Thumbnail

PREVIEW | დიდი მატჩი ბათუმში - დინამოების დუელი, რომელსაც ყველა დიდხანს ელოდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში გაიმართება მატჩი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა: დინამო ბათუმი დინამო თბილისს უმასპინძლებს. ერთმანეთის წინააღმდეგ ჩემპიონატის ლიდერები წარსდგებიან. ორივე გუნდს 29 მატჩი აქვს გამართული და ორივეს 61 ქულა აქვს. წინ დიდი მატჩია, რომლის შედეგი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

გამარჯვება ნებისმიერ გუნდს ჩემპიონობის მთავარ კანდიდატად აქცევს, ფრე კი მცირე უპირატესობას დინამო ბათუმს დაუტოვებს. თუ გუნდები ჩემპიონატს თანაბარი ქულებით დაასრულებენ, ჩემპიონი აჭარული გუნდი გახდება. საქმე ისაა, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, პრიორიტეტი ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, აქ კი ბათუმს უპირატესობა აქვს. მიმდინარე სეზონში, დინამოები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერ ბათუმმა მოიგო (3:2, 1:0), ხოლო ერთხელ თბილისმა (2:1). მოკლედ, ფრე მცირე უპირატესობას დინამო ბათუმს უტოვებს, თუმცა სეზონის დასრულებამდე ჯერ შორია და კვირას დაგეგმილ შეხვედრას დავუბრუნდეთ.

დინამო ბათუმს ტრავმის გამო სამი ფეხბურთელი დააკლდება: ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი ილურიძე და გურამ ადამაძე. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გია გეგუჩაძის გუნდი სეზონის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. სავარაუდოდ, ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი მშვენიერი ფორმაში მყოფი ლადო დვალიშვილი იქნება, შეტევაში კი მას ფლამარიონ ჯოვინო, გაბრიელ რამოსი და ჯაბა ჯიღაური დაეხმარებიან.

დინამო ბათუმის ფეისბუქის გვერდზე, გუშინ დვალიშვილის ვიდეო გამოჩნდა, სადაც იგი გულშემატკივრის კითხვებს პასუხობს და კლუბის საჩემპიონო ამბიციებზეც საუბრობს.

📺 ტორპედო 1:2 დინამო ბათუმი - ჯოვინოს გამარჯვების გოლი

დინამო თბილისს დისკვალიფიკაციის გამო ნოდარ ქავთარაძე დააკლდება. მსუბუქი ტრავმა ჰქონდა ლევან კუტალიას, რის გამოც საბურთალოსთან თამაში გამოტოვა, მაგრამ მოასწრებს თუ არა ბათუმურ მატჩამდე გამოჯანმრთელებას, უცნობია. მოკლედ, თბილისელთა წინა ხაზზე ან კარიკარის ვიხილავთ, ან კუტალიას. თუმცა, არის მესამე ვარიანტიც: ლევან მჭედლიძე. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ესპანელი მწვრთნელები - ჩისკო და ფელის ვისენტე.

ეროვნული ლიგა დასკვნით ფაზაშია, ანგისას ბაზა კი სეზონის უმთავრესი მატჩისთვის ემზადება. ბათუმი ფეხბურთით ცხოვრობს და ამ მატჩის მოლოდინი ყველგან იგრძნობა. ორი დინამოს დაპირისპირებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ბათუმელი ულტრასები, შავი ზღვის პირატები და საინტერესო პერფორმანსსაც გვპირდებიან. მოკლედ, წინ დიდი მატჩია!

წაიკითხე: მანჯგალაძე: ქუჩაში გვაჩერებენ და გვამხნევებენ... ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს

საჩემპიონო განწყობა

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი)
"დინამოში 7 წელი ვითამაშე და ფეხბურთელების უმეტესობას ვიცნობ. ვთამაშობდი ჩისკოსთან ერთადაც, რომელიც დღეს გუნდის მწვრთნელია. სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და წინ საინტერესო მატჩი გველოდება. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ. ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია, უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე და ისინი ჩვენთვის მე-12 მოთამაშის როლს შეასრულებენ".

თორნიკე გაფრინდაშვილი (დინამო ბათუმი)
"ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას რომ საჩემპიონო თამაში გველოდება. ვინც მოიგებს, დიდ ნაბიჯს გადადგამს მიზნის მისაღწევად. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ თამაშის მერე კიდევ 6 ტურია და ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. მიმდინარე სეზონში, დინამო თბილისი ერთხელ უკვე დავამარცხეთ საკუთარ მოედანზე და ვეცდებით, რომ იგივე შედეგი გავიმეოროთ".

გიორგი ჯანელიძე (დინამო ბათუმი)
"დინამო თბილისი უფრო გამოცდილია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ამ მომენტში, ჩვენ გაცილებით ძლიერი გუნდი გვყავს. დიდი პლუსია, რომ სახლში ვთამაშობთ და გულშემატკივარი დაგვეხმარება 3 ქულის მოპოვებაში. დაძაბული და ხისტი თამაში იქნება. მეტოქეს ორთაბრძოლებში უნდა ვაჯობოთ, რომ გავიმარჯვოთ. აუცილებლად გავხდებით ჩემპიონები".

წაიკითხეცვლილება საქართველოს ნაკრებში – ვაისმა ნავალოვსკი გამოიძახა

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმს ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 7 მატჩი აქვს მოგებული.

⚽ დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 11 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

⚽ დინამო თბილისს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 4 მოგება, 1 ფრე და 0 წაგება აქვს.

⚽ დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

⚽ წელს გუნდები სამჯერ შეხვდენ ერთმანეთს: ორჯერ დინამო ბათუმმა მოიგო, ერთხელ კი დინამო თბილისმა.

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 5:4 დინამო ბათუმის სასარგებლოდ.

⚽ დინამო ბათუმი და დინამო თბილისი სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან და ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - მანჯგალაძე, მამუჩაშვილი - რამოსი, ჯოვინო, ჯიღაური - დვალიშვილი

დინამო თბ. (4-4-1-1): პერალესი - იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო - დაფე, პაპავა, შიშკა, ქიმაძე - ნინუა - კარიკარი

კომენტარები

ბოლო ამბები