Thumbnail
  • 14 ოქტომბერს, ინგლისის ნაკრები ბულგარეთს ეთამაშება
  • რასისტული შეურაცხყოფის შემთხვევაში, ინგლისელები ბოიკოტით იმუქრებიან

ინგლისის ნაკრები, ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში 14 ოქტომბერს სტუმრად ბულგარეთს უნდა შეხვდეს. იმ შემთხვევაში, თუ ბულგარელი ფანები რასისტულ შეურაცხყოფას მიაყენებენ, ინგლისელები მატჩის ბოიკოტირებას გეგმავენ. ამის შესახებ ინგლისელთა შემტევმა ტამი აბრაჰამმა ინგლისურ მედიასთან ისაუბრა.

“ფეხბურთში ასეთი რამ არავის სურს, - განაცხადა 22 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ნაკრებში დებიუტი ექნება - რასისტული შეურაცხყოფა არ ეხება მხოლოდ ერთ, ან ორ მოთამაშეს, ეს მთელი გუნდის შეურაცხყოფაა. თუ გადავწყვეტთ, რომ ამ მიზეზით მოედანზე ყოფნა არ გვსურს, მთელი გუნდი გასახდელისკენ წავალთ!”

ტამი აბრაჰამი

ბულგარეთისა და ინგლისის ნაკრები გუნდების მატჩში რასისტული შეურაცხყოფა იმის გამოა მოსალოდნელი, რომ ბულგარელი ფანები ჩეხეთთან და კოსოვოსთან შეხვედრებში ცუდად მოიქცნენ. უეფამ ბულგარელები დასაჯა და ინგლისთან მატჩში სტადიონის გარკვეულ ნაწილზე ფანები არ დაიშვებიან.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მიერ მატჩის ბოიკოტირება უეფას რეგულაციებს ეწინააღმდეგება, ამ მოსაზრებას ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინიც იზიარებს (ბოიკოტი სწორედ მისი იდეაა) და მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტიც.

ინგლისი 4:0 ბულგარეთი | რაჰიმ სტერლინგმა მესამე გოლი გაიტანა, ჰარი კეინმა ჰეთთრიკი შეასრულა

უეფას რეგლამენტში ვკითხულობთ, რომ რასიზმის შემთხვევაში, პირველი ნაბიჯი მსაჯმა უნდა გადადგას სტადიონის გამომცხადებელს შესაბამისი განცხადების გაკეთება დაავალოს. მომდევნო ნაბიჯი თამაშის დროებით შეწყვეტაა, რაც ასევე მსაჯის გადასაწყვეტია და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება მატჩის ჩაშლა.

“თუ ასეთი რამ მოხდება, ლოდინს არ ვაპირებთ. კონკრეტულ მომენტში ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ერთი გუნდი ვართ და სულელურ შეურაცხყოფებს ვერ ავიტანთ,” - დასძინა აბრაჰამმა.

კომენტარები

ბოლო ამბები