Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელი ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრშია
  • ბეჟანიშვილი ახალ სეზონშიც ილინოისელთა ერთ-ერთი ლიდერი იქნება

ილინოისის საკალათბურთო გუნდმა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბეჟანიშვილია, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და კონფერენცია ბიგ თენის მედია დღეშიც ჩაერთო, ჩვენებური კი ღონისძიების აქტიური მონაწილე გახლდათ.

ბეჟანიშვილი აშშ-ს სტუდენტურ კალათბურთში შარშან გამოჩნდა, როდესაც ილინოისელთა მაისურით ჩატარებულ პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. გიორგის 33 მატჩში საშუალოდ 12.5 ქულა, 5.4 მოხსნა ჰქონდა, რითაც სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო.

შემთხვევითი არ ყოფილა, რომ სასტუმრო ჰილტონ როზემონტში გამართულ საღამოზე ილინოისის მთავარმა მწვრთნელმა ბრედ ანდერვუდმა აიო დოსუნმუსთან და ტრენტ ფრეზიესთან ერთად, ქართველი კალათბურთელი იახლა. ბეჟანიშვილის არაერთი ინტერვიუს მიცემა მოუხდა და ამ ამპლუაშიც თავი ჩინებულად წარმოაჩინა.

გიორგისთან დიდება მართლაც რეკორდულ დროში მივიდა. ის ილინოისში გასული წლის მარტში წმინდა პატრიკის სახელობის სკოლიდან გადაბარგდა, როდესაც ყველასთვის უცნობი სპორტსმენი იყო. წლინახევრის თავზე მასთან ინტერვიუს მსურველთა ნამდვილი რიგი იდგა. ახლაც, მედია დღის მიმდინარეობისას ბეჟანიშვილს გარს ერთბაშად 6 რეპორტიორი ეხვია. ქართველმა კალათბურთელმა ისინი ღიმილით გადათვალა და აღნიშნა:

“ეს ნამდვილი სიგიჟეა. რამდენიმე წუთის წინ დედაჩემს ვესაუბრე, რომელიც ამ სიტუაციას ჯერაც ვერ შეეგუა. ინტერვიუ უკვე მქონდა ESPN-თან, ახლა, თქვენთან ერთად ვარ და ჩემი პერსონით ამხელა დაინტერესებას ვგრძნობ. არადა, შარშან ილინოისში ჩამოსვლის დროს ერთი ადამიანიც კი არ მიცნობდა. ეს ფაქტია”.

გიორგი ბეჟანიშვილი, ტრენტ ფრეზიე და აი დოსუნმუ ბიგ თენის თასების ფონზე

ყველაფრის მიუხედავად, ბეჟანიშვილისთვის სტუდენტური სპორტის ხიბლი მაინც ახალი ხილია. საქართველოში გატარებული წლების განმავლობაში ხომ მას მსგავსი არაფერი შეუგრძვნია, ახლა კი, კარდინალურად განსხვავებულ გარემოშია. გიორგის თქმით, ილინოისის მაისურით ჩატარებული პირველივე მატჩის შემდეგ, ის მიხვდა, რომ მისი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო...

ბეჟანიშვილს არასოდეს დაავიწყდება ამბავი, რომელიც გასული სეზონის მიმდინარეობისას შეემთხვა. გიორგი ველოსიპედით მოძრაობდა (ის მას ხუმრობით ლამბორგინის ადარებს და მოფერებით “ლამბოს” უძახის), როდესაც წითელ შუქზე გაიარა. სწორედ ამ დროს მისკენ პოლიციის ოფიცერი დაიძრა და ახალგაზრდა კალათბურთელს გულმა ცუდი უგრძნო, თუმცა, მანქანიდან გადმოსულმა პოლიციელმა მასთან სელფი გადაიღო და გაუშვა.

ბეჟანიშვილი მომენტით ტკბება და იმის გათვალისწინებით, მას რა წარსული აქვს გამოვლილი, ეს, გასაკვირი არ უნდა იყოს. გიორგის ოჯახს საქართველოში წყლის გაცხელება უხდებოდა, რათა შემდეგს ის ცივ წყალთან შეერია და შხაპი ასე მიეღო.

“სწორედ ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ. მოვხვდი გარემოში, სადაც ჩემი შრომა ფასდება და წინსვლის საშუალებაც მაქვს. მინდა, ამგვარი სიტუაცია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელეს” , - აღნიშნავს ქართველი ცენტრ-ფორვარდი.

ბეჟანიშვილისთვის ოჯახური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. დედამისი ლალი და ძმა დავითი გასული სეზონის განმავლობაში მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ და ისიც იხილეს, თუ როგორ დაამარცხა ილინოისმა აშკარა ფავორიტად მიჩნეული მიჩიგან სთეითი. გიორგისთვის საამაყოა ოჯახის წევრებსაც აჩვენოს თუ მოკლე დროში რამდენს მიაღწია და რამდენად დაფასებულ ადამიანად იქცა, თუმცა, მის ხასიათში არაფერი შეცვლილა.

“მე ყოველთვის ის გიორგი ვიქნები, რომელიც წარსული ცხოვრების განმავლობაში ვიყავი. შეიძლება, ახლა, გაცილებით მეტი ადამიანი მცნობს და ფოტოების გადაღებას მთხოვს, თუმცა, ეს არაფერს ცვლის. ამას ოჯახშიც გრძნობენ, სადაც ჩემით ძალიან ამაყობენ. მათთვის სასიამოვნოა, რომ ბავშვები ჩემს მობაძვას ცდილობენ და პერსონალური ფანებიც კი მყავს”.

გიორგი ბეჟანიშვილი მედია-დღეს ყურადღების ცენტრში მოექცა

მედია დღის ეგიდით, ქართველი კალათბურთელის შესახებ კომენტარი ილინოისელთა მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა. შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ბრედ ანდერვუდის აღმოჩენაა. “მისი ვარჯიში მხოლოდ 5 წუთის ნანახი მქონდა, როდესაც უკვე ვიცოდი, რომ გუნდში უნდა ამეყვანა”, - განაცხადა ამერიკელმა სპეციალსტმა.

“გიორგი განსაკუთრებულია, რაც მის ქცევებშიც კარგად სჩანს. ბევრს შრომობს და ადამიანური ურთიერთობებიც არ ავიწყდება. ახლა მასზე დიდი წნეხია, თუმცა, მჯერა ყველაფერს გაუმკლავდება. შეუძლებელია, ადამიანს, რომელიც მიზნისკენ ასეთი ტემპით მიდის, გარჯა არ დაუფასდეს”.

ღონისძიება დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც ბეჟანიშვილმა, დოსუნმუმ და ფრეზიემ იმ არეს მიაშურეს, სადაც ბიგ თენის თასები იყო გამოფენილი და ჯილდოებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. იქიდან გამოსული ქართველი კალათბურთელი ტელეკამარებისთვის მოწყობილ შემაღლებაზე შედგა და რ. კელის ჰიტის ‘I Believe I Can Fly’ ღიღინი დაიწყო.

“ეს სიტუაცია ჩემთვის ნამდვილი საჩუქარია. აღნიშნული აჩვენებს, რომ მძიმე შრომა შესაბამისად ფასდება. ამისთვის, ისეთად უნდა დარჩე, როგორიც ხარ და სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდე”, - დასძინა ბეჟანიშვილმა.

ილინოისელებს 11 ოქტომბერს ღია ვარჯიში ექნებათ და სავარაუდოა, რომ ქართველი კალათბურთელი დამსწრეთა ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა, მალევე კი, ახალი სეზონიც აიღებს სტარტს.

ბეჟანიშვილის გუნდს 19 საშინაო მატჩი (10 ბიგ თენში, 8 არა-საკონფერენციო და ერთიც საგამოფენო) გარანტირებული აქვს. მათგან პირველი, რომელიც საგამოფენო ხასიათის მატარებელი იქნება, 1 ნოემბერს შედგება, ილინოისელთა პირისპირ კი ლიუისი დადგება.

კომენტარები

ბოლო ამბები