Thumbnail

ზედმეტი წონა €1000, ვარჯიშის გაცდენა €3000 - ჯარიმები მადრიდის რეალში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • როგორ ჯარიმებს იხდიან რეალის ფეხბურთელები სხვადასხვა დარღვევებისთვის
  • მადრიდულ კლუბში ყველაზე მკაცრად ვარჯიშის უმიზეზოდ გაცდენისთვის სჯიან

ესპანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, თუ როგორი ჯარიმების გადახდა უწევთ მადრიდის რეალის ფეხბურთელებს დისციპლინის დარღვევისთვის. სამეფო კლუბში ჯარიმები 250-იდან 3000 ევრომდე განისაზღვრება.

როგორც ირკვევა, რეალში ყველაზე მკაცრად მოთამაშისგან ვარჯიშის უმიზეზოდ გაცდენა ისჯება. ასეთ დროს ფეხბურთელს 3000 ევროთი აჯარიმებენ. მადრიდულ კლუბში წესია - მოთამაშეები ვარჯიშის დაწყებამდე, სულ ცოტა, 45 წუთით ადრე უნდა გამოცხადდნენ. 5 წუთით დაგვიანების შემთხვევაში, ფეხბურთელი 250 ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება, 15 წუთის შემთხვევაში კი თანხა ორმაგდება.
 
გასახდელში, ავტობუსსა თუ ფიზიოთერაპევტთან სტუმრობისას, ფეხბურთელებს ტელეფონები უხმო რეჟიმზე უნდა ჰქონდეთ მომართული. მსგავს ადგილებში ტელეფონის ხმამაღალი ზარი მფლობელს 250 ევრო დაუჯდება, მაგრამ წესის რამდენჯერმე დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხამ 500-იდან 1000 ევრომდე შეიძლება მოიმატოს.

ზიდანის ვარჯიშზე დაგვიანებაც კი ჯარიმით ისჯება

თუკი რეალის ფეხბურთელი თავს აარიდებს აწონვას, რომელიც კვირაში ერთხელ სავალდებულოა, 250 ევროთი დაჯარიმდება. ზედმეტი წონის გამოვლენის შემთხვევაში კი ჯარიმა შეიძლება 1000 ევრომდე გაიზარდოს. ასეთი თანხა უნდა გადაიხადოს ფეხბურთელმა, რომელიც უქმე დღეს კლუბის გაუფრთხილებლად მადრიდს დატოვებს. 

ფეხბურთელი ასევე ვალდებულია, აცნობოს კლუბს ინტერვიუსა თუ კომერციული აქტივობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასევე 1000 ევროთი დაჯარიმდება.

მადრიდის რეალი ესპანეთის ჩემპიონატში გასული 7 ტურის შემდეგ, 15 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. ზინედინ ზიდანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა შედარებით წარუმატებლად დაიწყო - ქულა ორ მატჩში და ბოლო ადგილი A ჯგუფში.

კომენტარები

ბოლო ამბები