან თედო არიან, მათ შესაბამისი ნიჭი, აღნაგობა და სისწრაფე აქვთ. როდესაც ქართველებს ესაუბრები, გრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი ეროვნული სახეობა რაგბია. შესაძლოა, ეს იმის გამოა, რომ მათი სარაგბო ნაკრები ფეხბურთისაზე უფრო წარმატებულია", - ამბობს ჰორნი.

მილტონ ჰეიგმა ადრე უკვე განაცხადა, რომ საქართველოში რაგბი უკვე დე-ფაქტო გახდა სპორტის ეროვნული სახოება. 

"ახლა რაგბის კავშირის მთავარი მისია, ახალგაზრდების გულისა და გონების მოხიბვლაა, რაც უფრო მეტი ბავშვი ჩაებმება რაგბიში, მით უკეთესი. როცა გარდამტეხი მომენტი დადგება, ჩვენ უფრო მეტი მაღალი დონის ბეკს ვიხილავთ. საუკეთესო ქართველი მორკინალები რეგულარულად მიდიან საფრანგეთში სათამაშოდ, ახლა კი უკანახაზელთა დრო უნდა დადგეს. ისინიც უნდა გახდნენ საინტერესო პროფესიული ევროპული კლუბებისთვის", - ასკვნის ჰორნი. 

კომენტარები

ბოლო ამბები