Thumbnail
  • ტურინელები მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის დაბრუნებას ეცდებიან
  • მაურიციო სარი ფრანგის სანაცვლოდ მარიო მანჯუკიჩსა და ემრე ჯანს შეელევა

ტურინის იუვენტუსი იანვარში კიდევ ერთხელ შეეცდება, მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა იტალიაში დააბრუნოს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, ტურინული კლუბი 26 წლის ფრანგის სანაცვლოდ იუნაიტედს ფორვარდ მარიო მანჯუკიჩსა და ნახევარმცველ ემრე ჯანს შესთავაზებს.

პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედის აღზრდილია, 2012 წლის ზაფხულში კი ის იუვენტუსში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. ოთხი სეზონის შემდეგ მანჩესტერელებმა ნახევარმცველი დაიბრუნეს და იუვენტსს მასში 70 მილიონი ევრო გადაუხადეს. 

ფრანგმა ტურინულ გუნდთან ერთად 4 სკუდეტო მოიგო

ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შეთანხმებაში კი ჩადებულია პუნქტი, რომელიც მის კიდევ ერთი წლით გახანაგრძლივებას ითვალისწინებს. იუწყებოდნენ, რომ პოლს მანჩესტერულმა კლუბმა კონტრაქტის გახანაგრძლივება ჯერ კიდევ ზაფხულში შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

პოგბას კარგა ხანია მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება სურს და ამაზე ხმები განსაკუთრებით გასულ ზაფხულს გახშირდა. ნახევარმცველის მომავალს იუვენტუსის გარდა, მადრიდის რეალსაც უკავშირებდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და ფეხბურთელი საბოლოოდ ისევ ოლე გუნარ სულშერის გუნდში დარჩა.

წასვლის სურვილის გამო პოლს მანჩესტერელი ფანებიც გადაემტერნენ

რაც შეეხება მარიო მანჯუკიჩისა და ემრე ჯანის მანჩესტერში გადაბარგების შესაძლებლობას, იუნაიტედს 33 წლის ხორვატისადმი ინტერესი ზაფხულშიც ჰქონდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. მნიშვნელოვანია, რომ არც მარიოს და არც ემრეს ამ სეზონში მაურიციო სარის გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ.

მიმდინარე სეზონში პოლ პოგბამ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 6 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ამჟამად ნახევარმცველი კოჭის ტრავმას იშუშებს, კლუბში კი იმედოვნებენ, რომ ის მზად იქნება პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის, რომელსაც იუნაიტედი ლივერპულთან 20 ოქტომბერს ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები