Thumbnail

'თამაში? ორჯერ თქმა არ დასჭირდებათ, მზად ვარ!' - ფაჩულია შესაძლო დაბრუნებაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • San Francisco Chronicle-მა ზაზა ფაჩულიას სტატია მიუძღვნა
  • როგორ მოხდა ფაჩულიას დაბრუნება გოლდენ სტეიტში

კალიფორნიულმა გაზეთმა San Francisco Chronicle-მა ზაზა ფაჩულიას და მის ახალ როლს NBA-ში, სტატია მიუძღვნა:

"იმ ორი სეზონის განმავლობაში, როცა უორიორსში თამაშობდა, ზაზა ფაჩულია პერიოდულად კლუბის პრეზიდენტის, რიკ ველტსის შეხვედრების აუდიტს ახორციელებდა. იყო ეს შეხვედრები კორპორატიულ სპონსორებთან, სავარაუდო ინვესტორებთან თუ ჩინოვნიკებთან.

კარიერის ბოლოსკენ მას ეს ჩანაწერები იმისთვის სჭირდებოდა, რომ რაც შეიძლება მეტი გაეგო ბიზნესის სფეროზე, სადაც კარიერის დასრულების შემდეგ აპირებდა გადასვლას. თუმცა ზაზა იმას ნამდვილად ვერ იწინასწარმეტყველებდა, რომ მას ისევ ველტსთან მოუწევდა მუშაობა. ოღონდ, ამჯერად, არა ცნობისმოყვარე დამკვირვებლის როლში, არამედ, როგორც კლუბის კონსულტანტის. 

წაიკითხე | ზაზა ფაჩულიას საოცარი კარიერა! ყველაფერი, რაც 16 წელი მოედანზე ხდებოდა 

NBA-ს 16-წლიანი კარიერის დასრულებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, ზაზა ისევ შეუერთდა "მეომრებს". მისი სამუშაო პოზიცია ფართო სპექტრისაა - კორპორაციული ხელშეკრულებების გაფორმება, საკლუბო ივენთებზე სიტყვით გამოსვლა და ახალგაზრდა ცენტრების "აღზრდა". მისი კოლეგა-კონსულტანტი სტივ ნეშისგან განსხვავებით, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ჩადის კალიფორნიაში გოლდენ სტეიტში ვარჯიშების გასამართავად, ფაჩულია "ჩეის სენტერში" მუდმივად იმყოფება.

მეტი ამ თემაზე

ზაზა გოლდენ სტეიტის მედია-დღეზე

ზაზა გოლდენ სტეიტის ყველა თამაშს არ დაესწრება, კლუბის ხელმძღვანელობამ მას გარკვეული თავისუფლება მიანიჭა, რომ ოჯახს მიხედოს - ზაზამ მეუღლე და 4 შვილი სან ფრანცისკოში გადაიყვანა საცხოვრებლად.

კლუბის ვიცე-პრეზიდენტი საკალათბურთო საქმეებში კირკ ლაკობი დარწმუნებულია, რომ ფაჩულია, რომელიც 2016-18 წლებში გუნდის გასახდელში ავტორიტეტი იყო, კლუბს კარგი რჩევებით დაეხმარება, ის ხომ კალათბურთელებთან ახლოს არის და კარგად ესმის მათი. ივლისში, როცა ზაზა თავისუფალი აგენტი გახდა, ლაკობმა მას უთხრა, რომ თუ კარიერას დაასრულებდა, გოლდენ სტეიტი მას სიამოვნებით აიყვანდა კლუბის "კულისებში" სამუშაოდ.

ფაჩულიას ასოციაციაში თამაში კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი სურდა, თუმცა გოლდენ სტეიტს დ'ანჯელო რასელის ტრეიდის გამო, სახელფასო რესურსი თითქმის ამოწურული ჰქონდა. დარჩენილი თანხა კლუბმა ახალგაზრდულ გუნდს მოახმარა. როცა ზაზამ თავისუფალი აგენტის სტატუსით, არცერთი საინტერესო შეთავაზება არ მიიღო, ის ლაკობის წინადადებას დათანხმდა. ასე დაიწყო, მის ცხოვრებაში ახალი კარიერული ფაზა.

NBA-ში ფაჩულიამ 6 გუნდში ითამაშა, თუმცა მისთვის გოლდენ სტეიტი ფავორიტია - აქ მან ასოციაციის ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ მოიგო. მისი მეგორბობა კლეი ტომპსონთან კი სოციალური მედიის ერთ-ერთი საუკეთესო გასართობია.

"ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. განსაკუთრებით იმიტომ, რომ სათამაშო კარიერის დასრულებისთანავე მერგო ეს პატივი. ყოველდღიურად იმ ხალხში ვტრიალებ, რომლებიც ჩემთვის ძვირფასები არიან", - განაცხადა ფაჩულიამ, რომელმაც კარიერის ბოლო სეზონი დეტროიტში გაატარა, სადაც საშუალოდ 3.9 ქულასა და ამდენივე მოხსნას აკეთებდა. 

ათწლეულის წინ ზაზამ ატლანტაში ორი რესტორანი შეიძინა - ბარი და პრესტიჟული რესტორანი ხმელთაშუაზღვისპირა სამზარეულოთი. ამ წამოწყებებმა 2 წელზე მეტი ვერ "გაქაჩა". წარუმატებლობებმა მას ასწავლეს, როგორ გაუმკლავდეს ზედმეტ ხარჯებს, შეამოწმოს საქმიანი პარტნიორები და გათვალოს ადგილობრივი ბაზრის ინტერესები. ფაჩულია კომპანიის მართვის ეშხში შევიდა და მისი სამომავლო კარიერაც მაშინ გადაწყდა.

ბოლო 7 წლის განმავლობაში ზაფხულობით ის პრესტიჟულ ბიზნესსკოლებში კურსებს გადიოდა, მათ შორის ჰარვარდის ბიზნესსკოლაშიც. მან ამ ლექციებზე საჭირო ცოდნა შეიძინა, რომელიც ახლა საქმიანობაში გამოადგება.

ამ კლუბში მან ტიტული ორჯერ მოიგო

ახლა ფაჩულიას ბიზნესი ასეთია: მას აქვს 2 სასტუმრო, 3 ფიტნეს-ცენტრი და საკალათბურთო აკადემია თბილისში. ასევე ის ქართულ ბრენდი CROSTY-ს პარტნიორია. მან ახლახან ინვესტიცია ქართულ დეველოპერულ კომპანიაში განახორციელა. 

თითქმის ყოველდღიურად ის 6 საათზე იღვიძებს. დღე იწყება თბილისელ პარტნიორებთან საუბრით - თბილისი 11 საათით უსწრებს სან ფრანცისკოს. ვარჯიშის შემდეგ ფაჩულია "ჩეის სენტერში" სამუშაოდ მიდის.

ბოლო დროს სტივ კერმა რამდენჯერმე იხუმრა ზაზას ახალი საქმიანობის შესახებ. ამის შემდეგ კი გუნდში ცენტრების კრიზისი დადგა. ამ ეტაპზე გუნდის ცენტრებიდან გარანტირებული კონტრაქტის მქონე მხოლოდ ომარი სპელმენია ფორმაში, დანარჩენები კი ტრავმირებულები არიან.

"იმედი მაქვს, რომ ეს ბიჭები მალე დაუბრუნდებიან გუნდს. მაგრამ მე მზად ვარ ყოველ წუთს" - აცხადებს ფაჩულია - მე ძალიან მიყვარს ეს თამაში. ამიტომაც ვშრომობ და ყოველდღიურად ვვარჯიშობ, იმედს არ ვკარგავ. კალათბურთის თამაში? ორჯერ თქმა არ დაჭირდებათ - მზად ვარ"!

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები