Thumbnail
  • იუვენტუსისა და ლევერკუზენის მატჩის წინ მთავარი თემა კრიშტიანო რონალდოა
  • პორტუგალიელს გერმანული კლუბების კარში გატანა უყვარს

კრიშტიანო რონალდო აქ, კრიშტიანო რონალდო იქ - ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, რომელშიც ტურინის იუვენტუსი ლევერკუზენის ბაიერს უმასპინძლებს, გერმანული კლუბის მთავარ მწვრთნელ პეტერ ბოშს ჟურნალისტები მხოლოდ პორტუგალიელის შესახებ ეკითხებოდნენ.

“მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი ფეხბურთელის წინააღმდეგ არ ვთამაშობთ,” - თქვა ბოლოს CR7-ზე კითხვებით დაღლილმა ბოშმა, - ჩვენ ვეთამაშებით ძალიან კარგ გუნდს, რომელშიც რონალდოს გარდა კიდევ ბევრი უმაღლესი კლასის ვარსკვლავი თამაშობს.”

ლევერკუზენმა პირველ ტურში, საკუთარ მოედანზე, მოსკოვის ლოკომოტივთან 1:2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ‘ფარმაცევტებს’ სურთ, რომ მერვედფინალში გასვლაზე ოცნების უფლება ჰქონდეთ, ტურინში მინიმუმ ქულისთვის უნდა იბრძოლონ. ბოშიც სწორედ იმას ამბობს, რომ მის გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს და იუვეს უნდა შეუტიოს.

რონალდოსთვის ეს ევროთასებზე 172-ე მატჩი იქნება. 34 წლის პორტუგალიელი გერმანული კლუბის წინააღმდეგ 25-ე მატჩს ჩაატარებს. წინა 24 შეხვედრაში კრიშტიანოს გერმანელებთან საშუალოდ ერთ მატჩში ერთზე მეტი გოლი გაჰქონდა (26 გოლი 24 მატჩში).

✅ დორტმუნდის ბორუსიასთან 9 მატჩში რონალდოს 7 გოლი აქვს.

✅ კრიშტიანომ ბაიერნს 8 მატჩში 9 გოლი გაუტანა.

✅ შალკესთან 4 მატჩში რონალდომ 7 გოლის გატანა შეძლო.

✅ ვოლფსბურგს 2 დუელში 3 გოლი გაუტანა.

❌ ერთადერთი გერმანული კლუბი, რომელსაც რონალდომ ვერ გაუტანა, შტუტგარტია - ზუსტად 16 წლის წინ. მაშინ კრიშტიანო 18 წლის იყო.

📌 ლევერკუზენის წინააღმდეგ რონალდო დღეს პირველად ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები