Thumbnail
  • ექსკლუზიური ინტერვიუ ანტონ პლესნოისთან
  • მის აქტივშია: ოქროს და ბრინჯაოს მედლები მსოფლიოს ჩემპიონატზე

ტაილანდში გამართულ ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ანტონ პლესნოიმ ბრწყინვალედ იასპარეზა: ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში ბრინჯაო. ქართველი გულშემატკივრები პლესნოისგან მედალს ელოდნენ, მაგრამ ასეთი წარმატება მაინც მოულოდნელი იყო. საქართველოს ნაკრების ძალოსანმა popsport.com-ის კითხვებს უპასუხა...

popsport: მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვე, ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაო. თუ ელოდი ასეთ წარმატებას?

პლესნოი: მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოსაპოვებლად გავემგზავრე, მაგრამ წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, რა სინჯის მედალს შეწვდები. ჩვენ ხომ არ ვიცით რამდენ კილოგრამს აწევს ჩინელი, ან კოლუმბიელი ძალოსანი და შესაბამისად, ყველაფერს წინასწარ ვერ დაგეგმავ. ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი იყო ჩემი მიზანი და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. 

popsport: წინ ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშებია. რას პირდები გულშემატკივრებს?

პლესნოი: ევროპის ჩემპიონატზე ქულები უნდა დავაგროვო ოლიმპიური თამაშებისთვის. ორივე ტურნირზე მაღალი მიზნები მექნება. საერთოდ, ნებისმიერ  ჩემპიონატზე მხოლოდ მედლებისთვის ვიბრძვი და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ.

პლესნოიმ 181 კილოგრამი აიტაცა და ოქროს მედალი მოიპოვა

ანტონ პლესნოი მსოფლიოს ჩემპიონია - მან 181 კილოგრამი აიტაცა

ანტონ პლესნოი მსოფლიოს ჩემპიონია - მან 181 კილოგრამი აიტაცა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2019

popsport: გაცილებით უკეთესი შედეგები გაქვს ატაცში, ვიდრე აკვრაში. როგორი სტრატეგია გექნება მომავალში: შეეცდები რომ დააბალანსო ეს სხვაობა, თუ ძლიერ მხარეზე, ატაცზე მოახდენ კონცენტრირებას?

პლესნოი: ატაცში წარმატების მისაღწევად კარგი ტექნიკა და ტონუსია საჭირი, აკვრას კი უდიდესი ძალა სჭირდება. ყველა კომპონენტზე უნდა ვიმუშავო, რომ მომავალშიც მივაღწიო წარმატებას. ეს გზა უალტერნატივოა.  

popsport: საქართველოს ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებ მსოფლიოს ჩემპიონატზე?

პლესნოი: რამდენიმე ძალოსანი ჩემპიონატის დაწყებამდე დაშავდა და შესაძლებლობები ბოლომდე ვერ აჩვენეს. მეტი შეეძლო რევაზ დავითაძესაც და აქაც ტრავმა იყო პრობლემა, თუმცა მთლიანობაში, მან შესანიშნავად იასპარეზა. როგორც ყოველთვის, ფენომენალური იყო ლაშა ტალახაძე. მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზა. თუ ასე გავაგრძელებთ, მომავალში კიდევ უკეთესი შედეგები გვექნება.

popsport: საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძეა. რას იტყვი მასზე?

პლესნოი: გიორგი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც სანაკრებო დონეზე ოდესმე მიმუშავია. არ იცის გამორჩევა და ყველაზე თანაბრად ზრუნავს. თითოეულ ჩვენგანზე თანაბრად ნერვიულობს. ინდივიდიალური მიდგომები აქვს და იცის, ვისთან როგორ იმუშაოს. გვიზიარებს თავის მდიდარ გამოცდილებას და იდეალურად გვამზადებს ტურნირებისთვის. გიორგისთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. 

popsport: უკეთ გააცანი თავი გულშემატკივრებს. როგორ მოხდა შენი საქართველოს ნაკრებში მოწვევა?

პლესნოი: უკრაინის ნაკრებში სერიოზული პრობლემები მქონდა. არ მაძლევდნენ ვარჯიშის და განვითარების საშუალებას. ბოლოს ისიც კი მითხრეს, რომ თუ წინსვლა მინდოდა, პირადი მწვრთნელი უნდა შემეცვალა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. სწორედ ამ დროს, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი დამიკავშირდა და საქართველოს სახელით ასპარეზობა შემომთავაზა. ბევრი ვიფიქრე, რადგან ვიცოდი რომ ამას გარკვეული გართულებები მოყვებოდა, მაგრამ კახიაშვილის და ასანიძის ძალისხმევით, საკითხი დადებითად გადაწყდა. ერთი წელი დისკვალიფიკაცია მქონდა და შემდეგ უკვე საქართველოს სახელით დავიწყე ასპარეზობა. 

პლესნოიმ 213 კილოგრამი აკრა და ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ანტონ პლესნოიმ 213 კილოგრამი აკრა და ბრინჯაო მოიპოვა

ანტონ პლესნოიმ 213 კილოგრამი აკრა და ბრინჯაო მოიპოვა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2019

popsport: როგორ გრძნობ საქართველოს ნაკრებში თავს და ხომ არ გინანია მიღებული გადაწყვეტილება?

პლესნოი: საქართველოს ძალოსნობის ნაკრები არ არის მხოლოდ გუნდი, ეს ერთი ოჯახია. ყველა ერთმანეთს ეხმარება და ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობს. გუნდში ისე მიმიღეს, როგორც ქართველი და აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ მერგო პატივი საქართველოს ნაკრების ღირსება დავიცვა.

popsport: ლაშა ტალახაძის შედეგები ალბათ სტიმულია ნაკრების ყველა წევრისთვის. როგორ ფიქრობ, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი?

პლესნოი: დიდი ხანია ძალოსნობაში ვარ და სპორტის ამ სახეობაზე ბევრი რამ ვიცი. მძიმე წონის სპორტსმენები გვიან იხსნებიან და საუკეთესო შედეგებს 25 წლის მერე აფიქსირებენ. ლაშა 25 წლისაა და ჯერ მხოლოდ იწყება მისი კარიერა. ამ დროს, უკვე უამრავი ტიტული აქვს. ვუყურებ მას და ძალიან რთული სათქმელია, სად გადის მისი შესაძლებობების ზღვარი. ლაშა ჩვენთვის დიდი სტიმულია. 

popsport: კარიერის ბოლომდე საქართველოს ნაკრებში ხედავ საკუთარ თავს?

პლესნოი: სანამ ჯანმრთელობა შემიწყობს ხელი, საქართველოს ნაკრებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. აქ ყველაფერი მომწონს, მიყვარს საქართველო და არსად წასვლას არ ვაპირებ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მიყურებენ, ნერვიულობენ და მამხნევებენ. ვეცდები, რომ გავამართლო მათი იმედები.

კომენტარები

ბოლო ამბები