Thumbnail

შანხაის მასტერსი 2019 | ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი მომავალ კვირაში შანხაის მასტერსზე იასპარეზებს
  • წილისყრამ ბასილაშვილს პირველ მეტოქედ მოლდოველი რადუ ალბოტი შეახვედრა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მომავალ კვირაში შანხაის მასტერსზე (საპრიზო ფონდი $8,322,885) იასპარეზებს, რომელიც 6-13 ოქტომბერს გაიმართება. 

ჩატარდა ტურნირის ძირითადი ბადის წილისყრა და შედეგად, ცნობილი გახდა 27 წლის ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქის ვინაობა. ბასილაშვილი პირველ წრეში მოლდოველ რადუ ალბოტს შეხვდება. მატჩი 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 08:00 სთ-ზეა ჩანიშნული.

ბასილაშვილი და ალბოტი აქამდე ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და სამივეჯერ გამარჯვება ქართველმა ჩოგბურთელმა იზეიმა. ATP-ის მიმდინარე რეიტინგში ნიკოლოზი მე-17 პოზიციაზეა, მისი 29 წლის მეტოქე კი - 45-ე. მოლდოველის ბარიერის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი ფრანგი ბენუა პერისა და კვალიფიკაციიდან აღზევებული მოთამაშის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შანხაის მასტერსის შარშანდელი გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩია

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს ჩინეთის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც გამოსვლა ⅛-ფინალში, ბერძენ სტეფანოს ციციპასთან მარცხით (6:4, 3:6, 2:6) დაასრულა. ნიკოლოზმა პეკინში, შარშანდელი წარმატებისთვის მოპოვებული 500 სარეიტინგო ქულის დაცვა ვერ შეძლო და განახლებულ რეიტინგში 26-ე ადგილამდე დაქვეითდება.

შახნაის მასტერსის შარშანდელი გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც ფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩს აჯობა. ბასილაშვილის შედეგი კი მეორე წრეში გასვლა იყო, სადაც გერმანელ ალექსანდერ ზვერევთან წააგო - 5:7, 4:6.

შანხაის ტურნირზე გამარჯვება 1 000 სარეიტინგო ქულად ფასობს. ფინალისტი 600 ქულას მოიპოვებს, ნახევარფინალისტი - 360-ს, ხოლო მეოთხედფინალისტი - 180-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები