Thumbnail
  • ანტუან გრიზმანმა და ერნესტო ვალვერდემ ინტერთან მატჩზე ისაუბრეს
  • ფრანგმა ფორვარდმა ლიონელ მესისთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება

დორტმუნდში უგოლო ფრის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბარსელონა დღეს მილანის ინტერს მასპინძლობს. ‘ნერაძურიმ’ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო - ანტონიო კონტეს გუნდს სერია A-ში ყველა, ექვსივე თამაში მოგებული აქვს და 18 ქულით ლიდერობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბარსასთვის ამ მატჩის მოგება ადვილი არ იქნება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერს კვირას იუვენტუსთან ‘დიდი იტალიური დერბი’ ელოდება. 

დღევანდელი მატჩის წინ, კატალონიური გრანდის ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა ლიონელ მესისთან კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა. “ბევრი ლაპარაკი არც ლეოს უყვარს და არც მე. შესაბამისად, ჩვენი კომუნიკაცია რთულია,” - თქვა ფრანგმა ფორვარდმა მოკლედ. არგენტინელი ამ სეზონში ტრავმამ დატანჯა, რის გამოც გრიზმანს და მესის ერთად ხშირად არ უთამაშიათ. გრიზმანი მიიჩნევს, რომ მესისთან მერე და მერე უფრო შეთამაშდება.

ზოგადად, ფრანგი ფეხბურთელი კატალონიაში თავს კარგად გრძნობს, თუმცა იცის, რომ მისგან გაცილებით მეტს მოელიან და მოითხოვენ: “დრო მჭირდება. კარგად ვარ, მაგრამ ჩემი თამაში უნდა გავაუმჯობესო. ვიცი, რომ შემიძლია, საუკეთესო ფეხბურთელი ვიყო და ისიც ვიცი, რომ ამ მიზნის მისაღწევად შორი გზა მაქვს გასავლელი. თუმცა ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვარ,” - აღნიშნა გრიზმანმა, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 7 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

დღეს გრიზმანი გოლის გატანას ინტერის კარში შეეცდება: “ჩემპიონთა ლიგის მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულია. თანაც, ეს ჩემი პირველი საშინაო მატჩია ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. შესაბამისად, ეს თამაში ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. გუნდური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და 3 ქულა უნდა ავიღოთ, - დასძინა ფრანგმა, - ყველა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს. მე ბევრი ოცნება მაქვს და ერთ-ერთი სწორედ ეს არის.”

მესი და დემბელე განაცხადში

სამშაბათს საღამომდე უცნობი იყო, შეძლებდნენ თუ არა ლიონელ მესი და უსმან დემბელე ინტერთან თამაშს. ახლა კი ცნობილია, რომ ისინი მინიმუმ განაცხადში არიან. ინტერს ორივე მათგანი კარგად იცნობს, რადგან ბარსა ჯგუფში შარშანაც მილანურ კლუბთან ერთად იყო - იტალიაში მატჩი 1:1 დასრულდა, ‘კამპ ნოუზე’ კი ესპანელებმა 3:0 მოიგეს.

“ინტერი წელს სულ სხვა გუნდია. მათ მწვრთნელი, ფეხბურთელები და თამაშის სტილი შეცვალეს. ახლა სხვანაირი ტაქტიკით თამაშობენ. მილანელებმა იტალიის ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყეს, ყველა თამაში მოგებული აქვთ. ჩვენი შარშანდელი დუელები ინტერთან წელს აღარ ითვლება,” - განაცხადა მატჩის წინ ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ და დასძინა: “ეს ინტერი უფრო იმ ჩელსის ჰგავს, რომელსაც ორი სეზონის წინ ვეთამაშეთ.”

ორი წლის წინ, ჩელსიმ და ბარსელონამ ლონდონში 1:1 დააფიქსირეს, ნოუ კამპზე კი ბარსამ 3:0 მოიგო. ინგლისური კლუბის მწვრთნელი მაშინ სწორედ ანტონიო კონტე გახლდათ, რომელმაც ინტერი ამ ზაფხულს ჩაიბარა.

კომენტარები

ბოლო ამბები