Thumbnail
  • პოსტიდან გაშვებული მარკო ჯამპაოლოს ადგილი სტეფანო პიოლიმ დაიკავა
  • 53 წლის სპეციალისტი როსონერის პირველად ლეჩესთან შეხვედრაში გაიყვანს

მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა ვაკანტურ თანამდებობაზე სტეფანო პიოლის დანიშვნის შესახებ. "როსონერისა" და 53 წლის იტალიელ სპეციალისტს შორის შეთანხმება ორი სეზონით გაფორმდა.

სტეფანო პიოლის სამწვრთნელო კარიერა 1999 წლიდან იწყება და ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტს არაერთ იტალიურ კლუბში აქვს ნამუშევარი, მათ შორის: პარმაში, სასუოლოში, კიევოში, პალერმოში, ბოლონიაში, ლაციოსა და მილანის ინტერში. სტეფანო ბოლოს ფიორენტინას წვრთნიდა - 2017-19 წლებში, რომელსაც აპრილში დაშორდა.

53 წლის სპეციალისტმა როსონერისთან კონტრაქტი 2 სეზონით გააფორმა

პიოლის ყველაზე დიდი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში რომის ლაციოში ჰქონდა - სპეციალისტის ხელში გუნდმა 2014/15 წლების სეზონში სერია A-ში მესამე ადგილი დაიკავა.

მილანში პიოლის მისვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვება მარკო ჯამპაოლის მოუხდა, რომელმაც გუნდი გასულ ზაფხულს ჩაიბარა, მაგრამ სეზონის სტარტზე ნაჩვენები არადაკმაყოფილებელი შედეგების გამო, პოსტიდან გაათავისუფლეს.

მარკო ჯამპაოლოს მილანური კარიერა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა

მილანელები ვაკანტურ თანამდებობაზე, სტეფანო პიოლის გარდა, ასევე განიხილავდნენ: ლუჩანო სპალეტის, კლაუდიო რანიერისა და რუდი გარსიას კანდიდატურებს. საუბარი იყო ჯენარო გატუზოს შესაძლო დაბრუნებაზეც.

მილანს სერია A-ში გასული 7 ტურის შემდეგ, 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს, გასავარდნ ზონას კი სულ 3 ქულა აშორებს. ახალ მთავარ მწვრთნელთან, სტეფანო პიოლისთან ერთად “როსონერი” პირველ მატჩს ჩემპიონატში შინ 20 ოქტომბერს, ლეჩეს წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები