Thumbnail

სპალეტი არა, პიოლი - მილანი ჯამპაოლოს ოფიციალურად დღეს გაუშვებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანი მარკო ჯამპაოლოს გაშვების შესახებ ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს
  • ლუჩანო სპალეტის როსონერში დანიშვნას ხელს ინტერთან კონტრაქტი აფერხებს
  • იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, მთავარი კანდიდატი სტეფანო პიოლია

სულ მალე მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და ეს სტეფანო პიოლი იქნება - ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, მათ შორის: ფაბრიციო რომანო და ჯანლუკა დი მარციო.

გავრცელებული ინფორმაციით, როსონერის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მარკო ჯამპაოლო უკვე გაშვებულია, ამის შესახებ კი ოფიციალურად დღეს, 8 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. 

ვაკანტურ პოსტზე მთავარ კანდიდატად მეორე მილანური კლუბის, ინტერის ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი სახელდებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ლუჩანოს მილანში დანიშვნა შეუძლებელია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სპეციალისტი ჯერ კიდევ იღებს "ნერაძურიში" ხელფასს და კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებას ვერ ახერხებს. ინტერმა მას კომპენსაციის სახით 5 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ლუჩანო სპალეტი მილანის ინტერთან მორიგებას ამ დრომდე ვერ ახერხებს

ამრიგად, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მილანის მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი გახდება, რომელიც ბოლოს ფიორენტინაში მუშაობდა და მას აპრილში დაემშვიდობა. 53 წლის სპეციალისტმა, რომელსაც კიდევ არაერთ იტალიურ კლუბში უმუშავია, მათ შორის ბოლონიაში, ლაციოსა და ინტერში, მილანის ხელმძღვანელობასთან საბოლოო მოლაპარაკება დღეს უნდა გამართოს. 

მარკო ჯამპაოლომ მილანი წელს ივნისში ჩაიბარა და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა, მისი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. 52 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით "როსონერიმ" სერია A-ს გასულ 7 ტურში მხოლოდ 9 ქულა მოაგროვა და სატურნრო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.

მარკო ჯამპაოლოს მილანური კარიერა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა

მილანში ჯამპაოლოს შემცვლელებად, სპალეტისა და პიოლის გარდა, ასევე მოაზრებოდნენ კლაუდიო რანიერი და რუდი გარსია. საუბარი იყო ჯენარო გატუზოს შესაძლო დაბრუნებაზეც, თუმცა როსონერის ყოფილმა მწვრთნელმა კლუბში მისვლაზე უარი ხელმძღვანელობასთან პრობლემის გამო თქვა.

მილანი იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში საკუთარ მოედანზე ლეჩეს უმასპინძლებს. შეხვედრა 20 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები