Thumbnail

შანხაის მასტერსი 2019 | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბენუა პერს სძლია და 1/8-ფინალშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 1:6, 6:1 ბენუა პერი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბენუა პერს კარიერაში პირველად მოუგო
  • 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის 1/8-ფინალში გააღწია

ნიკოლოზ ბასილაშვილი (26) შანხაიში მიმდინარე მასტერსის (საპრიზო ფონდი 8 322 885 დოლარი) მეორე წრეში ფრანგ ბენუა პერს დაუპირისპირდა და მეტოქე სამ სეტში დაამარცხა. ნიკა ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა შანხაიში გამოსვლა მოლდოველ რადუ ალბოტთან გამარჯვებით (4:6, 6:1, 6:3) დაიწყო. ნიკას 30 წლის პერთან კი, რომელიც ATP-ის რეიტინგში 23-ე ჩოგანია, აქამდე სამჯერ ჰქონდა ნათამაშები და სამივე შემთხვევაში გამარჯვება ფრანგს ჰქონდა მოპოვებული.

ფრანგი ჩოგბურთელი ნიკასთან წაგებამ ძალიან დააღონა

შანხაიში ბასილაშვილმა თამაში კარგად დაიწყო, მეშვიდე გეიმში მეტოქის მოწოდებაზე იმარჯვა და სეტი თავის სასარგებლოდ ჩაამთავრა. მეორე სეტში ნიკა მოეშვა, თავისი ორი მოწოდება დათმო და პერს, რომელსაც 7 ეისი ჰქონდა, ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. მესამე, გადამწყვეტი სეტი ქართველის სრული უპირატესობით წარიმართა და 34 წუთში დასრულდა - ფრანგმა თავისი ორი მოწოდება დათმო, ბასილაშვილმა კი შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანა.

მატჩი ჯამში საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ანგარიშზე 2 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა და 6-იდან 3 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია. ბენუა პერიმ 12 ეისი მოაწოდა, დაუშვა 8 ორმაგი შეცდომა და 4-იდან 2 ბრეიკის რეალიზება მოახერხა.

ნიკამ შანხაიში მეორე გამარჯვება იზეიმა

ამ გამარჯვებისთვის ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ტურნირის მერვედფინალში კი ავსტრიელი დომინიკ ტიმისა (4) და ესპანელი პაბლო კარენო ბუსტას წყვილში მოგებულს შეხვდება.

შანხაის მასტერსის შარშანდელ გათამაშებაში ბასილაშვილმა სტარტზე კანადელ დენის შაპოვალოვს 6:2, 6:2 სძლია, მეორე წრეში კი, მომავალ ნახევარფინალისტ ალეკსანდრ ზვერევთან (გერმანია) 5:7, 4:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები