Thumbnail

'რუბინის ქართველი ნეიმარი' - ზურიკო დავითაშვილი ტურის სიმბოლურში

  • რუბინის 18 წლის გარემარბმა ტამბოვთან მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა
  • ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურში ლამის ყველა საიტმა შეიყვანა
  • ზურიკო დავითაშვილი პსჟ-ის ბრაზილიელ ვარსკვლავსაც კი შეადარეს

ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში პრაქტიკულად ყველა სპორტულმა გამოცემამ, მათ შორის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმაც შეიყვანა, რომელიც რჩეულებს Instat Index-ის გათვალისწინებით ასახელებს.

18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩში ტამბოვთან გოლი გაიტანა და ყაზანელებს მნიშნელოვანი სამი ქულა მოაპოვებინა - 2:1.

ზურიკო დავითაშვილი კლუბში ნაკრებიდან ტრავმით დაბრუნდა და რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ტამბოვთან სასტარტოში გამოჩნდა, 32-ე წუთზე კი გატანილი გოლით გამოირჩა, რომელიც მისთვის სადებიუტოა რუსეთის პრემიერლიგაში. დავითაშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს. 

ტამბოვთან მატჩში ზურიკო ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა

"ამდენი წარუმატებლობის შემდეგ, ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ეს მოგება. ასე უნდა გავაგრძელოთ. როდესაც ანგარიშში ორბურთიანი უპირატესობა მოვიპოვეთ, ყურადღება კარის უსაფრთხოებაზე გადავიტანეთ, თუმცა დაცვაში ასე "ჩაჯდომაც" არ ღირდა და მეორე ტაიმის ბოლო სანერვიულო გაგვიხდა. 

გულშემატკივარს აქვს მიზეზი, რომ თამაშზე არ მოვიდა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რთულ ვითარებაში ვართ და სწორედ ახლა გვჭირდება მხარდაჭერა, რათა ისე ავთამაშდეთ, როგორც საჭიროა. სასიამოვნოა, როდესაც მაყურებელი ბევრია. 

მიხარია, რომ დავბრუნდი და გავიტანე. წინსვლაა საჭირო და უფრო ხშირად უნდა გავიტანო. ბედნიერი ვარ", - თქვა ზურიკომ თამაშის შემდეგ, რომელიც რუბინის გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 

"ტრავმის შემდეგ ყაზანელთა შემადგენლობას დაუბრუნდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. დავითაშვილი ხშირად და თითქმის უშეცდომოდ იყენებდა დრიბლინგს, რათა ტამბოვის დაცვა დაეშალა - მისი შვიდი მცდელობიდან, ექვსი წარმატებული იყო. ხუთჯერ დააჯარიმა მეტოქე, ერთ-ერთის შემდეგ კი რუბინმა სტანდარტიდან გაიტანა. მეორე გოლი თავად მას შემდეგ შეაგდო, რაც მეტოქის საჯარიმოში მთელი დაცვა მოატყუა. ამის შემხედვარეს, გეგონებოდა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში ნეიმარი მოვიდა", - წერს prostoprosport.

ზურიკო დავითაშვილი МАТЧ ПРЕМЬЕР-ის რჩეულ 11-ეულშიც მოხვდა

"დავითაშვილი თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ თამამად მოქმედებს და რუბინიც მეტოქის დაცვის რღვევას იმის ხარჯზე ახერხებდა, რომ სტუმრები გარემარბის ამოკეტვას ცდილობდნენ. ზურიკო წარმატებით მიდიოდა დრიბლინგზე, დამაჯერებელი იყო მაღალ ბურთზე ორთაბრძოლებში, მისი გატანილი გოლი კი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. ფაქტი: რუბინის ქართველ გარემარბზე მეტოქე ხუთჯერ დაჯარიმდა", - წერს საიტი ФНК დავითაშვილზე, რომელმაც ქართველი ტურის სიმბოლურში ასევე დაასახელა.

ზურიკო დავითაშვილის მორიგი წარმატებული დრიბლინგი

ყაზანურ გუნდს, რომელი ღირსებას დავითაშვილთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი იცავენ, ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. ამ გამარჯვების წყალობით კი გასავარდნ ზონას დაშორდა და 14 ქულით ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ქართველების გუნდი 19 ოქტომბერს, სტუმრად მოსკოვის სპარტაკს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები