- გიორგი შერმადინი მადრიდელებმა ვერ შეაჩერეს
- ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 9 ორქულიანი გამოიყენა
იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი მადრიდის რეალთან გამართული მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა – 71:76.
საქართველოს ნაკრების ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გამოჩენის შემდეგ კი, მთავარ მოქმედ პირად იქცა.
გიორგიმ 29:56 წუთი ითამაშა და 20 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 12-დან 9 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
შედეგად, გიოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
საინტერესოა, რომ შეხვედრის ბოლო წუთის სტარტზე ტენერიფელები 71:70-ს იგებდნენ, თუმცა, დარჩენილ დროში რეალის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა სერხიო ლულმა 2 ურთულესი სამქულიანი ჩააგდო, მასპინძლებმა კი მონაგარს ვერაფერი შემატეს.

მადრიდელთა რიგებში საუკეთესო სწორედ ლული იყო, რომელმაც სულ 8-დან 5 შორეული სროლა გამოიყენა და თავი 19 ქულას მოუყარა.
“სამეფო კლუბი” ესპანეთის ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს, იბეროსტარ ტენერიფე კი 1 მოგებით და 2 მარცხით მე-13 ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, ისევ შინ, ობრადოიროსთან ჩაატარებს.
კომენტარები