Thumbnail

CHINA OPEN 2019 | ბასილაშვილმა ტიტულის დაცვა დაიწყო - პელა დამარცხებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი - გუიდო პელა 6:4, 7:6 (7:3)
  • 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პეკინში პირველი წრე წარმატებით დაძლია
  • ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულს 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობაზე გამოსვლა მოგებით დაიწყო. 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც პეკინის ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია, პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში არგენტინელი გუიდო პელა (22) ორ სეტში დაამარცხა.

ბასილაშვილი და პელა ერთმანეთს კარიერაში მეორედ დაუპირისპირდნენ. შარშანდელ აშშ-ის ღია პირველობაზე ქართველმა ჩოგბურთელმა სამხრეთამერიკელს 3-1 მოუგო.

რაც შეეხება ჩინეთის დედაქალაქში, ბრედ დრიუეტის სახელობის კორტზე ჩატარებულ დაპირისპირებას, შეხვედრა საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 7 ეისი მოაწოდა, დაუშვა 6 ორმაგი შეცდომა და 9-იდა 2 ბრეიკ პოინტის რეალიზება შეძლო. არგენტინელის ანგარიშზე 5 ეისი, არცერთი ორმაგი შეცდომა და 8-იდან 1 ბრეიკ პოინტი იყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლეს პეკინის ტურნირი მოიგო

ნიკას ტურნირზე ჯამში 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. პირველ წრეში მოგებით კი მან 45 ქულა უკვე გამოიმუშავა. 

LIVE რეიტინგში ბასილაშვილი 1 440 ქულით 26-ე პოზიციაზეა. შემდეგ წრეში გამარჯვების შემთხვევაში, 1 485 ქულით 25-ე ადგილზე გადავა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი (7) იქნება, რომელმაც პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს (29) სამ სეტში მოუგო - 4:6, 6:3, 6:4. ბასილაშვილისა და ციციპასის შეხვედრა 3 ოქტომბერს, თბილისის დროით დილის 7 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ მეტოქეები წელს ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალშიც შეხვდნენ და გამარჯვება 21 წლის ბერძენს დარჩა - 3:1.

ჩინეთის ღია პირველობა, რომლის საპრიზო ფონდი 3 666 275 აშშ დოლარია, 6 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები