Thumbnail

სკანდალი თურქეთში - პოლიციამ გერმანელ ფანებს ქრისტიანული სიმბოლოები ჩამოართვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიონხენგლადბახის ბორუსია უეფაში იჩივლებს
  • გერმანელები თურქი პოლიციელების ქცევით აღშფოთებულები არიან

ევროპალიგის მეორე ტურის მატჩი J გუფში, თურქულ ბაშაქშეჰირსა და გერმანულ გლადბახს შორის მეგობრული ანგარიშით, 1:1 დასრულდა, მაგრამ ის, რაც მოედანს მიღმა ხდებოდა, ნამდვილად არ იყო მეგობრული და მიონხენგლადბახური კლუბის ხელმძღვანელები უეფაში ჩივილსაც აპირებენ.

გერმანელებს უკმაყოფილების მიზეზი ჯერ კიდევ მატჩამდე მიეცათ: თურქეთის პოლიციამ მიონხენგლადბახელი ფანები დააშინა და შეურაცხჰყო - სწორედ ასე წერს გერმანული ტაბლოიდი ‘ბილდი’. თურქი სამართალდამცავების ბრალია ისიც, რომ გლადბახის გულშემატკივრები სტადიონზე იმ დროს მივიდნენ, როცა მატჩის დაწყებამდე მხოლოდ 20 წუთი რჩებოდა. არადა, გერმანელი ქომაგები სტადიონზე გაცილებით ადრე მიდიან ხოლმე. და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ მატჩს ჯამში მხოლოდ 5 000 მაყურებელი დაესწრო.

მაინც რა მოხდა და რატომ?

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თურქებმა გერმანელ ფანებს ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე ინდივიდუალურად მისვლა აუკრძალეს. პოლიციამ ისინი აიძულა, ავტობუსებში ჩამსხდარიყვნენ. ორი გერმანელი ფანი დაკავებული იყო - მათ პოლიციელებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა მოგვიანებით ნახეს ვიდეო და დარწმუნდნენ რა, რომ გერმანელებს არაფერი დაუშავებიათ, ორივე ფანი გაათავისუფლეს. 

ამის შემდეგ, გლადბახის გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლის დროს შეექმნათ პრობლემები - ჯერ ჭყლეტაში მოყვნენ, მერე კი პოლიციამ მათ ყველა ისეთი დროშა ჩამოართვა, რომელზეც ქალაქ მიონხენგლადბახის გერბი იყო გამოსახული. მიზეზი: გერბზე ქრისტიანული ჯვარია გამოსახული.

გლადბახის ფანები თავიანთ ჯგუფებში წერენ, რომ პოლიციელები ეუბნებოდნენ, ქრისტიანული სიმბოლოები არასასურველიაო:

“შოკირებული ვარ! ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებთ! უეფას აუცილებლად შევატყობინებთ ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა. ეს პოლიციის დიქტატურაა! ჩვენი ფანები თურქეთში პირველიდან ბოლო წუთამდე ძალიან შეაწუხეს!” - აცხადებს მიონხენგლადბახის ბორუსიას მენეჯერი მაქს ებერლი.

“ეს ყველაფერი აბსოლუტურად მიუღებელია დღეს, როცა ტოლერანტობა ასე მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში,” - ეს ბორუსიას ნახევარმცველის, კრისტოფ კრამერის სიტყვებია.

გოლის ავტორი პატრიკ ჰერმანი კი ამბობს: “ჩვენს მშვიდობიან და მეგობრულ ფანებს აქ ძალიან ცუდად მოექცნენ!”

მიონხენგლადბახის ბორუსიას მენეჯერი მაქს ებერლი

შეგახსენებთ, რომ ბაშაქშეჰირი თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კლუბად მიიჩნევა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს: თურქები ვისკას გოლით იგებდნენ. ჰერმანმა ანგარიში 91-ე წუთზე გაათანაბრა. ორი ტურის შემდეგ, გლადბახი და ბაშაქშეჰირი თითო ქულით მე-3 და მე-4 ადგილებს იყოფენ. ჯგუფის ლიდერები 4-4 ქულით რომა და ვოლფსბერგერი არიან.

📋 მეტი ამ თემაზე

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები