Thumbnail

კარგი სტარტი შანხაის მასტერსზე - ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეშია 

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიკოლოს ბასილაშვილი 4:6, 6:1, 6:3 რადუ ალბოტი
  • საქართველოს პირველი ჩოგანი მეორე წრეში გავიდა

საქართველოს პირველმა და მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსზე (6-13 ოქტომბერი, საპრიზო ფონდი: 8 322 885 დოლარი) ასპარეზობა დაიწყო და პირველ წრეში მოლდოველი რადუ ალბოტი (45) სამ სეტში, 4:6, 6:1, 6:3 დაამარცხა.

ნიკამ თამაში საკუთარი მოწოდების წაგებით დაიწყო, ბრეიკის აღება ვეღარ შეძლო და ალბოტმა სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა. სამაგიეროდ, მეორე სეტი ბასილაშვილის სრული უპირატესობით წარიმართა, მან ორჯერ შეძლო მოლდოველის მოწოდების მოგება და სეტი 34 წუთში მიიყვანა გამარჯვებამდე. ქართველმა კარგი თამაში მესამე და გადამწყვეტ სეტშიც განაგრძო, პირველი ბრეიკი 2:2-ზე შეასრულა, მეორე კი 5:3-ზე და საერთო ჯამში, მეტოქე 2 საათსა და 12 წუთში დაამარცხა.

ეს ბასილაშვილისა და ალბოტის მეოთხე დაპირისპირება გახლდათ და ოთხივე მატჩი ნიკას აქვს მოგებული. მეორე წრეში ბასილაშვილი ფრანგ ბენუა პერსა და კვალიფიკაციიდან აღზევებული მოთამაშის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს ჩინეთის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც გამოსვლა მერვედფფინალში, ბერძენ სტეფანოს ციციპასთან მარცხით (6:4, 3:6, 2:6) დაასრულა. ნიკოლოზმა პეკინში, შარშანდელი წარმატებისთვის მოპოვებული 500 სარეიტინგო ქულის დაცვა ვერ შეძლო.

შახნაის მასტერსის შარშანდელი გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც ფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩს აჯობა. ბასილაშვილის შედეგი კი მეორე წრეში გასვლა იყო, სადაც გერმანელ ალექსანდერ ზვერევთან წააგო - 5:7, 4:6.

შანხაის ტურნირზე გამარჯვება 1 000 სარეიტინგო ქულად ფასობს. ფინალისტი 600 ქულას მოიპოვებს, ნახევარფინალისტი - 360-ს, ხოლო მეოთხედფინალისტი - 180-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები