Thumbnail

'ჩრდილოეთ ლონდონი წითელია!' - სერჟ გნაბრიმ ტოტენჰემი დატროლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მიუნხენის ბაიერნის 24 წლის ნახევარმცველმა სტუმრად ტოტენჰემთან პოკერი შეასრულა
  • მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა, ტვიტერზე კი საინტერესო პოსტი დადო

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 24 წლის გერმანელი ფეხბურთელის გუნდმა სტუმრად ლონდონში ტოტენჰემი ანგარიშით 7:2 დაამარცხა. სტუმართა 7 გოლიდან 4 სწორედ სერჟ გნაბრიმ შეაგდო, რომელმაც თამაშის შემდეგ ტოტენჰემის ფანებიც დატროლა.

მეტი ამ თემაზე: დიდი სირცხვილი ლონდონში! ბაიერნმა ტოტენჰემს 7 ბურთი გაუტანა

"ასეთი ანგარიშით მოგების შემდეგ ემოციის სიტყვებით გადმოცემა რთულია. მსგავს რამეს ვერცერთი ჩვენთაგანი წარმოიდგენდა. ოთხი გოლი გატანაც ბრწყინვალე შეგრძნებაა. დარწმუნებული ვარ, ეს არსენალის ყველა გულშემატკივარს მოეწონებოდა! ეს ჩვენთვის მშვენიერი შედეგია და შეგვიძლია ამ საღამოს დავტკბეთ", - აქვეყნებს გრანბრის ნათქვამს Football.London

სერჟ გნაბრიმ კარიერა სწორედ ლონდონის არსენალში დაიწყო, რომელიც თანაქალაქელი ტოტენჰემის პრინციპული მეტოქეა. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ტვიტერზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: "ჩრდილოეთ ლონდონი წითელია!!!"

მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ჩატარებული ორივე მატჩი მოიგო (მანამდე ცრვენა ზვეზდასთან - 3:0) და 6 ქულით ლიდერია. ტურნირში მომდევნო შეხვედრას ბავარიელები სტუმრად ბერძნულ ოლიმპიაკოსთან, 22 ოქტომბერს გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები