Thumbnail

მიხაილოვიჩმა მეორე ქიმიოთერაპია ჩაიტარა - სინიშა კლინიკიდან გამოწერეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბოლონიას მთავარი მწვრთნელი მძიმე დაავადებას ებრძვის
  • 50 წლის სერბი სპეციალისტი ლეიკემიით არის ავად

ბოლონიას მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა, რომელიც ლეიკემიით არის ავად, ქიმიოთერაპიის მეორე კურსი დაასრულა და საავადმყოფოდან გამოწერეს. 50 წლის სერბი სპეციალისტის მდგომარეობის შესახებ იტალიური მედია წერს.

მიხაილოვიჩის ავადმყოფობის შესახებ ცნობილი ზაფხულში გახდა. ქიმიოთერაპიის პირველი კურსი მან ივლისში ჩაიტარა, თუმცა, ფეხბურთში საქმიანობას სრულებით არ ჩამოშორდა. ექიმების ნებართვით, ვერონასა და სპალ-თან მატჩების დროს ის სამწვრთნელო სკამზე იმყოფებოდა, გუნდის ვარჯიშებზე მეთვალყურეობას კი ვიდეოკავშირით ახორციელებდა. ქიმიოთერაპიის მეორე კურსი მიხაილოვიჩმა 9 სექტემბერს დაიწყო, 6 ოქტომბერს კი მოედნის კიდესთან ლაციო-ბოლონიის მატჩშიც გამოჩნდა.

სერბმა სპეციალისტმა ბოლონია ამ წლის იანვარში ჩაიბარა, თანამდებობაზე კი ფილიპო ინძაგი შეცვალა. სინიშა მიხაილოვიჩი გუნდს გასავარდნი ზონიდან ამოსვლასა და სერია A-ს სატურნირო ცხრილის შუაში ასვლამდე დაეხმარა. შედეგად, იტალიურმა კლუბმა მწვრთნელს ზაფხულის დასაწყისში ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში გასული 7 ტურის შემდეგ, ბოლონიას 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. მიხაილოვიჩის გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 19 ოქტომბერს, ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები