Thumbnail
  • მილანის მთავარ მწვრთნელ მარკო ჯამპაოლოს სკამი ძალიან შერყეული აქვს
  • მის ადგილზე მთავარ კანდიდატად 41 წლის ჯენარო გატუზოს ასახელებენ
  • რინო კლუბში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუკი იქიდან პაოლო მალდინი წავა

ჯანარო გატუზო შესაძლოა მილანის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდეს. როგორც იტალიური მედია იუწყება, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მარკო ჯამპაოლოს პოსტს დაატოვებინებენ, ხოლო კლუბიდან ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი წავა.

"როსონერისა" და მისი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელისთვის დღეს მნიშვნელოვანი მატჩია - სერია A-ს მე-7 ტურში მილანი სტუმრად ჯენოას ეთამაშება. ჯამპაოლოს შეგირდებმა ჩემპიონატში ჩატარებული ექვსი თამაშიდან ოთხი წააგეს. კრიტიკას ვერც შედეგები უძლებს და ვერც თამაშის ხარისხი და გუნდში მწვრთნელის შეცვლაზე საუბარი სერიოზულად მიმდინარეობს.

ჯამპაოლოს ხელში მილანს არც შედეგი უვარგა და არც თამაშის ხარისხი

ჯამპაოლოს ადგილზე მთავარ კანდიდატად სწორედ 41 წლის ჯენარო გატუზო სახელდება, რომელმაც მილანი გასულ ზაფხულს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მილანელთა ყოფილი ნახევარმცველის ხელში როსონერიმ სერია A-ს წინა სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა. რინომ კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე თანამდებობა დატოვა და საბოლოოდ ის მარკო ჯამპაოლომ დაიკავა.

როგორც ირკვევა, ჯენარო გატუზოს არცთუ კარგი ურთიერთობა ყოფილ თანაგუნდელთან, პაოლო მალდინისთან აქვს და "სან სიროზე" დაბრუნების ვარიანტს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი პაოლო ტექნიკური დირექტორის თანამდებობას დატოვებს.

ჯენარომ მილანს შარშან ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოაპოვებინა

მილანის მწვრთნელობის სხვა კანდიდატებად რუდი გარსია, კლაუდიო რანიერი და არსენ ვენგერი სახელდებიან. საუბარი იყო ანდრეი შევჩენკოზეც, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მუშაობს.

ჯენარო გატუზო, როგორც ფეხბურთელი, მილანის ღირსებას 1999-2012 წლებში იცავდა და ამ ხნის განმავლობაში მასთან ერთად ორ-ორერ ქვეყნის ჩემპიონი და ქვეყნის სუპერთასის მფლობელი, ერთხელ თასის გამარჯვებული გახდა. გატუზომ მილანში ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასიც მოიგო.

გატუზო მილანს 2017-19 წლებში წვრთნიდა. მანამდე სპეციალისტი შვეიცარიულ სიონსა და ბერძნულ ოფი-ში, ასევე იტალიურ პალერმოსა და პიზაში მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები