Thumbnail
  • გერმანიის ნაკრები 9 ოქტომბერს არგენტინას შეხვდება
  • 13 ოქტომბერს ბუნდესგუნდი ესტონეთს ეთამაშება
  • იოახიმ ლიოვის გუნდში ერთი დებიუტანტია

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მომავალი მატჩებისთვის (არგენტინასთან და ესტონეთთან) ბუნდესგუნდის შემადგენლობა დაასახელა. მან 21 ფეხბურთელი გამოიძახა - მათ შორის ერთი დებიუტანტია. ეს გახლავთ ლევერკუზენის ფეხბურთელი ნადიემ ამირი, რომელსაც გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული (6 გოლი). გერმანიის ნაკრებში ასევე გამოძახებულები არიან ლუკა ვალდშმიდტი და ნიკლას შტარკი, რომლებიც სიაში ადრეც იყვნენ, მაგრამ ბუნდესგუნდის ფორმით ჯერ არ უთამაშიათ.

არგენტინასთან და ესტონეთთან მატჩებში ლიოვი ტრავმების გამო ლეროი სანეს (მანჩესტერ სიტი), ანტონიო რიუდიგერს (ჩელსი), ლეონ გორეტცკას (ბაიერნი), ნიკო შულცს (დორტმუნდი), იულიან დრაქსლერს, თილო კერერს (ორივე პსჟ) და კევინ ტრაპს (აინტრახტი) ვერ გამოიყენებს.

ნოიერი თუ ტერ შტეგენი - ლიოვი ყოველი მატჩის წინ რთული არჩევანის წინაშეა

განაცხადშია მანუელ ნოიერიცა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც, რომლებიც ბოლო დროს ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. როგორც იცით, ტერ შტეგენს პირველი ნომრობა უნდა და ნოიერს ღიად ებრძვის. “მეკარეების მწვრთნელ ანდრეას კიოპკესთან ერთად გადავწყვიტე, რომ არგენტინასთან ჩვენს კარს ტერ შტეგენი დაიცავს, ესტონეთთან კი ნოიერი ითამაშებს. ეს ორივე მეკარეს უკვე ვუთხარით,” - განაცხადა ლიოვმა პრესკონფერენციაზე.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), ბერნდ ლენო (არსენალი).

მცველები: მათიას გინტერი (გლადბახი), მარსელ ჰალსტენბერგი (ლაიპციგი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი), ნიკლას შტარკი (ჰერტა), ნიკლას ზიულე (ბაიერნი), ჯონათან თაა (ლევერკუზენი).

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ნადიემ ამირი (ლევერკუზენი), იულიან ბრანდტი (დორტმუნდი), ემრე ჯანი (იუვენტუსი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი), იოზია კიმიხი (ბაიერნი), ტონი კროოსი (რეალი), მარკო როისი (დორტმუნდი), ლუკა ვალდშმიდტი (ფრაიბურგი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

კომენტარები

ბოლო ამბები